ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული გიორგი ვაშაძე მიწის ნაკვეთის გადაცემის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს

სოფელ დიდ დმანისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული გიორგი ვაშაძე მიწის ნაკვეთის გადაცემის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებს.

ვაშაძის განცხადებით, ტერიტორიის ნაწილი, რომელიც აუქციონის შედეგების მიხედვით, მათ უნდა გადაეცეთ, ამ დრომდე უკანონოდ აქვს მითვისებული “არემჯი გოლდს” და ის უკანონოდ ეწევა საქმიანობას. ამიტომ, პირველ რიგში, არსებული კანონდარღვევები უნდა აღმოიფხვრას.

განცხადება გაკეთდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოშიც, სადაც განაცხადეს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმების ვადებს, სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით განკარგვისას, შესაბამისი ხელშეკრულება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იდება.

ამასთან, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ ზემოაღნიშნულ ვადაში საიჯარო უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულება არ გაფორმდება.