ვენერაზე სრულიად მოულოდნელი პლანეტური მახასიათებელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ვენერაზე სრულიად მოულოდნელი პლანეტური მახასიათებელი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მართალია, ვენერა ტოქსიკური, ჯოჯოხეთური პლანეტაა, მაგრამ როგორც ახალი აღმოჩენა მიუთითებს, მას შეიძლება იმაზე მეტი ჰქონდეს საერთოდ დედამიწასთან, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ვენერას ქერქს უნდა ჰქონდეს ერთმანეთზე მოხახუნე ტექტონიკური ბლოკები, დაახლოებით ყინულის დამსხვრეული ბლოკების მსგავსი. ის მთლად დედამიწის ფილების ტექტონიკას არ ჰგავს, მაგრამ აღმოჩენა მიუთითებს, რომ პლანეტის ქერქი არ წარმოადგენს ერთ უწყვეტ, გლობალურ ლითოსფეროს და მი ქვეშ კონვექციური მოძრაობა მიმდინარეობს.

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ვენერას შესახებ გვთავაზობს ახალ ცნობებს, არამედ გვეხმარება ადრეული დედამიწის ტექტონიკური ფილების ევოლუციისა და დინამიკის უკეთ შესწავლაშიც.

„ვენერაზე გამოვავლინეთ ტექტონიკური დეფორმაციის აქამდე უცნობი მახასიათებელი, რომელსაც წიაღის მოძრაობა მართავს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე. მართალია, ამჟამინდელი დედამიწის ტექტონიკისგან განსხვავდება, მაგრამ მაინც წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ წიაღის მოძრაობა პლანეტის ზედაპირზეც აისახება“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი პოლ ბირნი.

დედამიწა მზის სისტემაში მართლაც მრავალმხრივ უნიკალური პლანეტაა. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი გახლავთ ფილების ტექტონიკის სისტემა — ქერქის მონაკვეთების მოძრაობა ურთიერთსაწინააღმდეგოდ და ერთმანეთზე გადადება (სუბდუქცია), ცხელი, გამდნარი, წიაღის პლანეტური შრის მაღლა.

ამ სახის აქტივობა არ ფიქსირდება მერკურიზე, მარსზე ან მთვარეზე. ამას ვერც ვენერაზე ვხედავთ, რაც საკმაოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენერას და დედამიწაზე ერთნაირი ზომა და გეოლოგიური შემადგენლობა აქვთ.

მიუხედავად ასეთი მსგავსებებისა, ამ ორმა პლანეტამ ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული ევოლუციური გზა განვლო, მაგრამ ამის მიზეზი თითქმის გაურკვეველია. თუ გავარკვევთ, რატომ გადაიქცა დედამიწა აყვავებულ, ოკეანით დაფარულ პლანეტად, ვენერა კი მწველ ჯოჯოხეთად, უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება გალაქტიკის ასეთივე ეგზოპლანეტებზე.

NASA-ს 1990-იანი წლების ზონდის, „მაგელანის“ რადარული ფოტოების გამოყენებით, ბირნმა და მისმა ჯგუფმა ვენერას ზედაპირის რუკა შექმნეს. შენიშნეს, რომ დაბლობებში ზოგიერთი მახასიათებელი ფართომასშტაბიან მოძრაობაზე მიუთითებდა — გამჭრელ დაძაბულობებსა და დეფორმაციებზე, რასაც ქერქის დიდი ბლოკების მოძრაობები და ურთიერთქმედებები განაპირობებდა.

იმის გასარკვევად, მართლაც ის ხდებოდა თუ არა, რასაც ფიქრობდნენ, მკვლევართა ჯგუფმა მოდელირება ჩაატარა. დაადგინეს, რომ შემჩნეულ მახასიათებლებს შეიძლება წარმოქმნიდეს ვენერას ქერქის ქვეშ მიმდინარე კონვექციური დინება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქერქი დიდ ნაჭრებად იქნება დამსხვრეული და არა ფილებად.

„დედამიწაზე ფილების ტექტონიკას წარმართავს მანტიაში მიმდინარე კონვექცია. სხვადასხვა ადგილებში მანტია ცხელი ან ცივია, ის მოძრაობს და ამ მოძრაობის გარკვეული ნაწილი დედამიწის ზედაპირს ფილების მოძრაობის ფორმით გადაეცემა“, — განმარტავს ბირნი.

მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, ვენერაზეც ამ პროცესის რაღაც სახესხვაობა ხდება. ეს არ გახლავთ დედამიწის მსგავსი ფილების ტექტონიკა, რადგან იქ არ წარმოიქმნება მთის უზარმაზარი ქედები ან სუბდუქციის გიგანტური სისტემები, მაგრამ წარმოადგენს წიაღის მანტიის დინებით გამოწვეულ დეფორმაციას, რაც გლობალური მასშტაბით აქამდე არ ყოფილა ნაჩვენები.

ახალი მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ ვენერა შეიძლება ჯერ კიდევ ვულკანურად აქტიური იყოს. შარშან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პლანეტის ზედაპირზე არსებული ვულკანური მახასიათებლები შედარებით ბოლოდროინდელია. ასევე ვიცით, რომ ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტის ზედაპირის დიდი ნაწილის ფორმა ვულკანებმა მთლიანად შეცვალა.

ბირნის ჯგუფის მიერ შემჩნეულ მახასიათებელთა წარმოსაქმნელად, ზედაპირის შეცლის შემდეგ უნდა მომხდარიყო ტექტონიკური ძვრები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს აქტივობა არა მხოლოდ ბოლოდროინდელია, არამედ შეიძლება ახლაც გრძელდება.

ეს კი თავის მხრივ მიუთითებს ტექტონიკური აქტივობის შუალედურ ეტაპზე. ამის საშუალებით შეიძლება უკეთესად გავერკვეთ საკუთარ დედავარსკვლავთა გარშემო „ვენერას ზონაში“ მოძრავ ეგზოპლანეტებში და კლდოვან პლანეტათა წიაღში.

აღმოჩენამ შეიძლება გარკვეული ცნობები მოგვცეს ადრეულ დედამიწაზე მიმდინარე ტექოტონიკური პროცესების შესახებაც.

„პლანეტის ლითოსფეროს სისქე ძირითადად დამოკიდებულია მის სიცხელეზე, როგორც წიაღში, ისე ზედაპირზე“, — აღნიშნავს ბირნი.

მისივე თქმით, ახალგაზრდა დედამიწის წიაღიდან მომდინარე სიცხის ნაკადი ამჟამინდელზე სამჯერ დიდი იყო და შესაბამისად, მისი ლითოსფერო შეიძლება ისეთივე იყო, როგორსაც დღეს ვენერაზე ვხედავთ — არც ისე სქელს, რომ სუბდუქციის უნარის მქონე ფილები წარმოიქმნას, მაგრამ საკმარისად სქელს, რათა ბლოკებად დაიმსხვრეს, რომლებიც შემდეგ მოძრაობენ და ერთმანეთს ეჯახებიან.

ამ მომაჯადოებელი აღმოჩენის შესახებ უფრო მეტ დეტალს NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამომავლო მისიები გვეტყვის.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ncsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.