პასუხი ცალსახად არის „არა“. ვენერა მზის სისტემაში ყველაზე ამერკლავი პლანეტაა და სწორედ ასეთი სიკაშკაშის გამო უწოდებენ მას „ცისკრის ვარსკვლავსაც“. ამის ნათელი დემონსტრაციაა ESA-ს და NASA ხომალდის, Solar Orbiter-ის ვენერას თავზე გადაფრენაც.
9 აგვისტოს, ამ ზონდმა ვენერას ზედაპირიდან 7995 კილომეტრის მანძილზე ჩაიფრინა. ამ მანევრით ხომალდმა ვენერასგან ე. წ. გრავიტაციული დახმარება მიიღო, რათა მზის გარშემო მოძრაობისას შესაბამისი სიჩქარე აიღოს და სწორ ტრაექტორიაზე დადგეს. მომავალში, ზონდი კიდევ ექვს ასეთ მანევრს შეასრულებს.
ამ დროს, Solar Orbiter-ის კამერა პლანეტაზე იყო მორგებული და შესაბამისად, ნებისმიერი საინტერესო რამის დაფიქსირება შეეძლო. ასეთი რამ უცხო არ არის, გრავიტაციული დახმარების მისაღებად, ვენერას თავზე გადაფრენილი აქვთ NASA-ს პარკერის მზის ზონდს და ESA-ს მერკურისკენ გაგზავნილ ზონდ BepiColombo-საც.
ბოლო პერიოდში ვენერა განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა; გავრცელდა ცნობები, რომ იქ შეიძლება დღემდე მიდიოდეს ვულკანური აქტივობა, ატმოსფეროში დააფიქსირეს უცნაური მოლეკულებიც. მიუხედავად ამისა, ვენერაზე ახლა მხოლოდ ერთი აქტიური ზონდია — იაპონიის „აკაცუკი“ მის ორბიტაზე. შესაბამისად, სხვა ხომალდთა გადაფრენებს და მათ სხვაგვარ ინსტრუმენტებს დამატებითი მონაცემების შეგროვება შეუძლიათ.
ამ გადაფრენებმა ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. მაგალითად, „პარკერმა“ ვენერას სქელი ღრუბლების მიღმა, ზედაპირზე არსებული წარმონაქმნები დააფიქსირა; არავინ ელოდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ეს მოხერხდა და სრულიად მოულოდნელი ცნობებიც მოგვაწოდა.
კიდევ ერთი გადაფრენისას, „პარკერმა“ ვენერადან წამოსული რადიოგამოსხივება დააფიქსირა, რაც პირველი ასეთი ჩანაწერი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში და ახალი ცნობები მოგვცა იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს მზის ციკლები პლანეტის ატმოსფეროზე.
სწორედ ამიტომ ემზადებოდა Solar Orbiter-ის ჯგუფი დაკვირვებათა ჩასატარებლად მაშინ, როდესაც ზონდი ვენერას ჩაბნელებულ, ღამის მხარეს შემოუფრენდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა — პლანეტა ძალიან, ძალიან კაშკაშაა, რადგან ის მასზე დაცემული მზის სინათლის დაახლოებით 75 პროცენტს აირეკლავს.
ვიდეოში ხედავთ, როგორ გადაიქცევა ამის გამო ვენერა თეთრ, უფერულ ბურთად. ვიდეო ერთი დღის შემდეგ, 10 აგვისტოს, ხომალდმა BepiColombo-მ მაშინ გადაიღო, როდესაც გრავიტაციული დახმარების მისაღებად ვენერას გადაუფრინა.
„იდეალურ შემთხვევაში, პლანეტის ღამის მხარეს გარკვეულ წარმონაქმნთა გარჩევა უნდა შეგვძლებოდა, მაგრამ დღის მხრიდან ზედმეტად ბევრი სიგნალი მოდიოდა“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ფილიპ ჰესი Solar Orbiter-ის ფოტოების შესახებ.
მისივე განცხადებით, ფოტოებზე მხოლოდ დღის მხარის ვერცხლისფერი ანარეკლი ჩან.
უახლოეს თვეებსა და წლებში, Solar Orbiter-ი ვენერას კიდევ ექვსჯერ გადაუფრენს. ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ შეძლოს ზონდმა კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება. ამასობაში კი ცნობილი ხდება ისიც, რომ უახლოეს წლებში NASA-ვენერაზე ორ მისიას გაუშვებს.