სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აგროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის ტურები და მასტერკლასები მიმდინარეობს. სოფელ წნისში, ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“ „პურისა და ყველის“ დღეც მოეწყო. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი პროდუქტების – პურის, ხორბლისა და ყველის პოპულარიზაცია, რეგიონის აგრარული ბიომრავალფეროვნების პოტენციალის საზოგადოებისთვის გაცნობა და იქაური ფერმერების წარმოჩენა-წახალისება. ვიზიტორებმა დაათვალიერეს „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გაეცნენ ქართული ხორბლისა და პარკოსნების ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებს, მონაწილეობა მიიღეს წითელი დოლისა და დიკას ხორბლისაგან პურისა და ტენილი ყველის დამზადების მასტერკლასებში.