ათასობით შესწავლილ ვარსკვლავს შორის, ასტრონომებმა ექვსი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ატმოსფეროში უცნაურ ელემენტთა კვალი გამოავლინეს.
ნორმალურ გარემო პირობებში, ეს ელემენტები ვარსკვლავის წიაღში დიდი ხნის წინ უნდა გამქრალიყო.
ატმოსფეროში მათი არსებობა მიუთითებს, რომ ეს ექვსი ვარსკვლავი „საკვებს“ იპარავს „ქვაბიდან“, რომელიც დედამიწის მსგავსი პლანეტებითაა სავსე.
„დავადგინეთ, რომ ჩვენ მიერ შესწავლილთაგან რამდენიმე წითელი ჯუჯა ვარსკვლავი შეიცავს ლითიუმს — ქიმიურ ელემენტს, რომელიც იქ არ უნდა იყოს. შესაბამისად, ლითიუმის მცირე რაოდენობაც კი აშკარად გამოკვეთილად ჩანს, დაახლოებით ისე, სუფთა ტილოზე რომ საღებავი წაუსვათ“, — ამბობს ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის ასტრონომი რობინ ჯეფრისი.
კოსმოსში კრიმინალურ სცენებში იშვიათადაა მტკიცებულებები სხეულების სახით.
როცა ვარსკვლავები პლანეტებს ჭამენ, როგორც წესი, მტკიცებულება მსხვერპლთან ერთად ნადგურდება. ამიტომ, ასტრონომებს უწევთ ოდნავ მინიშნებებზე ნადირობა — ქიმიურ კვალზე, ვარსკვლავის უჩვეულო ქცევაზე და კოსმოსური ხრიკების სხვა შემორჩენილი ნიშნებზე.
ამ ნიშნების ძებნის სასამართლო ექსპერტიზას თავისი სპეციალური ტერმინი აქვს: ნეკროპლანეტოლოგია.
როგორც წესი, ნეკროპლანეტოლოგია ტარდება მკვდარ ან მომაკვდავ ვარსკვლავებზე, რომელთა შესიებული გარე შრეები ან კარგად დახასიათებული ქიმიური შემადგენლობა ასეთი კვალის შემჩნევას უფრო აადვილებს.
წითელი ჯუჯა ვარსკვლავები სულაც არ იმყოფებიან სიცოცხლის ბოლო ეტაპებზე. ისინი შედარებით პატარა, ცივი და მკრთალი ვარსკვლავებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნელა წვავენ საკუთარ საწვავს, ვიდრე ცხელი, უფრო მასიური ვარსკვლავები.
მზის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 მილიარდი წელია. წითელი ჯუჯა ვარსკვლავების კი ათეულობით მილიარდიდან ტრილიონობით წლამდე.
ახლა, როცა სამყარო 13,8 მილიარდი წლისაა, ჯერ არ არსებობს საკმარისად ხნიერი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იქნებოდა.
თუმცა, წითელი ჯუჯების შესახებ არსებობს რაღაც, რაც მათ ნეკროპლანეტოლოგიის მთავარ სამიზნეებად აქცევს.
დაბალმასიანი ვარსკვლავები ლითიუმს სწრაფად და ეფექტიანად შლიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი წითელი ჯუჯას ატმოსფეროში ახალი ლითიუმი გამოჩნდა, ის იქ ახალი მოხვედრილი უნდა იყოს.

ეს კი თავის მხრივ მას ვარსკვლავის მიერ პლანეტაზე ძალადობის შესანიშნავ საკვლევ ობიექტად აქცევს.
ჯეფრიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ სპექტრომეტრ GES-ის მონაცემები; ეს ინსტრუმენტი აგროვებდა მონაცემებს ირმის ნახტომის ათასობით ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლობის შესახებ.
მკვლევრები ეძებდნენ ვარსკვლავთგროვებს, რადგან გროვები იბადებიან ვარსკვლავთწარმომქმნელი მასალის ერთი და იმავე ღრუბლიდან; მათში შემავალ ვარსკვლავებს ძლიერ მსგავსი ქიმიური თვისებები აქვთ.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წითელი ჯუჯები ახალგაზრდობაში სწრაფად ანადგურებენ ლითიუმს. ამ კვლევაში შესწავლილ ვარსკვლავთა ასაკის გამო, მათში წარმოქმნის პერიოდიდან შემორჩენილი ნებისმიერი ლითიუმის კვალი მთლიანად წაშლილი უნდა იყოს.
ამის გამო, გაცილებით ადვილია ისეთი ვარსკვლავის შემჩნევა, რომელმაც ახალი ლითიუმი შემდეგში მიიღო, ვიდრე ეს იზოლირებული წითელი ჯუჯას შემთხვევაში იქნებოდა. თუკი გროვაში შემავალ წითელ ჯუჯა ვარსკვლავს ლითიუმის შემცველობა აქვს, მაგრამ მის და-ძმებს არა, მისი ახლოდან შესწავლა უკვე ღირს.
როდესაც მათ კვლევა დაავიწროვეს მხოლოდ ისეთ ვარასკვლავებამდე, რომლებსაც შეიძლება ლითიუმის ხელწერა ჰქონოდათ, დარჩათ მხოლოდ 318 წითელი ჯუჯა. მათგან ექვსს იმაზე მეტი ლითიუმი აღმოაჩნდა, ვიდრე უნდა ჰქონოდათ.
შემდეგი ნაბიჯი იყო ლითიუმის ხელწერის სხვა შესაძლო ახსნების გამორიცხვა.
მაგალითად, ახლად დაბადებულ ვარსკვლავს ხანდაზმულზე მაღალი ლითიუმის დონე უნდა ჰქონდეს; ასევე შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი უკვე არსებულ გროვაში შევიდეს და ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ის სულ იქ იყო. ვარსკვლავთა მოძრაობებმა და ფერებმა ასეთი რამ გამორიცხა — ექვსი ვარსკვლავიდან ყველა თავის მშობლიურ გროვაში იმყოფებოდა.
კიდევ ერთი შესაძლებლობა ისაა, რომ ვარსკვლავის რაღაც ქცევამ მას ლითიუმის დაშლაში შეუშალა ხელი. მაგალითად, ძლიერ სწრაფად ბრუნვამ ან ძლიერმა მაგნიტურმა აქტივობამ შეიძლება შეცვალოს ვარსკვლავის მიერ ლითიუმის შერევა და დაწვა.
აქ უკვე ჩიხს მიადგნენ. ეს ვარსკვლავები საერთოდ არ იყვნენ უჩვეულოდ აქტიურები და მიეკუთვნებოდნენ თავიანთ გროვაში ყველაზე ნელა მბრუნავთა რიგებს.
საბოლოო კითხვა იყო, შეიძლება თუ არა დაკვირვებებით ნანახი აეხსნა მათ მიერ ლითიუმის ბოლო პერიოდში მიღებას. მკვლევართა მოდელებმა აჩვენა, რომ ექვსივე ვარსკვლავში ლითიუმის სიგნალი შეესაბამებოდა იმას, რომ ეს ელემენტი ახლად იყო მიღებული.
ცნობილია, რომ პატარა კლდოვანი პლანეტები უხვადაა წითელ ჯუჯათა გარშემო და ვიცით ისიც, რომ ზოგიერთ ვარსკვლავს საკუთარი პლანეტების შთანთქმა შეუძლია. გამოთვლები მიუთითებს, რომ ამ ექვს ვარსკვლავში შემჩნეული ლითიუმის სიგნალის ასახსნელად საჭირო უნდა ყოფილიყო ვარსკვლავის მიერ 3-დან 10 დედამიწის მასამდე ოდენობის პლანეტის შთანთქმა.
ეს ნეკროპლანეტოლოგიისთვის ყველაზე აშკარა დასტურია.
თუმცა, ეს შეიძლება უჩვეულო არც იყოს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს შეუძლია ლითიუმს გაძლოს წითელი ჯუჯის ატმოსფეროში. 318 ვარსკვლავიდან ექვსი მიუთითებს, რომ წითელი ჯუჯების 2-3 პროცენტი პლანეტების მჭამელია, მაგრამ ასეთი დასკვნა იმ პირობითაა, რომ ლითიუმი მათში გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება.
თუკი ლითიუმი სწრაფად უჩინარდება, მაჩვენებელი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს — რადგან ძალიან პატარაა ფანჯარა, რომელიც მათ მოქმედებაში დასაჭერად გვაქვს.
ზოგიერთ ასტრონომს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით პლანეტარული სისტემის ჩამოყალიბების წლებში, როცა გრავიტაცია ახლად დაბადებული პლანეტებით პინბოლს თამაშობს, ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმა შედარებით ხშირია.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავები შეიძლება ახალ გზას გვთავაზობდნენ ამ ფენომენის შესასწავლად.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ras.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




