7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

საქალაქო სასამართლო მოვლენების ეპიცენტრში.

დაკავებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე პირველად წარდგა. პროტესტი შენობის გარეთ და სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენჯერმე შეწყვეტილი პროცესი დარბაზში – ყოფილი პრეზიდენტის საათნახევრიანი სიტყვა ძირითადად საკუთარ მმართველობაზე და მიღწევებზე საუბარს და მოქმედი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას დაეთმო. რაც შეეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „იმედში“ შეჭრის და პატარკაციშვილის ქონების გადაფორმების საქმეს, რომელზეც ექს-პრეზიდენტს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, 7 ნოემბრის მოვლენებზე სააკაშვილი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ამ, ისევე როგორც სისხლის სამართლის დანარჩენ სამ საქმეში, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. შეცდომები და გადაცდომები იყო, დანაშაული – არა, – ასეთია ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი. გამოსვლის დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი უკრაინის მოქალაქეობას, რამდენიმე განცხადება უკრაინულ და ინგლისურ ენებზეც გააკეთა. ძირითადად პოლიტიკური შინაარსის გამოსვლის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი დატოვა.