ჯეიმს ვებმა ეგზოპლანეტების ატმოსფეროში დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი დააფიქსირა — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეგზოპლანეტების კვლევის დარგში რევოლუციური აღმოჩენები გააკეთა.
კერძოდ, მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს კვლევებში – სწავლობს დედავარსკვლავის სინათლის იმ ნაწილს, რომელიც პლანეტას გარშემოკრულ აირებში გაივლის.
ცოტა ხნის წინ, ჯეიმს ვები გაზის გიგანტ პლანეტებს დააკვირდა სისტემა HR 8799-ში და მათ ატმოსფეროებში ნახშირბადის დიოქსიდი (ნახშირორჟანგი) დააფიქსირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს მსგავსებები ამ სისტემისა და მზის სისტემის ფორმაციას შორის.
HR 8799 საკმაოდ გამორჩეული ეგზოპლანეტური სისტემაა. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 130 სინათლის წლის მანძილზე, პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით. სისტემის ცენტრშია ახალგაზრდა, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს მზეზე 1,5-ჯერ მასიურია და ასაკით მხოლოდ 30 მილიონი წლისაა.
HR 8799 განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ იქ მდებარეობს მრავალპლანეტური სისტემა, რომელიც ერთ-ერთი პირველია ჩვენ მიერ პირდაპირი ვიზუალიზაციის გზით გადაღებულთა შორის. ოთხი დადასტურებული გიგანტური პლანეტა ვარსკვლავის გარშემო 15-17 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს.
ამ პლანეტებს HR 8799 b, c, d და e ეწოდება და ყველა მათგანი მასიური გაზის გიგანტია, თითოეულის მასა 5-10 იუპიტერის მასას შორის მერყეობს.

ასეთი გიგანტური პლანეტები ორი სხვადასხვა პროცესის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას — ბირთვის აკრეცია, რომელშიც მძიმე ელემენტებისგან შემდგარი მყარი ბირთვი ნელ-ნელა იზიდავს გაზს (როგორც ეს ჩვენს მზის სისტემაში მოხდა); და დისკოს არასტაბილურობა, რომელშიც ახალგაზრდა ვარსკვლავის ნარჩენი დისკოს გაზის ნაწილაკები სწრაფად ერთიანდება და ჯგუფდება.
იმის დადგენა, თუ ფორმაციის რომელი ეს მოდელი უფრო მეტად არის გავრცელებული, მეცნიერებს გალაქტიკის პლანეტურ სისტემათა კლასიფიკაციაში დაეხმარება.
სწორედ ასეთი ანალიზი ჩაატარა მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერი უილიამ ბალმერი ხელმძღვანელობდა.
მათი კვლევა ასევე მოიცავდა დაკვირვებებს ვარსკვლავზე 51 ერიადნუსი.
„ამ სახის კვლევაში ჩვენი იმედი იყო შეგვესწავლა ჩვენივე მზის სისტემა, სიცოცხლე და ჩვენი თავი სხვა ეგზოპლანეტურ სისტემებთან შედარებით, ისე, რომ შეგვიძლია ჩვენი არსებობის კონტექსტუალიზაცია“, — ამბობს ბალმერი.

სისტემა HR87990-ში და 51 ერიადნუსში გაზის პლანეტებზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შეიცავენ მნიშვნელოვანი ოდენობის ნახშირორჟანგს, რაც ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ სისტემის ოთხი გაზის გიგანტი ბირთვის აკრეციის გზით წარმოიქმნა; მიჩნეულია, რომ ზუსტად ამავე პროცესით გაჩნდნენ იუპიტერი და სატურნიც, რომელთა მყარმა ბირთვებმა თანდათან მიიზიდა პროტოპლანეტურ დისკოში არსებული ნარჩენი გაზი.
ამ დრომდე აღმოჩენილი დაახლოებით 6000 ეგზოპლანეტიდან, მხოლოდ რამდენიმეა პირდაპირი გზით გადაღებული, რისი მიზეზიც პლანეტებსა და მათ დედავარსკვლავებს შორის არსებული სიკაშკაშის უზარმაზარი სხვაობაა.
ჯეიმს ვების NIRCam კორონოგრაფის ტექნოლოგიამ ამ დაკვირვებათა ჩატარება შესაძლებელი გახადა — ის ვარსკვლავის სინათლეს ბლოკავს და აჩენს თავად პლანეტის ინფრაწითელ გამოსხივებას.
მეცნიერებმა შეძლეს სხვადასხვა გაზის მიერ შთანთქმული კონკრეტული ტალღის სიგრძეების ანალიზი და შესაბამისად, განსაზღვრეს, რომ HR 8799-ის პლანეტები შეიცავენ იმაზე მეტ მძიმე ელემენტებს, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ჯეიმს ვები, როგორც მსოფლიოს ყველაზე მოწინავე კოსმოსური მეცნიერების ობსერვატორია, საკვანძო როლს ასრულებს არა მხოლოდ ეგზოპლანეტებზე ნადირობა-დაკვირვებებში, არამედ აგრძელებს მზის სისტემისა სამყაროს წარმომავლობის კვლევებსაც.
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.