NASA-ს ტელესკოპის მონაცემებში 10 000 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
NASA-ს ტელესკოპის მონაცემებში, ასტრონომებმა 10 000-ზე მეტი კანდიდატი პლანეტა აღმოაჩინეს — ყველაზე მეტი, რაც კი ოდესმე ერთ ჯერზე აღმოუჩენიათ.
ტელესკოპი TESS-ი (Transiting Exoplanet Survey Satellite) NASA-მ 2018 წელს გაუშვა. მისი საქმეა ვარსკვლავებზე დაკვირვება და მათ გარშემო მოძრავი პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების ძებნა. ამ პლანეტებს ის შემდეგნაირად პოულობს — ეძებს ვარსკვლავის სინათლის სიკაშკაშის მოკლევადიან ჩაბნელებებს, რაც იმის ნიშანია, რომ მის გარშემო მოძრავმა პლანეტამ ამ დროს ვარსკვლავის წინ ჩაიარა.
ამ დროისთვის, ტელესკოპს უკვე აღმოჩენილი აქვს 750-ზე მეტი დადასტურებული ეგზოპლანეტა, მაგრამ ათასობით სხვა კანდიდატი დადასტურებას ელოდება. ეგზოპლანეტებს სხვა ტელესკოპებიც პოულობენ და ამ მომენტისთვის, ჯამში დადასტურებულად აღმოჩენილია 6000-ზე მეტი ეგზოპლანეტა.
TESS-ის მუშაობის პირველი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ხელახალი ანალიზის შემდეგ, პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯოშუა როთი და მისი კოლეგები ამჯერად შესაძლო პლანეტათა გაცილებით დიდი რიცხვის შესახებ იუწყებიან. ტელესკოპის მიერ გადაღებული გამოსახულებების კომბინირებით, მკვლევრებმა პლანეტების მოძებნა შეძლეს ნაკლებად კაშკაშა ვარსკვლავთა გარშემო — ნაკლებად კაშკაშა მათი პატარა ზომის ან დედამიწიდან დიდი მანძილის გამო. ასე გამოვლინდა 11 554 კანდიდატი ეგზოპლანეტა, რომელთაგან 10 091 წინა კვლევებში იდენტიფიცირებული არ იყო.
„არსებობდა პროგნოზი, რომ TESS-ის მონაცემებში ჯერ კიდევ იმალებოდა ათასობით პლანეტა. ისინი უბრალოდ ჯერ არ გვქონდა მოძებნილი“, — ამბობს როთი.

ეს პლანეტები დედამიწიდან მაქსიმუმ 6800 სინათლის წლის მანძილამდე ვრცელდება, გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით, თითქმის ორჯერ უფრო შორს, ვიდრე აქამდე ეძებდნენ TESS-ის მონაცემებში. ახლად აღმოჩენილ პლანეტათა 90 პროცენტზე მეტი ცხელი იუპიტერის ტიპისაა — გაზის გიგანტი პლანეტები, რომლებიც თავიანთ დედავარსკვლავს ძლიერ ახლო მანძილზე უვლიან გარშემო ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ. TESS-ი განსაკუთრებით მორგებულია ასეთი პლანეტათა ძებნაზე. მათ შორის გაცილებით ცოტაა ნეპტუნისა და სუპერდედამიწის ტიპის პლანეტები.
თუმცა, საბოლოოდ, ყველა კანდიდატი არ აღმოჩნდება რეალური პლანეტა. საჭიროა, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად დაადასტუროს სხვა ტელესკოპებმა. ზოგიერთი შეიძლება ცრუ დადებითი აღმოჩნდეს, მაგალითად, ბინარული (წყვილური) ვარსკვლავები ან სხვა ხარვეზები მონაცემებში.
„როგორც წესი, TESS-ს ცრუ დადებითის 50-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. ვიტყოდი, რომ მაქსიმუმ 5000 რეალური პლანეტაა, მინიმუმ 3000 მაინც“, — ამბობს როთი.
TESS-ის მონაცემებში ჯერ კიდევ ბევრი ეგზოპლანეტა ელოდება აღმოჩენას. მათ შორისაა 8000 სხვა კანდიდატი, რომლებიც წინა კვლევაში გამოავლინეს, მაგრამ ჯერ არც ისინია დადასტურებული.
„ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ რაღაც მომენტში, ათასობით პლანეტა გამოვლინდებოდა. ამ სახის კვლევას დიდხანს ველოდი“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტათა მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარი ჯესი კრისტიანსენი.
მეცნიერთა პროგნოზით, ტელესკოპმა TESS-მა ჯამში 12 000 – 15 000 დადასტურებული ეგზოპლანეტა უნდა აღმოაჩინოს.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.