იოსი მეკელბერგი - ისრაელი შეეცდება, დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, „ჰამასს“ კი სურს აჩვენოს, რომ ძალუძს პასუხი გასცეს ისრაელს, ამის შედეგია დაძაბულობის ესკალაცია, რაც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება | მსოფლიოს ამბები
იოსი მეკელბერგი - ისრაელი შეეცდება, დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, „ჰამასს“ კი სურს აჩვენოს, რომ ძალუძს პასუხი გასცეს ისრაელს, ამის შედეგია დაძაბულობის ესკალაცია, რაც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება | მსოფლიოს ამბები

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი ახალი ძალით გამწვავდა. ისრაელის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ იერუსალიმიდან არაბი მოქალაქეების გასახლება უნდა მოხდეს, თავდაპირველად ქუჩის შეტაკებებში, შემდეგ კი მოძრაობა „ჰამასისა“ და ისრაელის ორმხრივ სარაკეტო დარტყმებში გადაიზარდა. დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლი არის ორივე მხარეს. ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი ისრაელში, რაც შესაძლოა, ბოლო ორ წელიწადში მეხუთე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდეს.

ამ თემაზე ვესაუბრეთ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარს იოსი მეკელბერგს.

როგორ აფასებთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას?

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის გამწვავებულ ურთიერთობებს. მოვლენებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე კვირაა ვადევნებთ თვალს, ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ეს კონფლიქტი თითქმის ას წელს ითვლის. ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ სერიოზული გამწვავება, განსაკუთრებით რამადანის დროს, როდესაც პოლიცია ხისტად ეპყრობოდა პალესტინელებს. მათ ბარიერები დაამონტაჟეს იერუსალიმის ძველი ნაწილის ერთ-ერთ კარიბჭესთან. ასევე ვიხილეთ ისრაელელი ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციები, რაც პალესტინელების პროვიცირებას ახდენდა. დაძაბულობის ესკალაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პალესტინელებს არ მისცეს უფლება პალესტინაში დაგეგმილ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მართალია, ეს არჩევნები უკვე გადაიდო, მაგრამ მაინც. სულ ბოლოს კი იყო იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შეიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების გეგმა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი პალესტინელი გააბრაზა, რასაც მოჰყვა ძალადობა. ამ მოვლენების ბოლო ფაზაში პალესტინურმა სამხედრო დაჯგუფება „ჰამასმა“ სცადა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში უკანასკნელი მეომრის და მედროშის როლი მოერგო. ამას მოჰყვა სარაკეტო დარტყმები, სამწუხარო ქცევაა. ერთი მხარის მიერ რაკეტების გასროლას მოჰყვა მასობრივი საპასუხო დაბომბვა ისრაელის მხრიდან. ახლა ჩვენ ამ დაპირისპირების შუა წელში ვართ, რომელსაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს დაპირისპირება სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს?

ჩემი აზრით, მხარეები ახლა ჩიხში არიან, ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაპირისპირება გაგრძელდება. ორივე მხარემ ფსონები მაქსიმალურად გაზარდა. ორივეს სურს გამარჯვებული გამოვიდეს ამ ბრძოლიდან. თუმცა, ცხადია, რომ ამ ბრძოლას მოგებული არ ეყოლება. ეს ბრძოლა შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მოიძებნება კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა. ამავე დროს, ისრაელი შეეცდება, დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, ხოლო „ჰამასს“ სურს აჩვენოს, რომ მას ძალუძს პასუხი გასცეს ისრაელს. ამის შედეგია დაძაბულობის ესკალაცია, რაც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ეს უკვე არის სამხედრო ოპერაცია, რადგან ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს და ავიაიერიშებს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას, ისრაელი მას განიხილავს და სიტუაცია თუ გაუარესდება, ისინი სახმელეთო ძალებს გამოიყენებენ, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და ხანგრძლივ ოპერაციას უარესი შედეგი მოჰყვება.

ჩვენ ვნახეთ დაპირისპირება არაბებსა და ებრალებს შორის ქალაქ ლოდში, როგორ ფიქრობთ, ისრაელის შიგნით სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს?

