მზის ყველაზე დიდი შტორმი, რომელიც დედამიწას ოდესმე დასტყდომია თავს
მზის ყველაზე დიდი შტორმი, რომელიც დედამიწას ოდესმე დასტყდომია თავს

მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებს დაახლოებით 2679 წლის წინ მომხდარი უზარმაზარი მზის შტორმის შესახებ. მზის პლაზმის ასეთ ამოფრქვევებსა და ელექტრომაგნიტურ რადიაციას სერიოზული გავლენა აქვს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. შესაბამისად, ასეთი მოვლენების დეტალური შესწავლა უმნიშვნელოვანესია.

მზის ამოფრქვევის მტკიცებულებებს მათ გრენლანდიის მყინვარულ საფარში დამალულ, რადიაციულ ნაწილაკებში მიაგნეს. მკვლევართა აზრით, ეს უნდა ყოფილიყო მზის ერთ-ერთი უდიდესი შტორმი, რომელიც ოდესმე დასტყდომია თავს დედამიწას.

თუკი იგივე მასშტაბის შრტორმი ჩვენს პლანეტას დღეს დაარტყამს, შედეგები უბრალოდ გამანადგურებელი იქნება — მოიშლება რადიოსიგნალები და თანამგზავრული კომუნიკაციები, გაითიშება ელექტროენერგია, დაზიანდება თითქმის ყველა თანამედროვე სისტემა, ბანკინგით დაწყებული, ტრანსპორტირებით დამთავრებული.

გრენლანდიის ყინულების სიღრმიდან აღებული ნიმუშების, ე. წ. კერნის გამოყენებით, რომელიც რომელიც გასული 100 000 წლის განმავლობაში წარმოქმნილ ყინულს შეიცავს — გეოლოგმა რაიმუნდ მაშელერმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ძვ. წ. 660 წელს დედამიწას თავს დაატყდა გიგანტური მზის შტორმი.

ამის ნიშნებს წარმოადგენს ყინულში ჩაჭედილი იზოტოპების —ბერილიუმ-10-ისა და ქლორი-36-ის მომატებული დონე. ისინი იმაზე მეტყველებს, რომ მზის აქტივობით გამოწვეულმა ქიმიურმა რეაქციებმა გაიარა დედამიწის დამცავი მაგნიტური ველი და პლანეტის ზედაპირამდე ჩააღწია.

ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მზის შტორმის განსაკუთრებით ძლიერ ტიპს, ე. წ. პროტონულ შტორმს, რომლის დროს გამოყოფილი ნაწილაკები მაღალენერგიულ პროტონებსაც შეიცავდა.

პროტონული შტორმები სხვა დროსაც მომხდარა. მაგალითად, 1989 წელს მან დიდი ზიანი მიაყენა კანადას, 2003 წელს კი შვედეთს. თუმცა, დაახლოებით 2700 წლის წინ მომხდარი ეს მოვლენა 10-ჯერ და მეტჯერ ძლიერი უნდა ყოფილიყო გასული 70 წლის განმავლობაში მომხდარ ნებისმიერ შტორმზე.

რაიმუნდ მაშელერის განცხადებით, ეს მაღალენერგიული ნაწილაკები პირდაპირ ურტყამენ დედამიწას და წარმოქმნიან ნაწილაკებს, რომლებიც შემდეგ მასზე ახდენენ გავლენას. მათთან ერთად, მზიდან მოედინება დაბალენერგიული ნაწილაკებიც, რომლებიც დედამიწამდე ერთიდან ოთხ დღემდე პერიოდში აღწევენ. საბოლოოდ, წარმოიქმნება გეომაგნიტური შტორმები.

წარსულში მეცნიერებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ დაახლოებით მსგავსი მოვლენები ახ. წ. 774-775 და 993-994 წლებშიც მოხდა. დასკვნა კი ის არის, რომ ეს სასტიკი შტორმები იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, გარდა ამისა, შესაძლებელია იყოს იმდენად ძლიერი, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს.

ძვ. წ. 660 წელს, როცა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში რკინის ხანა სუფევდა, მზის შტორმის ნაწილაკებს სინამდვილეში ვერავინ შენიშნავდა, დაინახავდნენ მხოლოდ თვალწარმტაც ციალს ცაში.

დღეისათვის, ამ მასშტაბის შტორმი განსაკუთრებით საშიში იქნება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტთათვის და მაღალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების მგზავრთათვის, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი ზიანი მიადგება ჩვენს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

სამწუხაროდ, ასეთი მოვლენების წინასწარ პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია. თუმცა, რაც უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება მათ შესახებ, მით უფრო შევამცირებთ მზის შტორმებისგან გამოწვეულ საფრთხეებს.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lunduniversity.lu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.