სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედამ მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. დოდო აფრასიძე სპეცოპერაციის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს.
ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიებას ხელოვნურად აჭიანურებს. დღესვე პროკურატურას აფრასიძეებმა წერილით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, ისინი საქმის მასალების გაცნობას მოითხოვდნენ.
დოდო აფრასიძე და ირმა ჭკადუა ამ წუთებში გამომძიებელს ხვდებიან, თუმცა უცნობია, შეძლებენ თუ არა აფრასიძეების საქმეზე დასრულებული ხელახალი გამოძიების შედეგების გაცნობას. ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ. უკვე მზადაა ექსპერტიზის დასკვნებიც.
საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი პასუხისმგებელი პირების მიმართ ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს. ირმა ჭკადუას თქმით, აფრასიძეების ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს.