მსოფლიოს ამბები - ვიკას პოტა - ლადო აფხაზავა არის არაორდინარული ადამიანი, მას მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. გლობალ თიჩერ 2019ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. 2017 წელს ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ლადო აფხაზავას გამარჯვების შანსებზე ვესაუბრეთ „გლობალ თიჩერ ფრაიზის“ დამფუძნებელ „ვარკეის ფონდის“ თავმჯდომარე ვიკას პოტას.

პირველ რიგში, მინდა გკითხოთ კონკურსისა და მისი პირობების შესახებ. როგორ ირჩევენ მონაწილეეებს და შემდეგ გამარჯვებულებს?

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ დაწესება გადაწყდა იმ მიზნით, რომ პედაგოგებზე მეტი ყურადღება გაგვემახვილებინა.  ჩავთვალეთ, რომ ბოლო წლებში მასწავლებლის სტატუსი მნიშვნელოვნად შეილახა.  მსოფლიო დიდი კრიზისის წინაშეა, რადგან პედაგოგობა თითქმის არავის სურს. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მიგვეცა პლატფორმა ისეთი ადამიანებისთვის, როგორიცაა ვლადიმერი (ლადო) საქართველოდან. იმედია, ქართველი მასწავლებლები მკაფიოდ დაინახავენ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ აქვთ. შესაბამისად, ეს პროფესია უფრო მიმზიდველი გახდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც „მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების“ ორგანიზება გადავწყვიტეთ. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, გვყავს ათიათასობით კონკურსანტი. მათი ნაწილი ნომინირებულია, ნაწილი კი კონკურსში საკუთარი სურვილით მონაწილეობს. ფინალისტების არჩევა ძალიან შრომატევადი პროცესია. ჯერ ვარჩევთ საუკეთესო 50 პედაგოგს, შემდეგ საუკეთესო ათეულს და ბოლოს გამარჯვებულს. თითოეული ეტაპი განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად. რაც მთავარია, შესარჩევ კონკურსს ატარებს ისეთი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია, როგორიც არის PWC.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ ცერემონიის შესახებ, რომელზეც გამარჯვებული გამოვლინდება და როგორი შანსი აქვს ქართველ მონაწილეს?

როდესაც დავაწესეთ „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“, მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება დიდი პლატფორმა მიგვეცა პედაგოგებისთვის. როდესაც ვფიქრობთ დაჯილდოების ცერემონიალზე,  გვახსენდება დიდი ამერიკული შოუები – ოსკარი და გრემი. ვიფიქრეთ, რომ  ძალიან კარგი იქნებოდა, მასწავლებლებსაც ჰქონოდათ ასეთი დაჯილდოება – ოვაციები, ზეიმი. ამ ყველაფერს 24 მარტს დუბაიში მაყურებელი და მონაწილეები აუცილებლად იხილავენ. მასწავლებლები დადგებიან დიდ სცენაზე და მათ ყველა გაიცნობს. სტუმრებს შორის იქნებიან პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მონარქები. ცნობილი სახეები ჰოლივუდიდან და ბოლივუდიდან. სწორედ მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება პედაგოგებზე და უთხრან მსოფლიოს, რომ კარგი მასწავლებლები ყველას სჭირდება. რაც შეეხება ლადოს შანსებს, მას აქვს გამარჯვების ზუსტად ისეთივე შანსი, როგორც დანარჩენ ცხრა ფინალისტს. ამას გადაწყვეტს გლობალური ჟიურის აკადემია, რომელიც აერთიანებს მთელი მსოფლიოდან 2000-ზე მეტ ძალიან პატივსაცემ და სხვადასხვა სფეროში ლიდერებს. აკადემია აუცილებლად აირჩევს საუკეთესოს, თუმცა მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს, თითოეული მონაწილე მასწავლებელი უკვე გამარჯვებულია.

რა მნიშვნელობა აქვს ამ დაჯილდოებას და რა გავლენას ახდენს ის პედაგოგსა და საზოგადოებაზე?

მაგალითად ისევ ლადო უნდა მოვიყვანო. მას ჰქონდა პრობლემები – ის ვერ უხსნიდა ხალხს ბავშვების შრომასთან დაკავშირებულ საკითხებს. ახლა კი მას მხარს მთელი მსოფლიოდან უჭერენ. ყველა ამბობს, რომ ლადო შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ცოტა ხანში იგი სცენაზე დადგება და ხალხი მას მოუსმენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი მაგალითი გვქონდა. მასწავლებლები, რა თქმა უნდა, კვლავ აკეთებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოს ესმის მათი. ესმით განათლების სამინისტროს, მშობლებს, მოსწავლეებს და ეს შესანიშნავია. ჩვენ გვყავს პედაგოგები, ამ შემთხვევაში მხოლოდ გამარჯვებულებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც მთელ მსოფლიოში დადიან და საკუთარი პროფესიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მე ბევრ კონფერენციას ვესწრები და მონაწილეთა შორის ყოველთვის იყვნენ მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ არასდროს – მასწავლებლები. „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ დაწესებამ ყველაფერი შეცვალა. ახლა პედაგოგები დისკუსიის  მთავარი მონაწილეები არიან.

გამარჯვებული სოლიდურ თანხას მიიღებს, საუბარია მილიონ დოლარზე. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ გამოიყენეს ეს თანხა წინა გამარჯვებულებმა?

შემიძლია მოგიყვეთ 2018 წლის გამარჯვებულზე. ეს არის პედაგოგი ლონდონიდან. ის ხელოვნებას ასწავლის. მოგებული თანხით მან საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ანალოგიურად მოიქცა 2017 წლის გამარჯვებული მეგი მაკდონალდი კანადიდან. მას ასევე აქვს ფონდი, რომელიც კანადის მკვიდრ მოსახლეობაში სპორტის განვითარებას ემსახურება. საკუთარი ფონდი დააარსა პალესტინელმა მასწავლებელმაც. ეს არის პერსონალური პრიზი. ასე რომ, რაში დაიხარჯება საპრიზო თანხა, გამარჯვებული პედაგოგის გადასაწყვეტია. თუ ის ამ თანხით სახლის იპოთეკურ სესხს დაფარავს, მას არავინ უსაყვედურებს.

და ბოლოს, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ლადო აფხაზავას გამარჯვება?

ეს ძალიან კარგი კითხვაა. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ლადოს ვიდეო. პირადად მე შეყვარებული ვარ ამ ადამიანში. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ პირადად და მოვისმენ მისი სწავლების სტილის შესახებ, როდის გამიზიარებს შეხედულებებს განათლებაზე. ის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეჭიდა – დემოკრატია, ბავშვთა შრომა, უცხო ენის წიგნები. ლადო აფხაზავა არის არაორდინარული ადამიანი, მას მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს. ის ათეულშია. ჩემი აზრით, თუ ის მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება.