აღმოჩენილია რეკორდული სუპერდედამიწა, რომელსაც ტყვიის მსგავსი სიმკვრივე აქვს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვეებერთელა სუპერდედამიწა, რომელსაც ტყვიის სიმკვრივე აქვს. ეს კლდოვანი პლანეტა შეიძლება ნარჩენი ბირთვი იყოს გაზის გიგანტისა,რომელმაც თავის ვარსკვლავს ზედმეტად ახლოს ჩაუარა.
ეგზოპლანეტას K2-360 b უწოდეს და აქვს დედამიწაზე 7,7-ჯერ მეტი მასა, მაშინ, როცა ზომით ჩვენს პლანეტას მხოლოდ 1,6-ჯერ აღემატება. შედეგად, მისი სიმკვრივე 11 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, რაც ტყვიის სიმკვრივის მაჩვენებელია.
ამის გამო, ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მკვრივი პლანეტაა ამ კლასში, რომელსაც ულტრამოკლე პერიოდიან (USP) სუპერდედამიწებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სპეციფიკური კლასია, K2-360 b ჩვენთვის ცნობილ სხვა ყველაზე მკვრივ ეგზოპლანეტათა რიგებში ექცევა.
პლანეტის პერიოდი არის ის, რასაც ჩვენ წელიწადს ვუწოდებთ: რამდენ ხანს უნდება ის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას. K2-360 b ულტრამოკლე პერიოდიანია იმიტომ, რომ მისი წელიწადი დედამიწის დღეზე უფრო ნაკლებია, სულ რაღაც 21 საათი.
ვარსკვლავთან ასე ახლოს ყოფნამ ასტრონომებს არა მხოლოდ მისი აღმოჩენა გაუადვილა, არამედ ეს ფაქტი გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს იმის შესახებაც, როგორ გახდა ეს პლანეტა ასე მკვრივი.
K2-360 b 2016 წელს აღმოაჩინეს, როცა NASA-ს მისია K2-მა მისი დედავარსკვლავის წინ პლანეტის ჩრდილი შენიშნა. ახალი დაკვირვებებით ასტრონომებმა ამჯერად მისი მასა და რადიუსი გაზომეს, რომელთა საფუძველზე გამოთვალეს სიმკვრივეც.
ტყვიის მსგავსი სიმკვრივე ამ სუპერდედამიწას ძლიერ გამორჩეულ კლუბში ახვედრებს. მისი სიმკვრივე დედამიწისას (5,5 გრამი კუბურ სანტიმეტრზე) ორჯერ აღემატება, მაგრამ მაინც უფრო მჩატეა, ვიდრე სხვა ძლიერ მკვრივი პლანეტები, მაგალითად, GJ 367b და TOI-1853b.
TOI-4603b-ის სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 14,1 გრამია, მაგრამ იმყოფება იმ კიდეზე, სადამდეც შეიძლება მას ეგზოპლანეტა ვუწოდოთ — ის შეიძლება უფრო ყავისფერი ჯუჯა, ანუ „არშემდგარი“ ვარსკვლავი იყოს.
ამ სკალის მეორე ბოლოში იმყოფება სისტემა კეპლერ 51-ის ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც კუბურ სანტიმეტრზე მხოლოდ 0,03 გრამია. შედარებისათვის, ეს დაახლოებით ბამბის ნაყინის სიმკვრივეა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არის K2-360 b ასე მკვრივი, მასზე და მის დედავარსკვლავზე ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა სუპერდედამიწის წიაღის მოდელი შექმნა. ასე ირკვევა, რომ პლანეტას სავარაუდოდ აქვს რკინის დიდი ბირთვი, რომელზეც მოდის მისი მასის დაახლოებით 48 პროცენტი.
საინტერესოა, საერთოდ როგორ წარმოიქმნა ასე მკვრივი პლანეტა? მკვლევართა აზრით, სინამდვილეში ის შეიძლება მკვდარი ბირთვი იყოს პლანეტისა, რომელიც ერთ დროს გაცილებით დიდი იყო და ვარსკვლავს გაცილებით შორიდან უვლიდა გარშემო. დროთა განმავლობაში მან ვარსკვლავისკენ ახლოს გადაინაცვლა, სადაც ძლიერმა რადიაციამ ატმოსფერული აირები გააცალა და დატოვა მხოლოდ მყარი კლდოვანი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ, ლავის ოკეანეებითაა დაფარული.
ამ სცენარის მინიშნებები დედავარსკვლავის რხევებში იპოვეს. როგორც ჩანს, K2-360 სისტემაში მარტო არ არის და მისგან გაცილებით შორს იმალება გაცილებით დიდი პლანეტა, სახელად K2-360 c, რომლის სიმკვრივე და ზომა ნეპტუნის მსგავსია.
„ჩვენი დინამიკური მოდელები მიუთითებს, რომ K2-360 c-მა შიდა პლანეტა შეიძლება ამჟამინდელ მჭიდრო ორბიტაზე გადაისროლა; ამ პროცესს მაღალი ექსცენტრულობის მიგრაციას უწოდებენ. ამ ყველაფერში ჩართულია გრავიტაციული ურთიერთქმედებები, რაც შიდა პლანეტის ორბიტას ძლიერ ელიფსურს ხდის, შემდეგ კი მოქცევითი ძალები მას წრიულად გადააქცევს და ვარსკვლავთან უფრო ახლოს მიიყვანს. ასევე, მოქცევითი ცირკულარიზაცია შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო პლანეტის ღერძული დახრილობით“, — ამბობს ნილს ბორის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ალესანდრო ტრანი.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამყარო სავსეა ისეთი უცნაური პლანეტებით, რომლებზეც სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებსაც კი უოცნებიათ.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.