ის, რაც ახლა ხდება, კოშმარული სცენარია ისრაელისთვის, რადგან „ჰამასი“ ღაზას სექტორში, პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ასევე არაბი ისრაელელები, რომლებიც ასევე არიან პალესტინელები, ერთ პოზიციაზე დგებიან. ისრაელის ებრაელი მოქალაქეების ნაწილი ცხოვრობს ილუზიებით, რომ მათ არაბ თანამოქალაქეებს არ აქვთ კავშირი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებთან. ებრაელები ფიქრობენ, რომ მათ არაბ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პალესტინელების ბედი და უფრო მეტად აღელვებთ ისრაელში მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. საერთო ჯამში შესაძლოა ეს ასეც იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აღარ აინტერესებთ, რა მოხდება ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროზე და ცხადია, აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც რამადანის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია, ამიტომ არაბი ისრალელების ნაწილი გამოხატავს სოლიდარობას პალესტინელების მიმართ, მეორე ნაწილი კი გამოთქვამს უკმაყოფილებას, როგორ ექცევიან მათ ისრაელში, რადგან მათ ექცევიან როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს. 2018 წელს მიღებული სახელმწიფო კანონით, ასეთი მოპყრობა კანონიერი გახდა. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოხატავენ ისრაელელი პალესტინელები ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ ბრაზს და უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ.

თქვენ ახსენეთ არჩევნები პალესტინაში, რამდენად ძლიერია „ჰამასის“ პოზიციები, რამდენად უჭერენ მას მხარს პალესტინელები?

„ჰამასს“ სოლიდური მხარდაჭერა აქვს. ეს სოციოლოგიურ კვლევებშიც ჩანს. ისინი ვერ მოიგებდნენ არჩევნებს, მაგრამ ჩამოაყალიბებდნენ ძლიერ უმცირესობას და ექნებოდათ გავლენა პალესტინის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ არ სურდა მაჰმუდ აბასს არჩევნების ჩატარება. უნდა ითქვას, რომ ისრაელის მთავრობამ ფაქტობრივად აბასის წისქველზე დაასხა წყალი, როდესაც ისრაელელ არაბებს პალესტინის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მიუხედავად ამისა, ახლა ღაზას სექტორში ბევრი აცნობიერებს, რომ „ჰამასი“ მათ ინტერესებს არ ემსახურება. ძალიან საინტერესო იქნება, ამის შემდეგ როგორ აისახება ეს ამომრჩევლების ხმებში, თუ პალესტინაში საერთოდ ოდესმე ჩატარდება არჩევნები. მოძრაობა „ჰამასი“ არის პრობლების ნაწილი, მაგრამ თუ „ჰამასი“ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში საკმარის მხარდაჭერას მიიღებს, ის უნდა იყოს აღიარებული პალესტინის პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურ ნაწილად. ცხადია, კონკრეტული პირობებით, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა პარტიას მოეთხოვება. მათ შორის მათ არ უნდა გამოიყენონ ძალა, უარი უნდა თქვან სამხედროებზე და უნდა დაემორჩილონ პალესტინის კანონს. მე არ მგონია, რომ „ჰამასი“ ახლა ისეთი ძლიერი იყოს, როგორც წარსულში. არც ის მგონია, რომ ეს კონფლიქტი „ჰამასს“ გააძლიერებს, რადგან ღაზას მცხოვრებლები დაიღალნენ ტანჯვით.

რა ბერკეტები აქვს დღეს დასავლეთს, ან საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მხარეებს სამშვიდობო ზავისკენ უბიძგოს?

ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ცოტას აკეთებს, ამიტომ ჩნდება სასოწარკვეთილება. გაეროს უშიშროების საბჭოს დიდი ხნის წინ უნდა მიეღო რეზოლუცია, რომელშიც მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. უკვე უნდა მიმდინარეობდეს ინტენსიური სატელეფონო მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორს, ასევე მოსკოვთან და ყველა სხვა დედაქალაქთან, რომელსაც აქვს რაიმე გავლენა მხარეებზე, რათა გააგებინონ, რომ ის, რაც ხდება, მიუღებელია. ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რეგიონული სახელმწიფოების ჩარევა. ჩვენ გვახსოვს, რომ წარსულში ეგვიპტემ მოახერხა შეთანხმების მიღწევა ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის. ჩემი აზრით, ეს ახლაც უნდა მოხდეს. ახლა, როდესაც ისრაელმა გააუმჯობესა ურთიერთობები სპარსეთის ყურის ზოგიერთ სახელმწიფოსთან, ამ ქვეყნებს შეუძლიათ, სთხოვონ ისრაელს არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა, ხოლო ყატარმა, რომელსაც ახლო ურთიერთობები აკავშირებს „ჰამასთან“, უნდა მოახდინოს ზეწოლა მათზე, რათა დაპირისპირება შეწყდეს. დაპირისპირების თითოეული მომდევნო დღეს მოაქვს სიკვდილი და ნგრევა ორივე მხარეს.

