სრულიად მოულოდნელად, NASA-ს ხომალდმა ვენერას ზედაპირის გადაღება შეძლო — #1tvმეცნიერება
სრულიად მოულოდნელად, NASA-ს ხომალდმა ვენერას ზედაპირის გადაღება შეძლო — #1tvმეცნიერება

NASA-ს პარკერის მზის ზონდმა გადაიღო წითელი ცხელი ნათება, რომელიც ვენერას ზედაპირიდან მის ტოქსიკურ ღრუბლებში ამოდის — აღმოჩენა, რომელიც ამ კლდოვანი პლანეტის მინერალური შემადგენლობის შესწავლაში დაგვეხმარება.

პარკერის ინსტრუმენტ Wide-field Imager-ის (WISPR) მონაცემების საშუალებით, მეცნიერებმა პლანეტის სქელი ატმოსფეროს ქვეშ ჩაიხედეს და აღმოაჩინეს ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნები, როგორებიც არის მთიანი ადგილები, პლატოები და ვაკეები.

„ვენერა ცაში მესამე ყველაზე კაშკაშა ობიექტია, მაგრამ ბოლო დრომდე არ გვქონდა ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გამოიყურება მისი ზედაპირი. იმიტომ, რომ ხედს მისი სქელი ატმოსფერო გვიხშობს. ახლა კი, როგორც იქნა, მის ზედაპირს პირველად ვხედავთ ხილულ ტალღის სიგრძეებში, კოსმოსიდან“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ბრაიან ვუდი.

მიუხედავად იმისა, რომ ვენერა დედამიწასთან შედარებით ახლოს არის, საკმაოდ რთულად შესასწავლია. მას დედამიწის „ბოროტ ტყუპისცალსაც“ უწოდებენ, რადგან აქვს ჩვენი პლანეტის მსგავსი ზომა, მასა, სტრუქტურა და შემადგენლობა, მაგრამ ძლიერ არახელსაყრელია სიცოცხლისთვის.

დედამიწა ზომიერი და წყლიანია; ვენერა კი მშრალი და სავარაუდოდ ვულკანურადაც აქტიურია; მის ზედაპირზე ტემპერატურა 471 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.

ვენერას ცა სავსეა სქელი, ტოქსიკური ღრუბლებით, რომლებიდანაც გოგირდმჟავას წვიმა მოდის. ამის გამო, პლანეტა ადგილზე ძნელად შესასწავლია. წარსულში გაგზავნეს ხომალდები, რომლებიც ზედაპირზე მალევე დადნა. მხუთავი ღრუბლები ზედაპირის გარე დაკვირვებებს შეუძლებელს არა, მაგრამ საკმაოდ რთულს ხდის.

სწორედ აქ გააკვირვა მეცნიერები პარკერის ინსტრუმენტმა WISPR-მა. შარშან მან ვენერას ღამის მხარის რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომელშიც თითქოს ზედაპირის რაღაც მახასიათებლებიც ჩანდა, ღრუბელთა შრეებს მიღმა.

WISPR ხილულ სინათლეზეა მორგებული. ანუ, სურათებს იმ ტალღის სიგრძეებში იღებს, რომლებსაც ადამიანის თვალიც ხედავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტს უფრო მეტიც შეუძლია — სპექტრის ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღება, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. ინფრაწითელი და ახლო ინფრაწითელი ტალღის სიგრძეები თერმული ენერგიისაა, ანუ სითბოსი.

ვენერას დღის მხარეს, რომელიც მზისგან თბება, ზედაპირიდან წამოსული ნებისმიერი ინფრაწითელი გამოსხივება დაიკარგება. მაგრამ მოულოდნელად, ღამის მხარეს პლანეტის ზედაპირის ტემპერატურული ცვლილებები ინსტრუმენტისთვის დაფიქსირებადი აღმოჩნდა.

