ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ. „ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც დგას რუსეთის ქმედებების შედეგად, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ.“- წერია ტექსტში.
ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს. ევროკავშირის ლიდერები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს მიშელი.
ევროპული საბჭოს ლიდერმა თქვა, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს.