აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია — საეტაპო ნიშნული ასტრონომიაში #1tvმეცნიერება
ეგზოპლანეტების ერა 1992 წელს დაიწყო, როცა ასტრონომებმა პულსარის გარშემო მოძრავი ორი პლანეტა აღმოაჩინეს. უკვე 1995 წელს, მათ მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო დააფიქსირეს ეგზოპლანეტა. NASA-ს კეპლერისა და TESS-ის მისიების წყალობით, დადასტურებულ ეგზოპლანეტათა რაოდენობა დღემდე იზრდება.
2015 წელს NASA-მ გვამცნო, რომ კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა მე-1000 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. 2016 წელი ეგზოპლანეტების დაფიქსირების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო — მხოლოდ ამ წელს თითქმის 1500 პლანეტა აღმოაჩინეს. 2022 წლის მარტში, ჯამურმა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია.
ამჯერად, NASA იუწყება, რომ უკვე დადასტურებულია 6000 პლანეტის აღმოჩენა.
6000 ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში დაახლოებით ასი მილიარდი პლანეტა შეიძლება არსებობდეს, რაოდენობა უმცირესია. თუმცა, ჩვენნაირი ახლადშექმნილი კოსმოსური ცივილიზაციისთვის ეს აღსანიშნავი რამ არის.
6000 პლანეტის პოვნის ფაქტი შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რთულია მათი დაფიქსირება. ჩვენსა და სხვა ვარსკვლავებს შორის უზარმაზარი მანძილია. საკუთარ ვარსკვლავთა სიკაშკაშეში მრავალი ეგზოპლანეტა იმალება, ანდაც ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ მათი დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუ ისტორიას, როგორც სახელმძღვანელოს ავიღებთ, აშკარაა, რომ ტექნოლოგიური წინსვლა უფრო მეტ პლანეტას გვაპოვნინებს, თუ არ მოხდა ცივილიზაციის კოლაფსი ან თუ მეცნიერება არ მივატოვეთ.
ცხადია, ეგზოპლანეტების მეცნიერება მხოლოდ ციფრებზე მეტია. ჩვენ მიერ აღმოჩენილ პლანეტათა მრავალფეროვნება სასიცოცხლო რამეებს გვასწავლის ბუნების, ჩვენი მზის სისტემისა და დედამიწის შესახებ. საინტერესოა, რომ აღმოჩენილ ეგზოპლანეტათაგან მრავალი, სრულიად არ ჰგავს მზის სისტემაში არსებულ პლანეტებს.
მათ შორის არის ცხელი იუპიტერები — მასიური გაზის გიგანტები, რომლებსაც საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთი შემოვლისთვის სულ რამდენიმე დღე სჭირდებათ; ულტრამოკლე პერიოდიანი პლანეტები, რომლებსაც ამისათვის რამდენიმე საათი ესაჭიროებათ.
პლანეტების ერთი უცნაური ტიპი იმდენად ახლოსაა თავიანთ ვარსკვლავებთან, რომ ისინი მასთან მიმართებაში მოქცევითად არიან ჩაკეტილი, როგორც მთვარე დედამიწასთან. ამ პლანეტებს აქვთ ერთი ჯოჯოხეთურად მწველი გვერდი (მუდმივად ვარსკვლავის მხარეს მოქცეული), მეორე კი გაყინული. ზოგიერთი კი შეიძლება იმდენად ცხელი იყოს, რომ დნებოდეს.

ზოგსაც იმდენად ექსტრემალური ტემპერატურა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომ იქ შეიძლება რკინის წვიმა მოდიოდეს ანდაც პენოპლასტის სიმკვრივის იყვნენ. ზოგიერთი ოკეანეებითაა დაფარული, ზოგიც ტოქსიკურ აირებში გახვეული.
ყველა მათგანი ბუნების ნაწილია. მათი წარმოშობის გზების დადგენა მარადიული ინტერესის საგანია.
თუმცა, მთელ მათ ძებნასა და შესწავლას საფუძვლად ერთი დიდი კითხვა აქვს: ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?
„ჩვენ მიერ აღმოჩენილი ყოველი სხვადასხვა ტიპის პლანეტა გვაძლევს ცნობებს იმ გარემო პირობათა შესახებ, რომელშიც შეიძლება პლანეტა წარმოიქმნას და საბოლოოდ, რამდენად გავრცელებული შეიძლება იყოს დედამიწის მსგავსი პლანეტები და სად უნდა ვეძებოთ ისინი. თუკი გვსურს, გავიგოთ, ვართ თუ არა სამყაროში მარტონი, ყველა ეს ინფორმაცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანია“, — ამბობს NASA-ს ეგზოპლანეტების კვლევის პროგრამის (ExEP) ხელმძღვანელი დაუნ გალილეო.
ეგზოპლანეტათა აბსოლუტური უმრავლესობა არაპირდაპირი გზითაა აღმოჩენილი. ტრანზიტის მეთოდი ეგზოპლანეტებს აფიქსირებს იმ სინათლის რაოდენობის გაზომვით, რაც ვარსკვლავის წინ მისი ჩავლისას იბლოკება. რადიალური სიჩქარის მეთოდი კი აფიქსირებს იმ ოდნავ მოქაჩვებს, რასაც ეგზოპლანეტის გრავიტაციას განაპირობებს თავის ვარსკვლავზე და ზომავს, რამდენად იცვლება ვარსკვლავის სინათლე ამ რხევის შედეგად.

ასტრომეტრია მინიატურულ მოძრაობებს ზომავს, გრავიტაციული ლინზირების მეთოდში კი პლანეტის არსებობა დგინდება დაკვირვებად სინათლეში შემჩნეული ანომალიებით. კეპლერისა და TESS-ის ტელესკოპები ტრანზიტის მეთოდს იყენებენ და სწორედ ამ მეთოდითაა აღმოჩენილი ეგზოპლანეტათა უმეტესობა, თითქმის 4500. რადიალური სიჩქარის მეთოდის ანგარიშზე დაახლოებით 1140 პლანეტაა.
მიუხედავად ეფექტიანობისა, ისინი არაპირდაპირია. მხოლოდ პირდაპირი ვიზუალიზაციითაა შესაძლებელი ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დადგენა, რაც ასევე არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ განლაგებას ან ორიენტაციას. თუმცა, ეს მეთოდი საკმაოდ რთულია და ამ გზით მხოლოდ ასზე ნაკლები პლანეტაა აღმოჩენილი.
6000 დადასტურებული ეგზოპლანეტა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა მეცნიერებაში. თუმცა, არსებობს ათასობით კანდიდატი, რომელთა დასადასტურებლად ბევრი კვლევაა საჭირო.
როგორც წესი, მათი დადასტურება ხდება შემდეგი დაკვირვებებით, ზოგჯერ სხვა ტელესკოპით, რაც ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს. 2025 წლის მონაცემებით, 7655-ს 7655 კანდიდატი ეგზოპლანეტა ჰქონდა, რომელთაგან 600 უკვე დადასტურდა.
შესაძლოა, ეგზოპლანეტების აღმოჩენების სიჭარბის წინაშეც აღმოვჩნდეთ, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენელი რამ იყო.
კანდიდატ ეგზოპლანეტებს დღემდე პოულობენ ხომალდ „გაიას“ მონაცემებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. 2027 წელს გაეშვება NASA-ს ნენსი გრეის რომანის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც კიდევ ათასობით ეგზოპლანეტას აღმოაჩენს მიკროლინზირების მეთოდით.

ეგზოპლანეტების ერა თანდათან იცვლება. ძებნა უფრო მიზანმიმართული ხდება. ყველანაირი პლანეტის ძებნის ნაცვლად, ასტრონომები უფრო კონკრეტული ტიპის ეგზოპლანეტებს ეძებენ. 2026 წელს გაეშვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კოსმოსური ტელესკოპი PLATO, რომელიც მზის მსგავს ვარსკვლავებთან მოძებნის კლდოვან (დედამიწის ტიპის) პლანეტებს.
NASA-სთვის შეთავაზებულია ჯეიმს ვების მემკვიდრე, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტათა ობსერვატორია, რომელიც ეგზოპლანეტებს ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონებში მოძებნის. დიდ დეტალებში შეისწავლის ეგზოპლანეტებს სხვა მისიებიც, როგორიცაა CHEOPS-ი და ARIEL-ი.
ეგზოპლანეტების მეცნიერების წმინდა გრაალი არის სიცოცხლისთვის ხელსაყრელობა. ამის დადგენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამ დროისათვის, მხოლოდ რამდენიმე ეგზოპლანეტას აქვს ნიშნები, რომ მათზე შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს. საკვანძოა ბიოხელწერები — კონკრეტული ქიმიური ნაერთები, რომლებიც მეტყველებს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე აქტიურია.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თავის ატმოსფერული სპექტრომეტრიით ამ მიმართულებით კვლევებს ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს და უკვე დადო მაცდური შედეგებიც, მაგრამ ჯერ კონკრეტული მაინც არაფერი.
სხვა ყველა სამეცნიერო მიმართულების მსგავსად, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ეგზოპლანეტათა ძებნაც გააძლიერა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ეგზოპლანეტების მეცნიერებაში ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლებაა ვარსკვლავები, რომელთა გარშემოც მოძრაობენ პლანეტები.
ვარსკვლავები უკიდურესად კაშკაშაა და შედარებით ბნელ ეგზოპლანეტებს მათი სინათლე ხშირად მთლიანად ჩრდილავს. ეს განსაკუთრებით ეხება დედამიწის მსგავს პლანეტათა ძებნას მზის მსგავს ვარსკვლავთა გარშემო, რისთვისაც იქნება განკუთვნილი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტათა ობსერვატორია (HWO).
ამასობაში, ეგზოპლანეტების ძებნის საქმეში ჩინეთიც ერთვება. 2028 წელს გაუშვებს დედამიწა 2.0 კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მოძებნის დედამიწის ზომის ეგზოპლანეტებს.
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.