ბირთვული ბრძოლა დედამიწასა და მზეს შორის
ბირთვული ბრძოლა დედამიწასა და მზეს შორის

მზის ბირთვის სიღრმეში, ქაოსურად მოძრავი კონვექციური წყალბადისა და ჰელიუმის სამეფოში, ნამდვილი ბირთვული ცეცხლი მძვინვარებს. 15 მილიონ გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ჯოჯოხეთური წნევა იმდენად მაღალია, რომ ერთად კუმშავს წყალბადის ატომბირთვებს, „გამოჭედავს“ ელემენტურ ჰელიუმს და მცირე ენერგიასაც გამოყოფს. უთვალავი ასეთი რეაქციის შედეგად, ეს ენერგია აკუმულირდება და ფოტონების ფორმით მიემართება ბობოქარი ზედაპირისაკენ.

გათავისუფლების შემდეგ, ფოტონები ცარიელ სივრცეში იჭრებიან და მზის სისტემას რადიაციითა და სითბოთი ავსებენ, მაგრამ ისინი მარტონი არ არიან. მზის გულში დამალული ენერგია ზედაპირზე მგზნებარედ დუღდება და ამ კინეტიკური ალიაქოთის შედეგად, ასევე გაიფანტება ნაწილაკთა ტალღები — მზის კორონალური ატმოსფეროს წყალბადისა და ჰელიუმის შემადგენლები, რომლებიც გარეთ, კოსმოსში იჭრებიან.

ეს გახლავთ მზის ქარი.

მზის რადიაცია სინათლის სიჩქარით ვრცელდება, რბოლაში ჯაბნის ნაწილაკებს და დედამიწაზე პირველი აღწევს. სწორედ მაშინ იწყება ჭირვეული „ცეკვა“. სინათლის გარკვეულ ნაწილს ატმოსფერო აირეკლავს, ზოგიერთ ნაკადს შთანთქავს აზოტის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ფენები. თუმცა, რაღაც ნაწილი მაინც აღწევს პლანეტის ზედაპირამდე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, სად პოულობს დასასრულს მზის სინათლე, მისი სიკაშკაშე თანაბრად არ ნაწილდება. საკუთარი ღერძის მიმართ დედამიწის დახრილობის გამო, ეკვატორი მთელი წლის განმავლობაში კარგად თბება, პოლუსები კი ვერა.

ფიზიკის სხვა კანონების ჩარევის გარეშე, ეკვატორის ცხელი და პოლუსების ცივი ჰაერი და წყალი ერთმანეთის დაბალანსებას შეეცდებოდა. ზედაპირზე წარმოქმნილი ჩრდილოეთი-სამხრეთის მძვინვარე ქარები და ოკეანეთა დინებები თან წაიღებდნენ და გადაანაწილებდნენ ენერგიას, მაგრამ ჩვენი პლანეტის ბრუნვის ეფექტი, რომელსაც კორიოლისის ძალას უწოდებენ, ამ სწორხაზოვან ქარებსა და დინებებს ოკეანეებსა და კონტინენტებზე გადაჭიმულ მასიურ ცირკულაციურ სისტემებად გარდაქმნის.

ჩვენი ამინდის სისტემის საბოლოო წყარო მაინც მზეა. დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, ამ სისტემებს ფანტასტიკურად კომპლექსურს ხდის, სრულიად მოულოდნელი შედეგებით. მაგალითად, გოლფსტრიმის დინებას თბილი წყალი და ჰაერი კონტინენტურ ევროპამდე და ისლანდიამდეც კი მიაქვს, რის გამოც, ამ რეგიონების ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე მათ განედებზე უნდა იყოს.

თუმცა, მზე მთელი თავისი დიდებულებით, ჩვენი პლანეტის სითბოს ერთადერთი წყარო როდია.

დედამიწის ბირთვი ძალიან ცხელია. მტვრისა და გაზის ღრუბლის შეზრდისას, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტა წარმოიქმნა, უზარმაზარი ენერგია გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლანეტა უკვე 4 მილიარდზე მეტი წლისაა, მას თავდაპირველი ენერგიის გარკვეული ნაწილი კვლავ შენარჩუნებული აქვს.

გარდა ამისა, დედამიწა დაიბადა დიდი ოდენობით რადიოაქტიურ ელემენტთან ერთად, უნდა აღინიშნოს ურანი და პლუტონი. ამ ლითონთა უმეტესობა დამარხულია ბირთვისა და მანტიის სიღრმეებში. დროთა განმავლობაში, ისინი მსუბუქ ელემენტებად იშლება და ამ პროცესში გამოიყოფა სითბო.

