ვენერას თავზე გადაფრენისას, NASA-ს ხომალდმა პლანეტის ატმოსფეროში რადიოსიგნალი დააფიქსირა — #1tvმეცნიერება
ვენერას თავზე გადაფრენისას, NASA-ს ხომალდმა პლანეტის ატმოსფეროში რადიოსიგნალი დააფიქსირა — #1tvმეცნიერება

2020 წლის ივლისში, ვენერას თავზე ახლოდან გადაფრენისას, NASA-ს პარკერის მზის ზონდმა რაღაც უცნაური დააფიქსირა.

როდესაც ვენერას ზედაპირიდან 833 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა, ზონდის ინსტრუმენტებმა დაბალი სიხშირის რადიოსიგნალი ჩაიწერეს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ პარკერმა გაიარა იონოსფეროში, ანუ პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილში.

ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ინსტრუმენტებით ვენერას ზედა ატმოსფეროში გაზომვების ჩატარება ადგილზე მოხერხდა; ჩაწერილი მონაცემები ახალ ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, როგორ იცვლება ვენერა მზის ციკლური ცვლილებების საპასუხოდ.

„ვენერას ახალი მონაცემებით ზედმეტად აღფრთოვანებული ვიყავი“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის ასტრონომი გლინ კოლინსონი.

ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ვენერა მომაჯადოებელი პლანეტაა. ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგავს ჩვენს პლანეტას, მაგრამ არის ერთი დიდი განსხვავება: ტოქსიკური, ჯოჯოხეთურად ცხელი პლანეტაა, რომელიც სრულიად შეუფერებელია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის.

პლანეტურ მეცნიერთა და ირმის ნახტომში სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების მძებნელ ასტრიბიოლოგთა ღრმა ინტერესის საგანია, როგორ განვითარდა ეს ორი პლანეტა ასე სხვადასხვა გზით.

ვენერას შესასწავლად მხოლოდ რამდენიმე მისიაა განხორციელებული. ზედაპირზე ხომალდების გაგზავნას დიდი აზრიც არ აქვს, რადგან ვერ გაუძლებენ იქ არსებულ 462 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას.

პრობლემურია ორბიტაზე ზონდების გაგზავნაც, რადგან ვენერას ნახშირორჟანგის უკიდურესად სქელი ატმოსფერო აქვს, არის გოგირდმჟავას წვიმის ღრუბლები, რაც ზედაპირის დანახვას ართულებს.

ამ მიზეზით, ვენერა მისიებისათვის პოპულარული სამიზნე არ არის (თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებში გაგზავნილ იაპონიის ხომალდ აკაცუკის, რომელიც მის ორბიტაზე მოძრაობს); უახლესი მონაცემების დიდი ნაწილიც ნაწილობრივია და ისიც სხვა მისიებისთვის განკუთვნილ ხომალდთა მიერ შეგროვებული.

ასეთია ზონდი „პარკერიც“ რომელიც NASA-მ მზის დეტალურად შესასწავლად გაუშვა; ვენერა მან გრავიტაციული დახმარების მანევრისთვის გამოიყენა — პლანეტას გარს რამდენჯერმე შემოუარა, რათა მისი გრავიტაციის წყალობით, სიჩქარე და ტრაექტორია შეეცვალა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გარშემოვლისას დააფიქსირა მისმა ინსტრუმენტებმა რადიოსიგნალი.

„მეორე დღეს გავიღვიძე და ვიფიქრე, რომ ვიცოდი, რაც იყო ჩემ წინაშე“, — ამბობს გლინ კოლინსონი.

ეს სწორედ ისეთი სიგნალი იყო, როგორიც ზონდმა „გალილეომ“ ჩაიწერა იუპიტერის მთვარეების იონოსფეროში გავლისას — ატმოსფეროს ზედა ფენაში, რომელიც დედამიწას და მარსსაც აქვთ, სადაც მზის რადიაცია ატომებს აიონიზებს და შედეგად წარმოიქმნება დამუხტული პლაზმა, რომელიც დაბალი სიხშირის რადიოსიგნალებს გამოყოფს.

მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა გააცნობიერეს, თუ რა სახის სიგნალი იყო მათ წინაშე, მისი გამოყენებით შეძლეს ვენერას იონოსფეროს სიმკვრივის გამოთვლა და შეადარეს ბოლო პირდაპირი გაზომვისას, 1992 წელს აღებულ მონაცემებს. საინტერესოა, რომ იონოსფერო ახლა იმაზე ოდნავ თხელი აღმოჩნდა, ვიდრე 1992 წელს იყო.


მკვლევართა აზრით, ამას რაღაც კავშირი აქვს მზის ციკლებთან. ყოველ 11 წელიწადში ერთხელ მზის პოლუსები ადგილებს ცვლიან, სამხრეთი ჩრდილოეთის ადგილს იკავებს, ჩრდილოეთი კი სამხრეთისას. უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს, მაგრამ ცნობილია, რომ პოლუსების გადანაცვლება ხდება მაშინ, როდესაც მაგნიტური ველი ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია.

ვინაიდან მზის მაგნიტური ველი მის აქტივობას აკონტროლებს, მაგალითად, მზის ლაქებს, მზის ანთებებს და კორონარული მასის ამოფრქვევებს, ციკლის ეს ეტაპი (პოლუსების გადანაცვლება) ძალიან მცირე აქტივობებით გამოირჩევა და მზის მინიმუმს უწოდებენ.

მას შემდეგ, რაც პოლუსები ადგილებს გაცვლის, მაგნიტური ველი ძლიერდება და მზის აქტივობა თანდათან მზის მაქსიმუმზე ადის, შემდეგ კი ისევ გადანაცვლება იწყება.

დედამიწიდან ჩატარებული ვენერას გაზომვები მიუთითებდა, რომ ვენერას იონოსფერო მზის ციკლების სინქრონულად იცვლებოდა, მზის მაქსიმუმის დროს სქელდება და მინიმუმისას თხელდება. თუმცა, პირდაპირი გაზომვების გარეშე ამის დადასტურება რთული იყო.

1992 წელს გაზომვა მზის მაქსიმუმის მოახლოებისას ჩატარდა, 2020 წელს კი მინიმუმის მოახლოებისას. შედეგები თანხვედრაშია დედამიწიდან ჩატარებულ გაზომვებთან.

„როდესაც მრავალი მისია ერთსა და იმავე შედეგს დებს, ერთმანეთის მიყოლებით, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ წინაშე რეალობაა“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის ასტრონომი რობინ რამშტადი.

ამ დროისათვის დაზუსტებით ცნობილი არ არის, რატომ აქვს მზის ციკლს ვენერას იონოსფეროზე ეს ეფექტი, მაგრამ არსებობს ორი წამყვანი თეორია.

პირველი თეორიის მიხედვით, იონოსფეროს ზედა საზღვარი მზის მინიმუმის დროს შეიძლება დაბლა მიმართულებით იკუმშებოდეს, რაც ვენერას განათებულ მხარეზე იონიზებულ ატომებს ბნელ მხარეზე გადინების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც, ღამის მხარეს იონოსფერო უფრო თხელი რჩება. მეორე თეორიის მიხედვით კი, მზის მინიმუმის დროს იონოსფერო კოსმოსში სწრაფად ჟონავს.

პარკერის მზის ზონდის მონაცემებით არც ერთი ეს სცენარი არ გამოირიცხება, მაგრამ ჯგუფი იმედოვნებს, რომ სამომავლო მისიები და დაკვირვებები ამ პროცესის მექანიზმს ზუსტად დაადგენს. ამან კი თავის მხრივ შეიძლება უკეთესი ცნობები მოგვცეს იმის შესახებ, რატომ გახდა ვენერა ასეთი, დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებული.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი