ევროპის კოსმოსურმა ხომალდმა მზის წინ მერკურის გავლა ახლოდან გადაიღო — კადრები უბრალოდ საოცარია #1tvმეცნიერება
ევროპის კოსმოსურმა ხომალდმა მზის წინ მერკურის გავლა ახლოდან გადაიღო — კადრები უბრალოდ საოცარია #1tvმეცნიერება

კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც ჩვენს დიდებულ ვარსკვლავს სწავლობს, გადაიღო მოვლენა, რომელიც დედამიწიდან იშვიათად ჩანს.

2023 წლის 3 იანვარს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი Solar Orbiter-ი დააკვირდა, როგორ გაიარა მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტამ, მერკურიმ მზის დისკოს ფონზე; მას ცეცხლოვანი დისკოს ფონზე პატარა შავი წერტილის სახით ხედავთ.

ასეთ მოვლენას ტრანზიტს უწოდებენ და მაშინ ხდება, როდესაც პატარა სხეული, მაგალითად, პლანეტა ან მთვარე ვარსკვლავის წინ ჩაივლის და მისი სინათლის მცირე ნაწილს დაბლოკავს. მიუხედავად იმისა, რომ ორბიტაზე მოძრავი სხეული ხშირად უბრალოდ პატარა ჩრდილის სახით ჩანს, ტრანზიტის მოვლენებს ძალიან ბევრი საინტერესო რამის თქმა შეუძლია.

ეს ტერმინი ბოლო დროს ალბათ ხშირად გაგიგიათ და დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ის მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების პოვნის ძირითადი ხელსაწყოა.

კოსმოსური ტელესკოპები, მაგალითად, კეპლერი და TESS-ი ვარსკვლავებს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან და მათ სინათლეში მცირე, რეგულარულ ჩაბნელებებს ეძებენ, რაც ტრანზიტული ეგზოპლანეტის ნიშანია.

ეს ციცქნა ჩრდილი არა მხოლოდ ორბიტაზე მოძრავ სხეულზე მიუთითებს, არამედ მინიშნებებს გვაძლევს მისი შემადგენლობის შესახებაც. როდესაც ეგზოპლანეტამ ან უფრო ახლომდებარე პლანეტა, ვთქვათ მერკური, ანდაც მთვარე დედავარსკვლავის წინ ჩაივლის, ვარსკვლავის სინათლის გარკვეული ნაწილი გაივლის იმ ატმოსფეროში, რომელიც შეიძლება პლანეტას ჰქონდეს. ამ ატმოსფეროში გამოვლილი სინათლის ანალიზის საფუძველზე, ასტრონომები ადგენენ, რა აირებია იქ წარმოდგენილი.

ამ მეთოდით შესწავლილია როგორც ვენერას ატმოსფერო, ისე ძალიან ბევრი ეგზოპლანეტის.

ტრანზიტული მონაცემებით შესწავლილია მერკურის ატმოსფეროც, მაგრამ Solar Orbiter-მა ეს იშვიათი მოვლენა სულ სხვა საქმისთვის გამოიყენა: საკუთარი ინსტრუმენტების კალიბრაციისთვის.

მზის დისკოს ფონზე, მერკური სრულიად ბნელი ბურთი უნდა ჩანდეს. შესაბამისად, ნებისმიერი სინათლე, რაც კი პლანეტაზე ჩანს, ტელესკოპის მიერ არის წარმოებული. ამ ეფექტს წერტილის გავრცელების ფუნქცია ეწოდება და იმის დადგენა, თუ როგორ ხდება ის და რა სიძლიერით, ასტრონომებს Solar Orbiter-ის სამეცნიერო მონაცემებიდან მის ამოღებაში ეხმარება.

ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ანალიზები უფრო ზუსტი იქნება.

მერკური, მზესთან უახლოესი პლანეტა, მზის სისტემის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პლანეტაა, აქვს საკუთარი საიდუმლოები. არ ვიცით, როგორ და როდის წარმოიქმნა, რატომ აქვს უზარმაზარი ბირთვი, მიმდინარეობს თუ არა წიაღში გეოლოგიური აქტივობა ან რატომ აქვს გლობალური მაგნიტური ველი მაშინ, როდესაც ვენერას და მარსს ეს მახასიათებელი არ აქვს.

ტრანზიტის მონაცემები ამ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემს. ამისათვის არსებობს ევროპულ-იაპონური სპეციალური მისია, ხომალდი BepiColombo, რომელიც ამჟამად გზაშია, მერკურისთან 2025 წელს მივა და დეტალურად შეისწავლის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.