იქნება თუ არა გარღვევა ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში – პაკისტანის მეშვეობით ვაშინგტონში ირანის ახალი წინადადებები გაიგზავნა.
14-პუნქტიან ტექსტზე მედიას ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ანონიმური წყაროების საშუალებით აქვთ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამერიკული სანქციების მოხსნაა. ეს არის პასუხი ამერიკიდან მანამდე მიღებულ შენიშვნებსა და ჩასწორებულ პუნქტებზე და პირველი არაპირდაპირი კომუნიკაცია ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ჰორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ომის მშვიდობიანი გზით დასრულების დიპლომატიურ ძალისხმევას თან მუქარისშემცველი გზავნილები ერთვის. ირანის ხელისუფლება მსოფლიოს ჰორმუზის სრუტეში ამერიკული საზღვაო ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელ ზიანზე აფრთხილებს და ვაშინგტონს პირდაპირ ეუბნება, რომ სამხედროები დაპირისპირებისთვის მზად არიან. მედიის ცნობით, დროებითი ზავის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების გაგრძელების სცენარს განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტიც. ტრამპი ირანს მის სამშვიდობო გეგმაზე დროულად დათანახმებისკენ მოუწოდებს. თუმცა ფაქტია, რომ ირანზე საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი არხით ზეწოლა და მუქარა არ ჭრის.