ეს ორი წყარო დედამიწის შიდა სითბოს ძირითადი გენერატორებია, რაც პლანეტის ბუხარს მუდმივად თბილს ინარჩუნებს ცივ კოსმოსურ ვაკუუმში. სწორედ ეს სითბო წარმართავს ჩვენი პლანეტის გეოლოგიურ პროცესებს. ვულკანები და ცხელი წყაროები ჩვენს ფეხქვეშ არსებულ გამდნარ მასათა შედეგია. გარდა ამისა, კონტინენტებისა და ოკეანური ფილების ნელ მოძრაობას ასევე დედამიწის საკუთარი ენერგია განაპირობებს.

ჩვენი პლანეტის ბირთვში არსებული სიცხე კიდევ სხვა პროცესებს მართავს. დედამიწის წარმოქმნისას, მძიმე ელემენტები, მაგალითად, რკინა, წიაღისკენ წავიდა. მაღალმა ტემპერატურამ ეს ელემენტები გაადნო და წარმოქმნა არამტკიცე, გამდნარი ცენტრალური ნაწილი. პლანეტის ბრუნვა, რომელიც ამინდის მახასიათებლებს მართავს, ასევე იწვევს ბირთვის ბრუნვას.

დამუხტული მეტალებისგან შემდგარი ეს ბირთვი წარმოშობს მძლავრ მაგნიტურ ველს, გაცილებით ძლიერს, ვიდრე მზის სისტემის ნებისმიერ სხვა კლდოვან სხეულს აქვს. სწორედ ამითაც არის ჩვენი პლანეტა განსაკუთრებით უნიკალური.

გარდა მზის რადიაციისა, დედამიწისკენ 1,26 მლნ კმ/სთ სიჩქარით მოემართება მზის ქარებიც. ეს მაღალენერგიული ნაწილაკები იმდენად მძლავრია, რომ თავისუფლად შეუძლია გაანადგუროს ჩვენი პლანეტის თხელი ატმოსფერო, მოლეკულებად დაშალოს და მიმოფანტოს აზოტი და ჟანგბადი და შესაბამისად, ჩვენი მშობლიური პლანეტა დამცავი ფენის გარეშე დატოვოს.

სწორედ ეს უბედურება დაემართა მარსს დიდი ხნის წინ. მაგრამ ჩვენს პლანეტას აქვს რაღაც ისეთი, რაც მარსს არ გააჩნია — მაგნიტური ველი. მზის ქარი შედგება დამუხტული ნაწილაკებისგან, რომლებიც ურთიერთქედებენ ჩვენს პლანეტას გარშემორტყმულ დამცავ ძალასთან. ზოგიერთი ნაწილაკი ამ დროს მთლიანად აირეკლება და სრულიად ახალ ტრაექტორიას იძენს. მაგრამ სხვები, რომლებსაც უფრო მეტი ენერგია აქვთ, ატმოსფეროში შემოდიან და ზედაპირამდეც კი აღწევენ. საბედნიეროდ, ასეთი ნაწილაკები იშვიათია. მათ შეუძლიათ შეიჭრან პირდაპირ დნმ-ის ჯაჭვებში და გაზარდონ კიბოს რისკები.

მიუხედავად ამისა, მზის ქარების გარკვეულ ნაწილაკებს დედამიწის დამცავი მაგნიტური ველი იჭერს და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით წასვლას აიძულებს. მათი საბოლოო გაჩერების ადგილი პლანეტის პოლარული რეგიონებია.

სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს მზის ქარი და დედამიწის ატმოსფერო და შედეგად, ჩვენ წინაშე ჩნდება თვალწარმტაცი მწვანე და წითელი ციალი. დედამიწის მაგნიტურ ველის მიერ მართული მზის ქარის ნაწილაკები ეჯახება ჟანგბადსა და აზოტს და დროებით აცლის ელექტრონებს, რაც მათ კაშკაშს იწვევს.

ეს ლამაზი სანახაობა ჩვენს პლანეტასა და დედავარსკვლავს შორის მიმდინარე კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ის ხდება იქ, სადაც დედამიწის ბირთვში მიმდინარე ბირთვული სინთეზის შედეგად წარმოქმნილი მაგნიტური ველი ეჩეხება მზის ქარს, რომელიც ასევე ბირთვული სინთეზის შედეგადაა წარმოქმნილი, ოღონდ მზის ბირთვში.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი