ამერიკული FARA საქართველოში

ერთხელ უკვე ინიცირებული და უკან გაწვეული კანონპროექტი დღის წესრიგში ბრუნდება.

ხელისუფლება ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ქართული ანალოგის მიღებას აპირებს. ე.წ. ფარა ქართულად იქნება თარგმნილი – ასეთია ხელისუფლების გეგმა. აშშ-ში 87 წლის წინ მიღებული კანონი რეგისტრაციას და ფინანსური გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. მმართველი გუნდი მისი ქართული ანალოგის დამტკიცების შემთხვევაში აპირებს, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც გაზაფხულზე მწვავე პროტესტის ფონზე მიიღეს. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილების მიზეზად სხვა გარემოებებთან ერთად ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებებს ასახელებს, რომლებიც ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების სხვა ქვეყნებში საქმიანობას ეხება. მმართველ პარტიას გზავნილები უმყარებს პოზიციას, რომ ამერიკული დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის და რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. გეგმას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პასუხად განიხილავს ოპოზიცია. როგორ იმუშავებს ე.წ. ფარას ქართულად თარგმნილი ვერსია საქართველოში – ანა ბროლაძე დაინტერესდა ორ თვეში მოსამზადებელი პროექტის დეტალებით.