მზე მთელი თვის განმავლობაში განუწყვეტლად იფრქვევა, წინ კიდევ უფრო მძლავრი ამოფრქვევებია — #1tvმეცნიერება
მზე მთელი თვის განმავლობაში განუწყვეტლად იფრქვევა, წინ კიდევ უფრო მძლავრი ამოფრქვევებია — #1tvმეცნიერება

გასული რამდენიმე კვირა მზისთვის ფრიად დატვირთული იყო. ჩვენს ვარსკვლავზე გიგანტურ ამოფრქვევათა მთელი სერია ხდებოდა, რა დროსაც კოსმოსში პლაზმა იტყორცნებოდა.

მათ შორის ყველაზე დრამატული იყო მძლავრი კორონარული მასის ამოტყორცნა და მზის ანთება, რომელიც მზის მეორე, ჩვენგან დამალულ მხარეს 15 თებერვალს მოხდა. თუ ზომას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ეს ამოფრქვევა ყველაზე მძლავრ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რაც კი ჩვენს მზეს ძალუძს: X-კლასის ანთებას.

ვინაიდან ანთება და კორონარული მასის ამოტყორცნა დედამიწის საპირისპირო მხარეს იყო მიმართული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გეომაგნიტურ შტორმთან დაკავშირებული რაიმე ეფექტები ვიხილოთ; გეომაგნიტური შტორმი მაშინ ხდება, როდესაც ამოფრქვევებისგან წამოსული მატერია დედამიწის ატმოსფეროში შემოდის.

ეს ფენომენი იწვევს დარღვევებს კომუნიკაციებში, რყევებს ელექტროსისტემაში და პოლარულ ციალს. როგორც მზის მზარდი აქტივობა მიუთითებს, უახლოეს მომავალში შეიძლება ასეთი შტორმები მოსალოდნელი იყოს.


„ეს გახლავთ ამ ზომის მეორე აქტიური რეგიონი მზის შორეულ მხარეზე 2017 წლის სექტემბრის შემდეგ. თუ ეს რეგიონი დიდი დარჩა ამ ნაწილის დედამიწისკენ შემობრუნებისას, შეიძლება მოზრდილი ამოფრქვევებიც წარმოქმნას“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ჰელიოსეისმოლოგიის ჯგუფის ასტრონომი ჯუნვეი ჟაო.

SpaceWeatherLive-ის ცნობით, რომელიც მზის აქტივობას მეთვალყურეობს, თებერვალში მზეზე ყოველდღე ხდებოდა ამოფრქვევა, ზოგიერთ დღეს რამდენიმე ამოფრქვევაც კი. მათ შორის იყო ამოფრქვევის მეორე ყველაზე მძლავრი კატეგორიის, M-კლასის სამი ანთება: M1.4 12 თებერვალს, M1 14 თებერვალს და M1.3 15 თებერვალს. იანვარში M-კლასის ხუთი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

29 იანვარს მომხდარმა M-კლასის ანთებამ გამოიწვია მსუბუქი გეომაგნიტური შტორმი, რომელმაც SpaceX-ის პროგრამა Starlink-ის ახლად გაშვებული 40 ხელოვნური თანამგზავრი დააზიანა. მზის ანთების შედეგად ამოტყორცნი მატერიას დედამიწამდე მოსაღწევად რამდენიმე დღე სჭირდება, რაც მისი მოძრაობის სიჩქარეზეა დამოკიდებული. თებერვალში მომხდარი დანარჩენი ამოფრქვევები მსუბუქ, C-კლასის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა საშიშად მოგეჩვენოთ, ეს ყველაფერი ჩვენი მზისთვის საკმაოდ ნორმალურია, რადგან აქტივობა ძლიერდება მზის მაქსიმუმისკენ — მისი აქტივობის ციკლის ყველაზე დინამიკურ დროს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან მზე საკმაოდ უცვლელი გვეჩვენება, სინამდვილეში მას აქტივობის 11-წლიანი ციკლები ახასიათებს, მკვეთრად გამოხატული მინიმუმითა და მაქსიმუმით. ეს ციკლი ეფუძნება მზის მაგნიტურ ველს, რომელიც ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ტრიალდება — მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან.

მზის მინიმუმი ხასიათდება მზის ლაქებისა და ანთებების მინიმალური აქტივობით, რაც ერთი ციკლის დასასრულს და ახლის დაწყებას აღნიშნავს; ეს მაშინ ხდება, როდესაც მზის მაგნიტური ველი ყველაზე სუსტ წერტილშია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მზის აქტივობას მისი მაგნიტური ველი აკონტროლებს: მზის ლაქები ძლიერი მაგნიტური ველის მქონე დროებითი რეგიონებია, მზის ანთებებიდან ამოფრქვეულ კორონარული მასის ამოტყორცნებს კი წარმოქმნის მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება.

მზის ბოლო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში დადგა.

მზის ლაქები მაშინ წარმოიქმნება, როცა მზის მაგნიტური ველი დახლართული ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მზის ეკვატორი მაღალ განედებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. ამჟამად მზეზე 111 ლაქაა, თუმცა, აქტიურად ყველა მათგანი არ ამოიფრქვევა.

მზის მაქსიმუმი 2025 წლის ივლისში უნდა დადგეს. ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად აქტიური იქნება ნებისმიერი მოცემული ციკლი, რადგან არ ვიცით, რა წარმართავს მათ (უახლესი კვლევის მიხედვით, მას შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდეს პლანეტების 11,07-წლიან განლაგებასთან), მაგრამ 2020 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენ შეიძლება მზის ყველაზე მძლავრ ციკლში შევდიოდეთ მათ შორის, რაც კი აქამდე აღრიცხულია.

აუცილებლად ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მზის მიმდინარე ციკლი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან დედამიწისკენ მომართულ ძლიერ ამოფრქვევებს სერიოზული კატასტროფების გამოწვევა შეუძლია; იმედია, მსგავსი არაფერი მოხდება…

ამასობაში კი, მზის აქტივობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ რამდენიმე პორტალზე: SpaceWeather, SpaceWeatherLive და NOAA-ს Space Weather Prediction Center.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.