ეუთო-ს ანგარიში - სომხეთში არჩევნები პლურალისტურ, თუმცა მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, ხშირი იყო პირადი თავდასხმები კანდიდატებს შორის, ფაშინიანი ოპონენტებს კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციით ემუქრებოდა
ეუთო-მ სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს კანდიდატებს შორის რეალური არჩევანი შესთავაზა და მთლიანობაში არჩევნები კარგად ორგანიზებულ პროცესად შეფასდა. ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნიკური მომზადება პროფესიონალურად და ეფექტიანად წარმართა და პროცესის ტექნიკური მხარის მიმართ ნდობით სარგებლობდა.
თუმცა ანგარიშში საუბარია ასევე მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზეც.
„არჩევნები პლურალისტურ, თუმცა მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში გაიმართა. პოლიტიკური დებატების მთავარი თემები იყო მშვიდობასა და ომს შორის არჩევანი, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყნის მომავალი გეოპოლიტიკური კურსის შესახებ განსხვავებული ხედვები. არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური დაყოფა გამოიყენებოდა, როგორც პირდაპირი ზეწოლისა და საგარეო ჩარევის საფუძველი. დოკუმენტის მიხედვით, რუსი მაღალჩინოსნები სომხეთს ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში შესაძლო შედეგებით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას გადაწყვეტდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საუბარი ასევე ეხება ფაშინიანის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ კანდიდატებს ემუქრებოდა კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციით, ასევე კამპანიის დროს ხშირი იყო პირადი თავდასხმები კანდიდატებს შორის.
ანგარიშის თანახმად, მთავრობის თანამშრომლებზე ასევე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
„ამომრჩევლების დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა შეფერხდა პოლარიზებული მედია გარემოთი და მოვლენების მიკერძოებული გაშუქებით, მანიპულაციური ინფორმაციის გამოყენებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.