რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა #1tvმეცნიერება
რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა #1tvმეცნიერება

NASA-ს პარკერის მზის ზონდმა ახალი ისტორია დაწერა — მზესთან იმაზე ახლოს მივიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კოსმოსური ხომალდი ოდესმე. ამ დროს, მის დამცავ ფარზე ტემპერატურა 930 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.

მისია 2018 წელს გაუშვეს და შვიდ წელიწადზეა გათვლილი; შედეგად, უნდა გაღრმავდეს სამეცნიერო გაგება ჩვენი დედავარსკვლავის შესახებ, რაც თავის მხრივ, დაგვეხმარება იმ კოსმოსურ მოვლენათა უკეთ პროგნოზირებაში, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

მზესთან ყველაზე ახლო წერტილში მისვლა 24 დეკემბერს მოხდა, მაგრამ დადასტურებისთვის, მისიის მეცნიერებს რამდენიმე დღით მოცდა უწევთ, რადგან ასეთი სიახლოვის გამო, ხომალდთან კავშირი გაწყდა.

„ზუსტად ამ წუთებში, პარკერის მზის ზონდი მზესთან იმაზე ახლოს დაფრინავს, ვიდრე ოდესმე უფრენია ნებისმიერ რამეს — დაახლოებით 6,1 მილიონი კილომეტრის მანძილზე. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ეს შევძელით“, — ამბობს NASA-ს წარმომადგენელი ნიკი ფოქსი.

დედამიწასა და მზეს შორის მანძილი რომ ამერიკული ფეხბურთის მოდენის სიგრძის იყოს, ხომალდი ყველაზე ახლოს მისვლის მომენტის ბოლო ზონაში იქნებოდა — ამას პერიჰელიონს უწოდებენ.

„ის NASA-ს თამამი მისიის მაგალითია, აკეთებს იმას, რაც ჯერ არავის არასდროს გაუკეთებია, რათა პასუხი გაგვცეს სამყაროს შესახებ არსებულ დიდი ხნის კითხვებზე. მოუთმენლად ველოდებით სტატუსის პირველ განახლებას ხომალდისგან, რის შემდეგაც დავიწყებთ სამეცნიერო მონაცემთა მიღებას“, — ამბობს პროგრამის მეცნიერი ერიკ პოზნერი.

პარკერი 690 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს; ანუ, ვაშინგტონიდან ტოკიოში სულ რაღაც ერთ წუთში ჩავიდოდა.

„პარკერი მონაცემებს ჯერ მთლად შეუსწავლელი ტერიტორიიდან მოგვაწვდის“, — ამბობს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკ პინკინი.

პარკერის ზონდი მეცნიერებს მზის უდიდეს საიდუმლოთა ამოხსნაში ეხმარება. მათ შორის — როგორ წარმოიქმნება მზის ქარი, რატომ არის გვირგვინი (კორონა) უფრო ცხელი, ვიდრე ზედაპირი და როგორ ხდება კორონული მასის ამოფრქვევები (პლაზმის მასიური ღრუბლები, რომლებიც მზიდან კოსმოსში იტყორცნება).

პარკერი მზეს ასეთივე მანძილზე კიდევ ორჯერ ჩაუფრენს — 2025 წლის 22 მარტს და 19 ივნისს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.