ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას აანონსებს - შეფასებები

„4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული, დროული ინიციატივა, შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს. როგორც მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, აღნიშნული აქცია არის შანსი, ხალხის ძალის ჩვენების. ამასთან ერთად, ვაშაძე სხვა აქციებში მონაწილეობის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. პარალელურად კი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ აქტუალურია ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის გეგმაც, რაზეც მათ ვარდების რევოლუციის მაგალითიც მოჰყავთ. ასევე, როგორც ანა წითლიძე აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბრის ეშინია. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ამგვარი განცხადებები მათ ბევრჯერ მოუსმენიათ და ოპოზიციონერ კოლეგებს კვლავ კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.