სვანეთში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს
სვანეთში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს

სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა დღეს პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს, – ამის შესახებ პირველ არხს აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ადვოკატი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს პროტესტის მიზეზს და აცხადებს, რომ 16:00 საათზე მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობის აქციის დაწყების პარალელურად დოდო აფრასიძე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

როგორც დღეს დილით ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პირველ არხს აცნობა, დოდო აფრასიძეს მასთან ერთად, საგამოძიებო უწყებაში აფრასიძეების საქმეზე დასრულებული ხელახალი გამოძიების შედეგები უნდა გაეცნო, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრა არ შემდგარა.

ჭკადუას ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრებს გამოძიების ფარგლებში ექსჰუმაცია ჩაუტარდათ.

როგორც ადვოკატმა პირველ არხს უთხრა, ექსპერტიზის დასკვნები უკვე მზადაა.

ირმა ჭკადუას განცხადებით, საქმეზე ხანდაზმულობის ვადა რამდენიმე თვეში იწურება და გარდაცვლილების ოჯახი დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენის დაჩქარებას ითხოვს.

რაც შეეხება გამოძიების მიზანს, ირმა ჭკადუას თქმით, აფრასიძეების ოჯახი სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და გიორგი ბარამიძის პასუხისმგებლობას აყენებს

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.