მინდა გკითხოთ იმ განსხვავებაზე, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ აქვთ ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციებს…

არ ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საერთოდ რაიმე პოზიცია გააჩნდა. ის იყო ქაოტური, ანარქიული და ზიანის მომტანი. ტრამპის პოლიტიკა არ იყო თანმიმდევრული. ის მიჰყვებოდა ისრაელის მთავრობის სურვილებს, მაგრამ ხშირად უფრო მეტსაც აკეთებდა. მისი პოლიტიკა დაფუძნებული იყო უცოდინრობაზე. ახლა შედარებით ლოგიკურ და რაციონალურ პერიოდში ვართ. ახლა კითხვა შემდეგია – დაინტერესებულია კი ბაიდენის ადმინისტრაცია საერთოდ ისრაელ-პალესტინის საკითხის მოგვარებაში ჩართვით? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ჯონ კერის ინიციატივა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ეხებოდა, ჩავარდა, რამდენად სურთ ვაშინგტონში პოლიტიკური კაპიტალის წარუმატებელ საქმეებში დაბანდება? თუმცა ზოგადი მიდგომა, ტრამპთან შედარებით, გაცილებით დაბალანსებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეცვალა ტრამპის ზოგიერთი წარუმატებელი პოლიტიკა. ახლა შეინიშნება დაახლოება ვაშინგტონსა და პალესტინელებს შორის, თუმცა ძალიან მცირე მასშტაბით. ტრაგიკული ირონიაა, რომ შესაძლოა ის მოვლენები, რაც ახლა ხდება, სტიმულს მისცემს ვაშინგტონს, რათა აშშ-ში გააცნობიერონ, რომ ისინი უნდა იყვნენ ჩართულები ისრაელ-პალესტინის პრობლემის მოგვარებაში. პრეზიდენტმა ობამამ მისი ვადის ამოწურვის დროს თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად როდესაც სამსახურს იწყებ, ყოველთვის ფიქრობ, რომ თავს აარიდებ ახლო აღმოსავლეთს, თუმცა საბოლოოდ ის მაინც ჩაგითრევს. შეიძლება ასე მოხდეს დღესაც, თუმცა ჯერ ამის თქმა ნაადრევია.

ბოლოს გკითხავთ ისრაელის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. როგორც ცნობილია, ქვეყანა მეხუთე რიგგარეშე არჩევნების ზღვარზე დგას…

ისრაელის პოლიტიკაში არსებულ ქაოსს ყველა ხედავს. როდესაც ორ წელიწადში ოთხ არჩევნებს ჩაატარებ და მაინც ვერ შეძლებ მთავრობის ფორმირებას, ეს აჩვენებს ამ კრიზისის მთელ სიღრმეს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწია მთავრობის ფორმირების მანდატი დაებრუნებინა მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იაირ ლაპიდისთვის. ისრაელის პოლიტიკური სისტემის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობის ფორმირება დავალებული აქვს ლაპიდს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა სულ სხვა პარტიის წევრმა დაიკავოს, რაც შეიძლება კვლავ პოლიტიკური დაძაბულობით დასრულდეს. ასე რომ, ეს ქაოსია. ჩემი აზრით, რაც ახლა იერუსალიმსა და ღაზას სექტორში მოხდა, ისრაელის ნებისმიერ მთავრობას იდენტური რეაქცია ექნებოდა. რაც შეეხება ნეთანიაჰუს, მას ჰგონია, რომ ის, რაც ახლა ხდება, ბოლო შანსია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არ მგონია, რომ მან განზრახ გამოიწვია ყველაფერი, თუმცა მისმა პოლიტიკამ შესაბამისი პირობები ნამდვილად შექმნა. ამასთან, ეს დაპირისპირება სავარაუდოდ ნეთანიაჰუს წისქვილზე ასხამს წყალს. ასევე იმ ხალხის წიქვილზე, ვინც ფიქრობს, რომ კრიზისის დროს ქვეყანას ნეთანიაჰუ უნდა მართავდეს.

მსოფლიოს ამბები

დატოვე კომენტარი