მზის უმძლავრესმა ტელესკოპმა მზეზე მომხდარი უდიდესი ამოფრქვევა საოცარ დეტალებში გადაიღო — #1tvმეცნიერება
აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) ინოუეს მზის ტელესკოპმა X-კლასის მზის ანთებაზე აბსოლუტურად საოცარი, პირველი დაკვირვებები ჩაატარა.
2024 წლის 8 აგვისტოს, ტელესკოპმა გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა, რომლის წარმოქმნაც მზეს შეუძლია — მხოლოდ ოთხი დედამიწის დიამეტრის ბრწყინვალე გარჩევადობით. ამ დონის დეტალებმა გამოავლინა მზის ამოფრქვევასთან დაკავშირებული რამდენიმე ყველაზე მცირე სტრუქტურა, რაც კი გვინახავს.
„ინოუეს ტელესკოპი X-კლასის ამოფრქვევას პირველად დააკვირდა. ეს ამოფრქვევები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, რომელთა წარმოქმნაც მზეს შეუძლია. გაგვიმართლა, რომ ერთ-ერთი მათგანი იდეალური დაკვირვების პირობებში დავიჭირეთ“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ასტრონომი კოლე ტამბური.

ჩვენი მზის ამინდს შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს ჩვენს პლანეტაზე; მაგალითად, მზის ანთებებს ძალუძთ, რომ რამდენიმე საათით ჩაახშონ რადიოკომუნიკაციები. სამწუხაროდ, მზის ქმედებათა შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ მეცნიერები დაადგენენ, როგორ ხდება მზის ამოფრქვევები, შეეძლებათ შექმნან პროგნოზირების უკეთესი ხელსაწყოები და შესაბამისად, უკეთესად მომზადება შევძლოთ.
ინოუე კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპია; შეუძლია მზის სტრუქტურების ისეთ დეტალებში დაფიქსირება, როგორიც იქამდე არ შეგვეძლო.
2024 წლის აგვისტოში X1.3-კლასის ანთებაზე დაკვირვებისას, ინოუემ გადაიღო ყველაზე პატარა კორონული მარყუჟები, რაც კი ოდესმე გვინახავს. საშუალოდ, ეს მარყუჟები 48,4 კმ სიგანის იყო, ზოგი შეიძლება უფრო პატარაც, სულ რაღაც 21 კმ. ტელესკოპის რეზოლუციის ლიმიტი კი 24 კილომეტრია.
ეს მარყუჟები წარმოადგენს პლაზმის ფილამენტებს, რომლებიც მზის ზედაპირზე რკალისებურადაა განლაგებული და მიუყვებიან მაგნიტური ველის ხაზებს. ზოგჯერ ისინი უშუალოდ მზის ამოფრქვევამდე ჩნდებიან, რომლებიც იკვებება მაგნიტური ველის ხაზების დახვევის, გაწყვეტის და ხელახლა შეერთების დროს გამოთავისუფლებული ენერგიით.

კორონული მარყუჟები ძლიერ რელევანტურია მზის ანთებათა წარმოქმნის მოდელებისთვის, მაგრამ ჩვენი ტელესოპების სიმძლავრე მხოლოდ მარყუჟების კონების გასარჩევად იყო საკმარისი. ინოუეს ორჯერ მეტი გარჩევადობა აქვს, ვიდრე მის შემდეგ ყველაზე ძლიერ მზის ტელესკოპს. მის მიერ გადაღებულ კადრებში მეცნიერებმა ისტორიაში პირველად დაინახეს ცალკეული მარყუჟები.
„როგორც იქნა, ვხედავთ იმ სივრცულ მასშტაბებს, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ვსპეკულირებდით. ეს კი გვიხსნის კარს, რომ შევისწავლოთ არა მხოლოდ მათი ზომა, არამედ ფორმები, ევოლუცია და მაგნიტური ხელახლა შეერთების მასშტაბებიც კი — ის ძრავა, რომელი მზის ამოფრქვევებს ამუშავებს. როგორც იქნა, ვხედავთ მზეს იმ მასშტაბებით, რომელზეც ის მუშაობს“, — ამბობს ტამბური.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nso.edu-ს მიხედვით.