ვარსკვლავებივით მოკაშკაშე ვენერა, დედამიწა და მარსი მზისკენ მიმავალი ხომალდის მიერ გადაღებულ ფოტოზე — #1tvმეცნიერება
ვარსკვლავებივით მოკაშკაშე ვენერა, დედამიწა და მარსი მზისკენ მიმავალი ხომალდის მიერ გადაღებულ ფოტოზე — #1tvმეცნიერება

ბოლო პერიოდში სულ უფრ ვაცნობიერებთ, რამდენად შორს წავიდა ადამიანის გამჭრიახობა.

თქვენ წინაშეა ფოტო, რომელიც მზის სისტემაში მოგზაურმა კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწიდან 251 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაიღო, დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილიდან 1,5 ჯერ უფრო შორიდან.

ფოტო NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Solar Orbiter-მა 2020 წლის 18 ნოემბერს დანიშნულების ადგილისკენ მსვლელობისას გადაიღო, მისიამ, რომელიც მზეს სწავლობს. ეს ფოტო კიდევ ერთია მათ შორის, რომლებიც ჩვენ მიერ შექმნილმა ხომალდებმა დედამიწას საკმაოდ შორიდან გადაუღეს.

თუმცა, სურათზე მხოლოდ დედამიწა როდი ჩანს; კარგად მოჩანს ვენერა და მარსიც — რომელთაც გადაღების მომენტში ხომალდიდან 48 მლნ და 332 მლნ კილომეტრი აშორებდათ. ფოტო ნამდვილად ოჯახური პორტრეტია — სამი კლდოვანი, მრავალმხრივ მსგავსი, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთისგან ზედმეტად განსხვავებული პლანეტა სამეცნიერო ინსტრუმენტის თვალით. ხომალდის ის ხელსაწყო, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო (Heliospheric Imager) , მზის სისტემის გულის, ჩვენი მზის შესასწავლად შექმნეს.

Solar Orbiter-ი 2020 წლის თებერვალში გაუშვეს. მან ჯერ რამდენჯერმა შემოუარა ვენერას, რათა მისი გრავიტაციით სათანადო სიჩქარე აეკრიფა — მანევრი, რომელსაც გრავიტაციულ დახმარებას უწოდებენ. ხომალდმა ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც ერთ-ერთი ასეთი შემოფრენისათვის ვენერასკენ მიემართებოდა.

Solar Orbiter-ი მზის გარშემო სათანადო პოზიციაზე 2021 წლის ნოემბერში დადგება და ჩვენი დედავარსკვლავის გარშემო პლანეტური სიბრტყის მიღმა, მზის პოლარული რეგიონების გარშემო იმოძრავებს. მზის გარშემო დედამიწის პოზიციიდან გამომდინარე, მზის პოლუსების პირდაპირი ხედი ადამიანს ჯერ არასოდეს უნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გზაშია, ხომალდი დაკვირვებებს უკვე აწარმოებს. ეს კი დედამიწაზე მყოფ მის სამეცნიერო ჯგუფს საბორტო ინსტრუმენტების შემოწმებასა და კალიბრაციაში ეხმარება; ამავე დროს, მონაცემების გამოყენება შესაძლებელია სამეცნიერო ანალიზებისთვისაც. მათ შორის არის მონაცემები პლანეტების, მზის ქარისა და კოსმოსური ამინდის შესახებ.

ახალი ფოტო ერთგვარი შემახსენებელია შთაგონების მხრივაც — კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მყიფე და ამავე დროს მედეგია ჩვენი არსებობა. ასეთი ფოტოები ყოველთვის გაგვახსენებს კარლ სეიგანის სიტყვებს მისი 1994 წლის წიგნიდან „მკრთალი ლურჯი წერტილი“, რომელიც სეიგანმა მზის სისტემის კიდებისკენ მიმავალ ხომალდ ვოიაჯერ-1-ის მიერ დედამიწისთვის მილიარდობით კილომეტრიდან გადაღებულ სურათს მიუძღვნა.

„შეხედეთ ამ წერტილს. აქ ვართ. ეს სახლია. ეს ჩვენ ვართ. ამ წერტილზეა ყველა, ვინც გიყვართ, ყველა, ვისაც იცნობთ, ვის შესახებაც ოდესმე გაგიგონიათ, ყოველი ადამიანი, რომელიც ოდესმე დაბადებულა და მომკვდარა“, — წერდა სეიგანი.

„მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ცივილიზაციის ყოველი შემოქმედი და დამანგრეველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, მათი დამაიმედებელი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ყოველი მასწავლებელი და მორალისტი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი , ყოველი უზენაესი მმართველი, ყველა წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ, მზის სხივში ჩამოკიდებულ ამ მტვრის ნაწილაკზე“, — წერს სეიგანი თავის წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი“.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.