მსოფლიოს ამბები - რუსეთის ავტონომიური ინტერნეტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერნეტის გლობალური ქსელიდან რუსეთის გამორთვის შესაძლებლობა არ გამორიცხა. პუტინმა მოუწოდა მთავრობას, მზად იყოს მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებისთვის. გასულ კვირას კი რუსეთის პარლამენტმა ე.წ. სუვერენული ინტერნეტის შესახებ კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები რუსეთში ინტერნეტის მდგრად მუშაობას შეუწყობს ხელს. ეს იმ შეთხვევაშიც კი, თუ ვინმე გლობალური ქსელიდან რუსეთის გათიშვას მოინდომებს.  კანონის წინააღმდეგ გამოდიან როგორც უფლებადამცველები, ისე რუსული  ბიზნესის წარმომადგენლები და სახაზინო პალატაც კი. რატომ გაჩნდა რუსეთში „ავტონომიური ინტერნეტის“ იდეა, რა დაუჯდება ეს მოსკოვს და შეუქმნის თუ არა ახალი ინიციატივა საფრთხეს რუსეთის მეზობლებს, მათ შორის საქართველოს. ამ საკითხზე ვესაუბრეთ რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ჟურნალისტს და ინტერნეტ მიმომხილველს ალექსანდრ პლუშევს.

 

რუსეთის პარლამენტმა ე.წ. ავტონომიური ინტერნეტის შესახებ კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა, მართლაც შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთი გლობალურ ქსელს სრულად გამოეთიშოს?

ალექსანდრ პლუშევი:  დღეს არსებულ სიტუაციაში ეს შეუძლებელია. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, სადაც 90-იანი წლებიდან ინტერნეტის გავრცელებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, ვგულისხმობ, სერვერები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ძალიან სტიქიურად და უკონტროლოდ ვითარდებოდა. ახლა რუსული ინტერნეტი წარმოადგენს საკმაოდ რთულ ქსელს, რომლის სრულად გაკონტროლება თითქმის წარმოუდგენელია. ეს თავისთავად აშინებთ დეპუტატებს. სწორედ ეს თქვეს დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ და  ჩვენი ხელისუფლების სხვა წევრებმაც. არავინ იცის, ვის ეკუთვნის სადენები, ვინ გაიყვანა კონკრეტული ქსელები. ამიტომ ჩინეთისგან და მაგალითად, ყაზახეთისგან განსხვავებით, რუსეთში ინტერნეტის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. ჩინეთსა და ყაზახეთში არის ერთი პროვაიდერი ან საერთოდ არ არის, თუმცა ხელისუფლებამ იცის, ვის ეკუთვნის ინფრასტრუქტურა და სად გადის უცხოეთთან დამაკავშირებელი კვანძები, ვის ეკუთვნის სერვერები, ეს ყველაფერი რეესტრშია გაფორმებული და დოკუმენტებში გაწერილი. ამიტომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ინტერნეტის ჩამრთველის გათიშვა. რუსეთში კი არავინ იცის, სად არის ეს ჩამრთველი.

თუ ასეა და ამის შესახებ ალბათ დეპუტატებმაც იციან, რომ ინტერნეტის გათიშვა შეუძლებელია, მაშინ რა მიზანს ემსახურება ეს კანონი?

დეპუტატებმა ყველაზე უარესად იციან, როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი. ის, რასაც დეპუტატები საჯაროდ საუბრობენ, რადიკალურად განსხვავდება რეალობისგან. საჯაროდ ამბობენ, რომ ეშინიათ, თუ რუსეთს ინტერნეტიდან გათიშავენ და ამიტომ სურთ, თავად ჰქონდეთ ინტერნეტის გათიშვის შესაძლებელობა. ძალიან უცნაური იდეაა. მათ სურთ, ინტერნეტი ქვეყნის შიგნით კარგად მუშაობდეს. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი მოსკოვიდან სანქტ პეტერბურგში აგზავნის წერილს, საჭიროა უცხოური სერვერები. ეს კარგია, რადგან რაც უფრო გადანაწილებულია ქსელი, მით უფრო მდგრადია კავშირი, ხოლო თუ იარსებებს ცალკე სეგმენტი, ის ვერ იქნება მდგრადი. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს? უსაფრთხოება ამ შემთხვევაში მთავარი მიზეზი არ არის. ყველა ავტორიტარულ სახელმწიფოში, და რუსეთი გამონაკლისი არ გახლავთ, ძალიან კარგად იყიდება შიშები და საფრთხეები, მაგალითად, საფრთხე იმისა, რომ ჩვენ დაგვიპყრობს ამერიკა, საფრთხე იმისა, რომ რუსეთში მოაწყობენ ფერად ან თქვენთვის უფრო ნაცნობ „ვარდების რევოლუციას“, ან საფრთხე იმისა, რომ ჩვენთან საპარალამენტო ოპოზიცია ჩამოაყალიბებს უმრავლესობას და ხალხი მას გაჰყვება, როგორც ეს სომხეთში მოხდა და უამრავი სხვა ასეთი საფრთხე. ინტერნეტი არის ასეთი საფრთხე და ამის მაგალითად მოჰყავთ „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენები, რომელშიც გარკვეული როლი შეასრულა ინტერნეტმაც. ამავე დროს, ხალხიც რაღაც დოზით გრძნობს ინტერნეტის ძალას. მაგალითად, მათ დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ რუსეთმა შეძლო გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ის არჩევნებზე.  შემდეგ დაფიქრდნენ, ჩვენ თუ შეგვიძლია ასეთი ზეგავლენის მოხდენა, მაშინ მათაც ხომ აქვთ ამის შესაძლებლობა, ამიტომ აუცილებელია დამცავი ზომების მიღება. აი, ეს შიში, რომ ინტერნეტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქმედ ხელისუფლებას, ძალიან კარგად იყიდება. ცხადია, რომ კანონით დასახული ამოცანების შესრულებას დასჭირდება ფული. საგულისხმოა, რომ ჯერ არავინ ამბობს, რამდენი თანხაა საჭირო. სახელდება რადიკალურად განსხვავებული ციფრები – 2 მილიარდი რუბლი, 20 მილიარდი რუბლი და 160 მილიარდი რუბლი წელიწადში, რაც სოლიდური თანხაა. გასაგებია, რომ მადა ჭამაში მოდის, ამიტომ, ჩემი აზრით, საქმე ფულშია, ამ კანონით შეიძლება დიდი შემოსავალი მიიღო.

