მზის მინიმუმი ახლოვდება — რას ნიშნავს ეს მოვლენა და რა უნდა ვიცოდეთ
მზის მინიმუმი ახლოვდება — რას ნიშნავს ეს მოვლენა და რა უნდა ვიცოდეთ

მზის 11-წლიან ჩვეულებრივ ციკლში მალე შეიძლება დადგეს პერიოდი, რომელსაც მზის მინიმუმი ეწოდება. საშიში არაფერია, რამდენიმე ასეთ მოვლენას თქვენ შეიძლება უკვე ისე მოესწარით, რომ ვერც კი შენიშნეთ.

ამჟამად ჩვენ მზის 24-ე ციკლში ვიმყოფებით. უცნობია, ზუსტად როდის დადგება შემდეგი მზის მინიმუმი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს სულ მალე უნდა მოხდეს. 2017 წელს ნასა აღნიშნავდა, რომ ეს პერიოდი 2019-2020 წლებში უნდა დადგეს.

შარშან დეკემბერში, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მზის 25-ე ციკლის პროგნოზირების კომიტეტმა განაცხადა, რომ „მზის მინიმუმი 24-ე და 25-ე ციკლებს შორის, დადგება 2020 წლის აპრილში (+/- 6 თვე)“.

შესაბამისად, ჩვენ ან უკვე შევედით მზის მინიმუმში, ან ახლა შევდივართ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

მზის ციკლი ეფუძნება მზის მაგნიტურ ველს, რომელიც ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ტრიალდებ, ანუ ადგილებს ცვლიან მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები. უცნობია, რა მართავს ამ ციკლებს; ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს პლანეტების შესაბამისი განლაგება ყოველ 11,07 წელიწადში ერთხელ, თუმცა პოლუსები ადგილებს მაშინ ცვლიან, როდესაც მაგნიტური ველი ყველაზე სუსტი ხდება, რასაც მზის მინიმუმს უწოდებენ.

იმის გამო, რომ მზის მაგნიტური ველი აკონტროლებს ჩვენი ვარსკვლავის აქტივობას — მზის ლაქებს, კორონარული მასის ამოფრქვევებსა და მზის ანთებებს, ციკლს ვაფიქსირებთ მაშინ, როდესაც ეს აქტივობები იცვლება. მზის მინიმუმის დროს, მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი მზის ლაქები და ამოფრქვევები.

ეს ყველაფერი თანდათან იცვლება და მზე კვლავ მზის მაქსიმუმს აღწევს. მაგნიტური ველი ძლიერდება, იზრდება მზის ლაქები და ამოფრქვევათა აქტივობა, შემდეგ კი კვლავ მინიმუმი დგება.

ზოგადად, მზის ციკლები დედამიწაზე არ შეიმჩნევა. ერთადერთი, მზის მაქსიმუმის დროს შეიძლება დავინახოთ უფრო მეტი პოლარული ციალი, რადგან ამ ციალს სწორედ მზის აქტივობა წარმოქმნის. მზის აქტივობის ზრდამ ასევე შეიძლება დააზიანოს რადიოკომუნიკაციები და სანავიგაციო თანამგზავრები. მაქსიმუმის დროს, მზეზე დამკვირვებელი ხალხი დაინახავს უფრო მეტ ლაქებს.

მზის მინიმუმისას მცრიდება მზის ულტრაიისფერი რადიაცია, მაგრამ ამის ეფექტი პირველ რიგში იგრძნობა სტრატოსფეროსა და ატმოსფეროს ზედა ფენებში. შედეგად, ოდნავ იკუმშება დედამიწის ატმოსფერო. საპირისპირო ხდება მზის მაქსიმუმის დროს — იზრდება ულტრაიისფერი რადიაცია, რასაც გავლენა აქვს ნალექებზე, მაგრამ უმნიშვნელოა ეფექტი ტემპერატურაზე.

გარდა ამისა, მზის მინიმუმის დროს იზრდება გალაქტიკური კოსმოსური სხივების რაოდენობაც ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა მაგალითად, სუპერნოვები. ამ რადიაციისგან, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კიბოს რისკი, ზედაპირზე მყოფთ დედამიწის ატმოსფერო გვიცავს, მაგრამ ნაკლებად დაცულები არიან ასტრონავტები.

კავშირი ტემპერატურის ვარდნასთან, მიწისძვრებთან და სტიქიურ უბედურებებთან უმნიშვნელოა. რამდენიმე დღის წინ, ტაბლოიდმა The Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნასას ანონიმური თანამშრომელი შიშობდა, რომ შეიძლება განმეორდეს დალტონის მინიმუმის სახელით ცნობილი მოვლენა.

ეს მოვლენა მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა და გამოირჩეოდა ექსტრემალური პერიოდით დედამიწის აღრუცხულ ისტორიაში. 1816 წელს ზაფხული საერთოდ არ ყოფილა. ტემპერატურა დავარდა, ვერ მოვიდა მოსავალი და მსოფლიოში მრავალი ადამიანი შიმშილითა თუ სიცივით მოკვდა.

ამ მოვლენას არაფერი ჰქონდა საერთო მზის აქტივობასთან. ყველაფერი გამოწვეული იყო ინდონეზიაში ვულკან ტამბორას უზარმაზარი ამოფრქვევით. გარდა ამისა, 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ ვერ იპოვა კავშირი მზის აქტივობასა და მიწისძვრებს შორის.

მზის ბოლო ციკლი შედარებით მშვიდი იყო, რამაც გააჩინა შიშები მზის დიდი მინიმუმის მოახლოების შესახებ. ეს გახლავთ პერიოდი, რომელიც რამდენიმე ციკლის დროით გრძელდება და თითქმის არ დგება მაქსიმუმი. ვარაუდობენ, რომ ამ დროს ეცემა გლობალური ტემპერატურა და დგება მინი გამყინვარების ხანა. ამ მოსაზრებას წლის დასაწყისში ნასაც გამოეხმაურა.

„ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების მიერ წარმოქმნილი დათბობა ექვსჯერ უფრო დიდია, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მზის დიდი მინიმუმით გამოწვეული შესაძლო გაციება“, — აღნიშნავს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო.

ნასას განცხადებით, იმ მზის დიდი მინიმუმი საუკუნის განმავლობაშიც რომ გაგრძელდეს, გლობალური ტემპერატურა თანდათან გათბება, რადგან დედამიწაზე ტემპერატურას იმაზე გაცილებით მეტი ფაქტორი ცვლის, ვიდრე უბრალოდ მზის აქტივობა. დღეისათვის მათ შორის დომინანტია ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების მიერ წარმოქმნილი დათბობა.

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, არსებობს კავშირი მზის მინიმუმსა და ვულკანურ აქტივობას შორის, თუმცა, კვლევათა უმეტესობა ამას არ ადასტურებს. შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან მზე ახლა გაცილებით აქტიურია, ვიდრე დალტონის მინიმუმის დროს იყო — 1790-1830 წლებში შეინიშნებოდა მზის ლაქების ძალიან დაბალი აქტივობა.

და კიდევ, მართალია, 24-ე ციკლი უფრო მოკლე იყო, მაგრამ სამაგიეროდ, წინა ციკლები გამოირჩეოდნენ უჩვეულო სიძლიერით. 24-ე ციკლის დროს მზე აქტივობის უფრო ნორმალურ დონეს დაუბრუნდა.

მაშასადამე, მზის მინიმუმი, რომელშიც მალე შევალთ, სულაც არ არის რაღაც უჩვეულო და ისეთივე ინტენსივობას უნდა ველოდოთ, როგორც წინა ციკლებში.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.