„იმდენად ცხელა, რომ ვენერას კლდოვანი ზედაპირი ხილულად ვარვარებს, როგორც სამჭედლო ქურიდან გამოღებული რკინის ნაჭერი“, — განმარტავს ვუდი.

ვენერას ზედაპირის საკმაოდ კარგი გეოლოგიური რუკა მოგვცეს სხვა ტექნოლოგიებმა, მაგალითად, ზონდ „მაგელანის“ რადარულმა ვიზუალიზაციამ 1990-იან წლებში და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „აკაცუკის“ ინფრაწითელმა ვიზუალიზაციამ. მკვლევართა განცხადებით, WISPR-ის წვლილს ჩვენი წარმოდგენა უკვე ხილული სპექტრის ზღვრამდე მიჰყავს.

შარშან ვენერას თავზე გადაფენისას, პარკერმა გამოავლინა რეგიონი სახელად აფროდიტე-ტერა — უდიდესი მაღალმთიანი რეგიონი ვენერას ზედაპირზე. ის ბნელი ლაქის სახით გამოჩნდა კაშკაშა ღრუბლების ფონზე. იმიტომ, რომ რადგან მაღალია, აფროდიტე-ტერა გაცილებით ცივია, ვიდრე მიმდებარე რელიეფი და შესაბამისად, პლანეტის ინფრაწითელ ან ახლო ინფრაწითელ ფოტოებზე ის ხილულია.

ფოტოებზე გამოჩნდა სხვა წარმონაქმნებიც. ტელუს-რეჯიოს პლატო და აინო-პლანიტიას ვაკეები ასევე მოიცავს მაღალ წარმონაქმნებს, რომელთა გამოც, ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში ისინიც ხილულია ღრუბლებს მიღმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტოპოგრაფიის თვალსაზრისით ფოტოებზე არაფერი ახალი არ გვინახავს, მონაცემები მაინც გვეხმარება ვენერას უკეთ შესწავლაში. ვინაიდან სხვადასხვა მინერალები სითბოს სხვადასხვანაირად ატარებენ და გამოყოფენ, გამოსხივების საფუძველზე შესაძლებელია პლანეტის ზედაპირის მინერალოგიური შემადგენლობის რეკონსტრუქცია.

ეს კი თავის მხრივ ვენერას ისტორიის უკეთესად შესწავლაში გვეხმარება. მაგალითად, ვიცით, რომ წარსულში ვენერა ვულკანურად ძლიერ აქტიური იყო.

მისი ზედაპირის შესწავლა შეიძლება იმის დადგენაში დაგვეხმაროს, რამდენად ფართომასშტაბიანი იყო და როდემდე გრძელდებოდა ეს აქტივობა. ამჟამად არსებულ მონაცემებზე ხილული და ახლო ინფრაწითელი მონაცემების დამატება კიდევ უფრო გააფართოებს ტალღის სიგრძეთა იმ დიაპაზონს, რომელიც მეცნიერებს ამის დასადგენად სჭირდებათ.

პარკერის ძირითადი მიზანი მზის შესწავლაა; ვენერაზე ჩატარებული დაკვირვებები თითქმის შემთხვევითია. ეს ხომალდი ვენერას გრავიტაციული დახმარების მანევრებისთვის იყენებს, ანუ, პლანეტის გრავიტაცია მას სიჩქარეს აძლევს და აზუსტებს მარშრუტის მიმართულებას.

ჯამში დაგეგმილია შვიდი ასეთი მანევრი; ამ დროისათვის უკვე განხორციელებულია ხუთი. ვენერას ღამის მხარეს დაკვირვებებისთვის მხოლოდ ორი გადაფრენა აღმოჩნდა ხელსაყრელი.

დარჩენილი ორი გრავიტაციული დახმარებიდან, მხოლოდ ერთი იძლევა ვენერაზე დაკვირვებების საშუალებას: საბოლოო გრავიტაციული დახმარება, რომელიც 2024 წლის 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.