მოდით საკითხი ასე დავსვათ, სჭირდება კი გლობალურ ინტერნეტს რუსული სეგმენტი?

გლობალურ ინტერნეტს  ყველა სეგმენტი სჭირდება. თუმცა, ცხადია, რომ გლობალური ქსელი ნებისმიერი ერთი სეგმენტის გარეშეც გაძლებს. მეტიც, გლობალური ინტერნეტი თავისუფლად იარსებებს რამდენიმე ასეთი სეგმენტის გარეშეც. საერთოდ რთული სათქმელია, რა არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც ვერ იმუშავებს  გლობალური ქსელი. სამყარო დაინტერესებულია, რომ ქსელი იყოს გადანაწილებული, ინტერნეტში იყოს რუსეთიც, ჩინეთიც, საქართველოც, სირიაც და ყველა ქვეყანა, რათა ტრაფიკი მოძრაობდეს იოლად და სწრაფად. ეს აუცილებელია, რომ ავარიას, ჰაკერულ თავდასხმას, ტექნოგენურ თუ ბუნებრივ კატასტროფას ინტერნეტის გლობალური გათიშვა არ მოჰყვეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ინტერნეტიდან ერთი ნაწილის ამოჭრა და ტრაფიკი რუსეთს გვერდს აუვლის, მარგამ ეს ინტერნეტს კარგს ვერაფერს მოუტანს.

 

და მაინც, რუსეთი ინტერნეტის გლობალურ ქსელს თუ მაინც გამოეთიშება, როგორ აისახება ეს რუსეთის სამეზობლოზე –  საქართველოზე, სომხეთსა, აზერბაიჯანზე?

კარგი კითხვაა. საქართველოს შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ სომხეთს რაც შეეხება, ვიცით, რომ დაზარალდა, როდესაც რუსეთში სხვადასხვა კონტენტის ბლოკირება მოხდა. ვებ გვერდების ნაწილი, რომელიც რუსეთში აკრძალეს, სომხეთში გაითიშა. ეს იმის გამო მოხდა, რომ სომხეთი ინტერნეტ ტრაფიკს რუსული პროვაიდერების გავლით იღებს. ჩემი ინფორმაციით, სომხეთი თითქმის 100 პროცენტითაა დამოკიდებული რუსეთზე. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ თქვენი სისტემა თუ გადანაწილებული არ არის, გარე ფაქტორებმა შეიძლება დაგაზარალოთ. ამ შემთხვევაში მე სომხეთს არ ვადანაშაულებ, რადგან არ ვიცი, რის გამოა ასე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. შესაბამისად, ამ სიტუაციაში, როდესაც გლობალური ქსელიდან რუსეთის გათიშვა იგეგმება, მის სიახლოვეს მყოფი ქვეყნებისთვის გარკვეული რისკი ჩნდება. საქართველოსა და სომხეთის შემთხვევაში ეს კითხვა ტექნიკურმა სპეციალისტებმა აუცილებელად უნდა დასვან.

ინტერნეტი დღეს  არის სიტყვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი კანონის მიღების შედეგად რუსეთში ამ კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება?

რუსეთის ხელისუფლება კონტროლის გამკაცრების ტენდენციას უკვე 19 წელია არ ღალატობს. ახლაც არაფერი იცვლება. რუსეთში არ მოსწონთ სიტყვის თავისუფლება და თანამიმდევრულად ებრძვიან მას. ეს ვექტორი არ იცვლება. სხვა საქმეა, რომ ინტერნეტზე დიდ იმედებს ამყარებენ. ალბათ საქართველოშიც გსმენიათ „ტელეგრამის“ შესახებ,  რუსეთში ის უკვე თითქმის ერთი წელია ბლოკირებულია, მაგრამ მაინც მუშაობს. მას უამრავი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის არიან კრემლის მაღალჩინოსნებიც. ეს საოცარია ფაქტია, რადგან ის ცოცხალია იმ პირობებში, როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს მესინჯერის ბლოკირებისთვის. ჩვენ ვიხილეთ, რომ „ტელეგრამის“ დევნის პირობებში, რუსეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქსელი. ამ ფონზე არ მუშაობდა გუგლის საძიებო სისტემა, არ მუშაობდა „სბერბანკიც“. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა ვერც კანონით დასახულ ამოცანებს შეასრულებს და უბრალოდ, ყველაფერს გააფუჭებს. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, რადგან რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტით სარგებლობს და ამას ვერ კი ამჩნევს. მაგალითად,  საქართველოში იყო დრო, როდესაც ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ. ასევეა რუსეთში ინტერნეტის შემთხვევაშიც. სანამ ის არის, არავინ ამჩნევს, რომ ის საჭიროა, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები როდესაც დადგებიან ფაქტის წინაშე, ფულს ვერ გადარიცხავენ ბანკით, რადგან ინტერნეტთან კავშირი არ ხდება, მაშინ ეს შეაწუხებს ყველას, მათ შორის, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებსაც.