კოსმოსურმა ხომალდმა პირველად გადაიღო მზის ზედაპირზე მომხდარი მასიური ამოფრქვევა — #1tvმეცნიერება
კოსმოსურმა ხომალდმა პირველად გადაიღო მზის ზედაპირზე მომხდარი მასიური ამოფრქვევა — #1tvმეცნიერება

მზეზე მუდმივად ხდება ამოფრქვევები. თუ მის ზედაპირზე ამოფრქვევები საკმარისად დიდია, დედამიწისკენ შეიძლება გამოიტყორცნოს მილიარდობით ტონა პლაზმა და ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები.

ამ სახის აფეთქებათა შესასწავლად, რომლებსაც კორონარული მასის ამოფრქვევებს უწოდებენ, 2020 წლის თებერვალში, NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი ხომალდი, Solar Orbiter-ი გაუშვეს.

2021 წლის 10 თებერვალს ეს ზონდი მზესთან ძლიერ ახლოს მივიდა, მისგან 77 მილიონი კილომეტრის მანძილზე, ანუ დედამიწასა და მზეს შორის არსებულის ნახევარზე. ამ დროს მან ვიდეო გადაუღო კორონარული მასის ამოფრქვევას.

ზონდის ვიზუალიზაციის სამი ინსტრუმენტი ასეთ ამოფრქვევებს მაშინაც აკვირდება, როდესაც ისინი მზეს ტოვებენ და კოსმოსში ვრცელდებიან. პირველი ინსტრუმენტი თავად მზეს იწერს, მეორე ენერგიის დინებას მზის გვირგვინში (კორონა), ანუ გარე ატმოსფეროში.

მესამე ინსტრუმენტი ამოფრქვევის შედეგად კოსმოსში გატყორცნილი დამუხტული ნაწილაკების, მტვრისა და კოსმოსური სხივების დინებას იწერს.

ამ სახის ამოფრქვევები შეიძლება თვალწარმტაცი იყოს, მაგრამ ხშირად, ისინი დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ და იწვევენ პოლარულ ციალს, რაც შეიძლება სახიფათო იყოს.

1989 წელს, მზისგან წამოსულმა ელექტრულად დამუხტულმა ნაწილაკებმა კანადის კვებეკის პროვინციაში ელექტროსისტემა ცხრა საათის განმავლობაში გათიშა. 2017 წელს, ორმა სხვა შტორმმა აშშ-ში 11 საათის განმავლობაში გათიშა საგანგებო რადიოკომუნიკაციები. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მზის შტორმმა გათიშა 1912 წეკს ტიტანიკის SOS სიგნალი.

მზის აქტივობის ჭავლებმა შეიძლება ხიფათი შეუქმნას ასტრონავტებსაც, რადგან მწყობრიდან გამოიყვანოს მისიის კონტროლის კომუნიკაციები.

სწორედ ამიტომ იკვლევს Solar Orbiter-ი ასეთ ამოფრქვევებს. ამ უპრეცედენტო ელექტრულ შტორმთა წყაროს შესწავლა მეცნიერებს შეიძლება იმის გაგებაში დაეხმაროს, როგორ დავიცვათ როგორც ასტრონავტები, ისე დედამიწის ელექტროსისტემები.

„Solar Orbiter-ით გვინდა გავიგოთ, როგორ წარმოქმნის და აკონტროლებს ჩვენი ვარსკვლავი მუდმივად ცვალებად კოსმოსურ გარემოს მზის სისტემაში. ჩვენი დედავარსკვლავის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საიდუმლოებები“, — ამბობს მისიაზე მომუშავე ESA-ს მეცნიერი იანის ზუგანელისი.

იგივე ორი მოვლენა გადაიღო მზის მეორე მხარეს, დედამიწასთან ახლოს მყოფმა ESA-ს კიდევ ორმა ხომალდმა — თანამგზავრმა ROBA-2-მა და Solar and Heliospheric Observatory-მ.

მოცემულ ვიდეოებზე ასახულია PROBA-2-ს მიერ გადაღებული მასალა (მარცხნივ) და SOHO-ს მიერ გადაღებული პლაზმის დინება კოსმოსში (მარჯვნივ).

კორონარული მასის ეს ამოფრქვევები დააფიქსირა NASA-ს მზისა და დედამიწის ურთიერთობის ობსერვატორიამაც (Solar Terrestrial Relations Observatory), რომელიც მზის გარშემო დედამიწის გასწვრივ მოძრაობს.

ტელესკოპი მზის დისკოს ბლოკავს, რათა ამოფრქვევები უფრო სუფთად გადაიღოს. მის მასალას ქვემოთ ვიდეოში ხედავთ.

მზე ახალ 11-წლიან ციკლში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამოფრქვევები და ანთებები გაიზრდება, გახშირდება და გაძლიერდება, პიკს კი 2025 წელს მიაღწევს.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, Solar Orbiter-ი მზის პოლუსებს იმაზე მეტად მიუახლოვდება, ვიდრე სხვა რომელიმე ხომალდი ოდესმე. დედამიწაზე გამოგზავნის მზის პოლუსთა პირველ ფოტოებსაც. ზონდი შეძლებს ტემპის შენარჩუნებას მზის ბრუნვასთან მიმართებაში, რის გამოც, კონკრეტული ლაქების თავზე უფრო დიდხანს გაჩერდება და კორონარული მასის ამოფრქვევებსაც კარგად დააკვირდება.

Solar Orbiter-ისა და სხვა კოსმოსურ ტელესკოპთა მონაცემების წყალობით, NASA-ს და ESA-ს მზის ამოფრქვევებზე დაკვირვება მათი წყაროდანვე შეუძლიათ.

Solar Orbiter-მა უკვე დააფიქსირა ეს ორი კორონარული მასის ამოფრქვევა და გადაიღო მზის ყველაზე ახლო ხედები ისტორიაში. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ამჟამად ხომალდი მგზავრობის რეჟიმშია, იღებს დავალებებს და ტესტავს ინსტრუმენტებს. მისმა ყველა ინსტრუმენტმა სრული დატვირთვით მუშაობა ნოემბერში უნდა დაიწყოს.

თანდათანობით, ის მზეს პლანეტა მერკურიზე უფრო მეტად მიუახლოვდება, 42 მილიონი კილომეტრის მანძილზე.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.