დიდი დაბრუნება ვენერაზე — 2030 წლამდე NASA ორ ახალ მისიას გაუშვებს #1tvმეცნიერება
დიდი დაბრუნება ვენერაზე — 2030 წლამდე NASA ორ ახალ მისიას გაუშვებს #1tvმეცნიერება

NASA პლანეტა ვენერას ორ ახალ მისიას აანონსებს, რომლებიც 2020-იანი წლების მიწურულს გაეშვება და შეისწავლის, როგორ გახდა დედამიწის უახლოესი პლანეტური მეზობელი ასეთი ჯოჯოხეთური ადგილი, ჩვენი კი გაიფურჩქნა.

„ამ ორი დობილი მისიის მიზანი იმის გარკვევაა, როგორ გადაიქცა ვენერა ნამდვილ ჯოჯოხეთად, სადაც ზედაპირზე ტყვიაც კი გადნებოდა. ეს მისიები მთელ სამეცნიერო საზოგადოებას მოგვცემს იმ პლანეტის კვლევის შანს, სადაც უკვე 30 წელიწადზე მეტია აღარ ვყოფილვართ“, — ამბობს NASA-ს ახლად დანიშნული ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.

NASA-ს Discovery Program-ის ფარგლებში, ამ მისიებისთვის 500 მილიონი დოლარი გამოიყო და ისინი 2028-2030 წლებს შორის გაეშვება.

იქამდე კი ორივე მისია გაივლის ღრმა სამეცნიერო შეფასების პროცესს.

პირველ მისიას DAVINCI+ ჰქვია და შეისწავლის ღრმა ატმოსფეროს კეთილშობილ აირებს, ქიმიას, გადაიღებს ფოტოებს, შეაგროვებს მონაცემებს ვენერას ძირითადად ნახშირორჟანგისგან შემდგარი ატმოსფეროს შესახებ და გაარკვევს, როგორ წარმოიქმნა და განვითარდა ეს უკანასკნელი.

მისია ასევე შეეცდება პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებობდა თუ არა ერთ დროს ვენერაზე ოკეანე.

სფერული ფორმის ზონდი პლანეტის მკვრივ ატმოსფეროში ჩაეშვება; ეს ატმოსფერო გადაჭედილია გოგირდმჟავას ღრუბლებით.

ხომალდი ზუსტად გაზომავს კეთილშობილი აირებისა და სხვა ელემენტების დონეს, რათა დაადგინოს, რამ წარმოქმნა ის სათბურის ეფექტი, რომელიც ვენერაზე დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

DAVINCI+ ასევე გამოაგზავნის პლანეტის იმ გეოლოგიური წარმონაქმნების მაღალი რეზოლუციის პირველ ფოტოებს, რომელიც უხეშად წააგავს დედამიწის კონტინენტებს და მიუთითებს, რომ ვენერას სავარაუდოდ ფილების ტექტონიკა აქვს.

მიღებულმა შედეგებმა შეიძლება სრულიად შეცვალოს წარმოდგენა კლდოვანი პლანეტები წარმოქმნის შესახებ.

მეორე მისიის სახელია VERITAS-ი (Venus Emissivity, Radio Science, InSAR, Topography, and Spectroscopy-ის აკრონომი) და ორბიტიდან შექმნის ვენერას ზედაპირის რუკას, შეეცდება პლანეტის გეოლოგიის შესწავლას.

სამგანზომილებიანი კონსტრუქციების შესაქმნელი რადარული ტექნოლოგიის გამოყენებით, აღრიცხავს ზედაპირის სიმაღლეებს და დაადასტურებს, ჯერ კიდევ ხდება თუ არა ამ პლანეტაზე ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები.

გარდა ამისა, ინფრაწითელი სკანირების გზით განსაზღვრავს ქანების ტიპს, რაც ამჟამად დიდწილად უცნობია; გაარკვევს იმასა, უშვებენ თუ არა აქტიური ვულკანები ატმოსფეროში წყლის ორთქლს.

მართალია, მისიას NASA გაუძღვება, მაგრამ ინფრაწითელ რადარს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრი შექმნის, სხვა რადარებსა და დეტალებს კი იტალიისა და საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოები.

„წარმოუდგენელია, რომ ვენერას შესახებ ასე ცოტა რამ ვიცით. თუმცა, ამ მისიათა შედეგები ძალიან ბევრს გვეტყვის ამ პლანეტის შესახებ, დაწყებული მისი ატმოსფეროთი, ზედაპირის ვულკანებითა და ბირთვით დამთავრებული. დაახლოებით ისე იქნება, რომ ეს პლანეტა ხელახლა აღმოვაჩინოთ“, — ამბობს NASA-ს Discovery Program-ის მეცნიერი ტომ ვაგნერი.

NASA-ს ბოლო ხომალდი, რომელიც ვენერას ორბიტაზე მოძრაობდა, იყო Magellan-ი, რომელიც ჩვენს მეზობელ პლანეტასთან 1990 წელს ჩავიდა, მაგრამ მას შემდეგ, ვენერას რამდენიმე სხვა ხომალდმაც გადაუფრინა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.