საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა ამჯერად საფრანგეთიდან – პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
მმართველი გუნდისთვის უსამართლო შეფასებებით და დეზინფორმაციითაა სავსე დოკუმენტი, რომელიც ევროპარლამენტში ბოლო წლებში დამტკიცებული რეზოლუციების სულისკვეთებას და მოწოდებებს იმეორებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მძიმე შინაარსის რეზოლუციის მომზადება-მიღებაში ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს როლს ხედავენ, რომელიც ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტის განხილვას ესწრებოდა. 68 მომხრე, 22 წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა სექტემბერში მომზადებულ და გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც საუბარია საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ კურსზე, რუსეთის სანქციების გვერდის ავლაზე, ფუნდამენტური უფლებების რღვევასა და სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. დასახელებულია ის პირობებიც, რომელთა შესრულების გარეშე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ უნდა განახლდეს. ერთ-ერთი პირობა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა. მმართველი პარტიის მძიმე რეაქციების ფონზე დოკუმენტის ყველა პუნქტს ეთანხმება ოპოზიცია.