ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს

ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს. ლიტვაში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი შეხვედრის შემდეგ კომენტარს გააკეთებს. საგარეო უწყებებში რუსი დიპლომატების დაბარების მიზეზი უცნობია, თუმცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთიდან 23 დიპლომატის გაძევების შემდეგ მიიღეს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ელჩი დაიბარეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ოფიციალურმა ლონდონმა დიპლომატები, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ გააძევა. ევროკავშირის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სერგეი სკრიპალი 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ლონდონმა ორმაგი აგენტის მოწამვლაში მოსკოვი დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.