ოპოზიციური ალიანსის მზადება 26 მაისის აქციისთვის

პარლამენტის წინ სცენის დადგმაზე უარია, იქნება შეკრება უნივერსიტეტთან, მსვლელობა რუსთაველისკენ და სიტყვით გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოსთან, აქციის შემდეგ კი სახლში მიდიან, – ასე თქვა გიორგი ვაშაძემ. ეს არის ის, რაც ოპოზიციური ალიანსის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ ვიცით. დღეს ისიც გაირკვა, რომ ოპოზიციას სურს, პოლიტიკური ხმა თბილისიდან იმ დროისთვის ერევანში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გააგონოს, თუ სცენიდან არა, ქუჩიდან მაინც.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარტიულ აქტივობებს აქამდე დამოუკიდებლად გეგმავდა და ალიანსის ერთიანობის შესახებ კითხვებს აჩენდა, ოპოზიციური ერთობის დღევანდელ შეხვედრას დაესწრო. იმ ერთობის, რომელშიც „ფედერალისტების“ ლიდერს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის პოლიტიკური დარიგებები არ მოსწონს და იმ ერთობის, რომელსაც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ციხიდან დაუღალავად კარნახობს პატიმარი პრეზიდენტი. „ბოლომდე წასვლა, მიწოლა“ – ასეთია სააკაშვილის გზავნილი, რომელიც ალიანსის წევრთა ნაწილის მიერ გაცხადებულ გეგმებს არ ემთხვევა. „საპროტესტო, გაშლილი ფრონტი“ და ხუთჯვრიანი ეროვნული სიმბოლიკა, როგორც წინააღმდეგობის დროშა, ასეთია სააკაშვილის 26 მაისი.

თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.