ვითარება ახლო აღმოსავლეთში
მაშინ, როდესაც ევროპელი ლიდერები ენერგოდამოკიდებულების შემცირებასა და ალტერნატიულ სატრანზიტო გზებზე მსჯელობენ, ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილი რჩება. ბუნდოვანია კონფლიქტის დასრულების პერსპექტივაც. ვაშინგტონმა თეირანს 14-პუნქტიან სამშვიდობო შეთავაზებაზე პასუხი უკვე დაუბრუნა, მაგრამ სამშვიდობო წინადადება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, სრუტეზე საზღვაო ბლოკადის მოხსნას და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადებას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპისთვის მიუღებელია. მყიფე ზავის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალ ოპერაციას აანონსებს. ჰუმანიტარულ ჟესტად შეფასებული გეგმა, ამერიკული სამხედრო ძალების მონაწილეობით, ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების სრუტიდან გამოყვანას ითვალისწინებს. ცალსახაა ირანის პოზიცია, ოფიციალური თეირანი სრუტეში ამერიკის ნებისმიერ ქმედებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად განიხილავს.
დაძაბულობის მატებასთან ერთად, ტრამპის ახალი ინიციატივა უკვე გახდა ნავთობზე ფასის ზრდის მიზეზი – მარიამ რობაქიძე გიამბობთ.