ახალმა ანალიზებმა პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის ნიშნებს ვერ მიაგნო — #1tvმეცნიერება
ახალმა ანალიზებმა პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის ნიშნებს ვერ მიაგნო — #1tvმეცნიერება

ვენერას ღრუბლების ქიმიური შემადგენლობის ანალიზის ახალმა მეთოდმა ცხადყო, რომ იქ არ გვხვდება გოგირდის მომხმარებელი სიცოცხლის მიმანიშნებელი რაიმე ბიომარკერი.

ამ ეტაპზე ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი პასუხი გაეცა კითხვას ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის შესაძლო არსებობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება ახალი ინფორმაციის მიღებამდე. ვენერას ატმოსფეროს ზედა ნაწილის კომპლექსური ქიმიური შემადგენლობა უბრალოდ ვერ აიხსნება სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის არსებობით.

მას შემდეგ, რაც მეცნიერთა ჯგუფმა 2020 წელს ვენერას ღრუბლებში აირ ფოსფინის აღმოჩენის შესახებ გვამცნო, აგორდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ვენერას ღრუბლების ზომიერ განედებზე შეიძლება სიცოცხლე იყოს.

თუმცა, ეს მოსაზრება ახალი არ არის; ეს იდეა პირველად ჯერ კიდევ 1967 წელს გაუჩნდა ბიომეცნიერ ჰაროლდ მოროვიცს და ასტრონომ კარლ სეიგანს.

უფრო ბოლო პერიოდში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მინიშნებებს შეიძლება შეიცავდეს ქიმია — და ვენერას ღრუბლებში სიცოცხლე შეიძლება ჩამოყალიბდა გოგირდზე დაფუძნებული მეტაბოლიზმით, იმის მსგავსად, რაც აქ, დედამიწაზეც გვხვდება მიკროორგანიზმებში. გოგირდის ნაერთის — გოგირდის დიოქსიდის (SO2) ხელწერა ვენერაზე ძლიერ თავისებურია: უხვად არის დაბალ სიმაღლეზე, მაღლა კი საკმაოდ დაბალი.

„გასული ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით აგვეხსნა გოგირდის ის უცნაური ქიმია, რასაც ვენერას ღრუბლებში ვხედავთ. უცნაური ქიმიისთვის სიცოცხლე საკმაოდ კარგი ახსნაა და შესაბამისად, ვიკვლევდით, არსებობს თუ არა გზა, რომლითაც სიცოცხლე პოტენციურად ახსნიდა იმას, რასაც იქ ვხედავთ“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი და ქიმიკოსი პოლ რიმერი.

რამდენად კარგიც არ უნდა იყოს უცნაური ქიმიის ასახსნელად, სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობ ფორმას იმდენადვე ცუდად გამოსდის საკუთარი არსებობის დამალვა, იქნება მიწისქვეშ, მღვიმეში თუ სადმე სხვაგან.

ბიოლოგიური პროცესები საკუთარი გარემოდან ელემენტებს მოიპოვებს და მათ სხვადასხვა ელემენტებად გადააქცევს. ამის კარგი მაგალითია სუნთქვა: ადამიანები ჟანგბადს ვსუნთქავთ, მაგრამ ნახშირორჟანგს ამოვისუნთქავთ. ხეები ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ.

ვენერას ქიმია დედამიწისგან ძლიერ განსხვავდება; მისი ატმოსფერო უკიდურესად მდიდარია გოგირდით — მისი კონცენტრაცია 100 000-ჯერ მაღალია, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროში და გვხვდება ისეთი ნაერთების სახით, როგორებიც არის გოგირდის დიოქსიდი, გოგირდმჟავა, კარბონილის სულფიდი.

ახალ კვლევაში, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი სინ ჯორდანი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ის ქიმიური რეაქციები, რასაც უნდა ველოდეთ ვენერას ატმოსფეროში ენერგიის ხელმისაწვდომი წყაროებიდან გამომდინარე.

„ვსწავლობდით ვენერას ატმოსფეროში გოგირდზე დაფუძნებული „საკვების“ ხელმისაწვდომობას — ასეთ რაიმეს მე ან თქვენ ვერ შევჭამთ, მაგრამ ის ენერგიის მთავარი ხელმისაწვდომი წყაროა“, – ამბობს ჯორდანი.

მისი განცხადებით, თუ ამ საკვებს სიცოცხლე მოიხმარს, ამის მტკიცებულება იქნებოდა ატმოსფეროში კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებათა დაკარგვა და გამომუშავება.

განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო გოგირდის დიოქსიდის უცნაური ხელწერა. აქ, დედამიწაზე, ეს ნაერთი ვულკანურად წარმოიქმნება და შეიძლება ასე ხდებოდეს ვენერაზეც.

თუმცა, თუკი ვენერას ატმოსფეროს ზედა ნაწილში გოგირდზე დაფუძნებული მეტაბოლიზმის მქონე ორგანიზმები ბინადრობენ, სწორედ ისინი შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელი იმ ზონაში გოგირდის დიოქსიდის უცნაურ ნაკლებობაზე.

მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ გოგირდზე დაფუძნებული მეტაბოლიზმს, რომელსაც თეორიულად შეიძლება იყენებდეს ვენერას ატმოსფეროში ხელმისაწვდომი ქიმიური სახეობები.

ამ მოსაზრების, როგორც საფუძვლის გამოყენებით, ჯორდანმა და მისმა კოლეგებმა სცადეს იმ ქიმიური რეაქციების მოდელირება, რომლებიც იქ უნდა მიმდინარეობდეს, სადაც სიცოცხლის ეს ფორმებია წარმოდგენილი; მათი მიზანი იყო ენახათ, წარმოქმნიდნენ თუ არა ისინი ვენერას ატმოსფეროს ისეთ შემადგენლობას, როგორსაც ვხედავთ.

დაადგინეს, რომ გოგირდის მომხმარებელი სიცოცხლე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი გოგირდის დიოქსიდის შემჩნეულ სიმცირეზე, მაგრამ ამ ზომის ბიომასის მეტაბოლური პროცესების შედეგად ასევე უნდა წარმოიქმნებოდეს სხვა ნაერთები ისეთი რაოდენობით, რაც იქ უბრალოდ არ არის.

„თუკი სიცოცხლის მიერ იქნებოდა წარმოქმნილი SO2-ის ის დონე, რასაც ვენერაზე ვხედავთ, ასევე აირეოდა ის ყველაფერი, რაც ვენერას ატმოსფეროს ქიმიის შესახებ ვიცით“, — ამბობს ჯორდანი.

ამბობს იმასაც, რომ სურდათ, სიცოცხლე პოტენციური ახსნა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც მოდელები გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის.

„თუმცა, თუ სიცოცხლე არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ვენერაზე ვხედავთ, გადასაჭრელი პრობლემა მაინც რჩება — იქ ძალიან ბევრი უცნაური ქიმიაა“, — ამბობს ჯორდანი.

ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ან რატომ ქრება გოგირდის დიოქსიდი ვენერას ატმოსფეროს ზედა ნაწილში და შესაბამისად, ეს კითხვა ღია რჩება. ასევე შესაძლებელია, რომ არსებობს უცნობი მეტაბოლიზმის მქონე ბიოსფერო, რომლის შესახებაც იქამდე ვერ გავიგებთ, ვიდრე იქ ხომალდი არ გაივლის და შეამოწმებს.

ამასობაში კი, მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათი კვლევა გვთავაზობს ჩარჩოს, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს უცხო პლანეტებზე საჰაერო ბიოსფეროს სიმულირებაში და შესაბამისად, ეგზოპლანეტების ატმოსფეროში სიცოცხლის ძებნაში. გამომდინარე იქიდან, რომ ეგზოპლანეტათა ატმოსფერო საუკეთესო ადგილია სიცოცხლის ნიშნების საძებნელად, საკმაოდ კარგი მიღწევაა.

„თუნდაც ჩვენი ვენერა „მკვდარი“ იყოს, არ არის გამორიცხული, სხვა სისტემებში ვენერას მსგავს პლანეტებზე სიცოცხლე ყვაოდეს. შეგვიძლია აქ ნასწავლი ავიღოთ და მოვარგოთ ეგზოპლანეტურ სისტემებს — ეს მხოლოდ დასაწყისია“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი და ქიმიკოსი პოლ რიმერი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.