ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაური - ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან
ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაური - ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან

ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან და ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, – ეს განაცხადება ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ ტომპსონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, სრულად თავდაცვითი ხასიათისაა და სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

„2016 წლის აგვისტოდან 2017 წლამდე გახლდით ავღანეთში, ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ობიექტის, ბაგრამის ავიაბაზის მეთაური. ამ დროს მქონდა პატივი მემსახურა საქართველოს 32-ე და 23-ე ბატალიონებთან ერთად. ისინი იცავდნენ ავიაბაზას და ფანტასტიკური სამუშაო გასწიეს. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად კვირაში ერთხელ ვპატრულირებდი და ამიტომ შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და კარგად გაწვრთნილები. ისინი წარმატებით უზრუნველყოფდნენ ბაგრამის ავიაბაზის უსაფრთხოებას.

ქართული ბატალიონი მუშაობდა ჩეხ ჯარისკაცებთან, ასევე ამერიკელ და რუმინელ სამხედროებთან. ჩვენ ერთად ვატარებდით სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციებს, ვეხმარებოდით ავღანელებს და ვასწავლიდით მათ ტერორისტებისგან დაცვას. ქართველები საუკეთესოები არიან, მეტს ვერც კი ვისურვებდი.

საქართველოში მიმდინარე სწავლების მიზანი კრიზისებზე საპასუხო რეაგირების დახვეწაა. ის სრულად თავდაცვითი ხასიათისაა. მსოფლიოში კრიზისები ყველგანაა – ახლო აღმოსავლეთიდან აზიამდე და, რა თქმა უნდა, საქართველოს სიახლოვესაც. ეს სწავლება მიმართულია კრიზისების პრევენციისკენ და ეს საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ეს მათთვისაც სარგებელს მოიტანს“, – განაცხადა ტომპსონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთური მომავალ კვირას საქართველოში მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

გენერალ ლეიტენანტ ჯონ ტომპსონთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ, „საქართველოს რადიოს“ გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.