საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სტამბოლში  

საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი – გლობალური დაძაბულობის ფონზე რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი ძლიერდება. სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრის ადგილი ამჯერად სტამბოლია, რომელმაც დღეს სამმხრივ მინისტერიალს უმასპინძლა.

14 წლის წინ შექმნილი პლატფორმის ფარგლებში მეზობლებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება დღის წესრიგის მთავარი თემა იყო. განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტზე გაკეთდა, რომელიც ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით სამივე ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ზრდის. ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირება, რკინიგზის მოდერნიზების გეგმა, ინფრასტრუქტურის განვითარება – უკვე დაწყებულ პროექტებთან ერთად განიხილეს ახალი პროექტებიც. საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მინისტერიალი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. გადაწყდა, რომ მომდევნო მინისტერიალი თბილისში გაიმართება.

რა შედეგებით დასრულდა შეხვედრები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან – „მოამბე“ სტამბოლიდან – მინისტერიალს ნათია ქენქაძე აშუქებდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერთვება.