საპროტესტო აქციები და არეულობა ბელფასტში

გაერთიანებული სამეფო მასშტაბურმა პროტესტმა და მღელვარებამ მოიცვა.

იმიგრანტის მიერ ადგილობრივი მოსახლის დანით დაჭრას ქალაქ ბელფასტში, ლონდონში და შოტლანდიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელფასტში, სადაც ძალადობრივი აქციების დროს საზოგადოებრივ ქონებას ცეცხლი წაუკიდეს. დაპირისპირებისა და არეულობის შედეგად არიან დაშავებულები. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სუდანელი მამაკაცი დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოს წინაშე წარდგა – მას მკვლელობის მცდელობაში, საჯაროდ ბასრი საგნის შენახვასა და მკვლელობით მუქარაში ედება ბრალი. სუდანელი იმიგრანტი ბრიტანეთში 2023 წელს ჩავიდა და დროებითი ბინადრობის უფლება მიიღო. დანით თავდასხმის მსხვერპლის ოჯახი მშვიდობიან პროტესტს ემხრობა და ძალადობრივ ქმედებებს გმობს. დიდი ბრიტანეთის საემიგრაციო პოლიტიკა ბოლო პერიოდში მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია – ბოლოდროინდელმა რამდენიმე შემთხვევამ ვნებათაღელვა და პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა.