სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გასული ღამე ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა.
ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ისრაელის არმიის დარტყმებს, საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩართული იყო საჰაერო განგაშის სიგნალიც, თუმცა თავდაცვის სისტემამ რაკეტების მოგერიება შეძლო. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რეგიონში სერიოზულმა ესკალაციამ, განსაკუთრებით დონალდ ტრამპი გააღიზიანა, რომელმაც მხარეების ქმედებები უმეცრებად შეაფასა და მათ ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ირანის ხელმძღვანელობასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერის მწვავე კრიტიკის ადრესატი, ბენიამინ ნეთანიაჰუც გახდა. გავრცელებული ცნობებით, ტრამპთან დაძაბული სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა. მოწოდება გაიზიარეს თეირანშიც, თუმცა დარტყმების განახლების შემთხვევაში მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრნენ. ცეცხლის ამ ეტაპზე შეწყვეტილია, თუმცა დაძაბულობამ საწვავის ფასზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა.