ოლაფ შოლცის ინიციატივა

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის გაფართოებისთვის, არამარტო გაწევრიანების კანდიდატები, არამედ თავად ევროკავშირიც უნდა მოემზადოს. ამ თემაზე საუბარს შოლცი 23-24 ივნისს ევროკავშირის დაგეგმილ სამიტზე აპირებს. გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ სამიტი სტიმულს მისცემს იმ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან. მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე, 27 ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს განიხილავენ. ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალურ კანდიდატ ქვეყნებად გამოცხადებას რეკომენდაცია გაუწია, რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ჩვენს ქვეყანას რიგი რეფორმების გატარება მოუწევს.