იპოვეთ სიმშვიდე კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის შთამაგონებელ ფოტოებში
იპოვეთ სიმშვიდე კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის შთამაგონებელ ფოტოებში

დედამიწის ზედაპირიდან ხშირად შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ჩვენ სუნთქვის შემკვრელად საოცარ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ის წარმოუდგენლად განსაკუთრებულია. ჩვენს გიგანტურ გალაქტიკაში ასტრონომებს უკვე აღმოჩენილი აქვთ 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტა, მაგრამ დიდად არც ერთი მათგანი არ ჰგავს დედამიწას.

სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი აქ, პლანეტის ზედაპირზე ვართ მიჯაჭვული. თუმცა საბედნიეროდ, კოსმოსის კვლევა ძლიერდება და ბოლო დროს უფრო ხშირად ვართ განებივრებული კოსმოსის წყვდიადში ჩაფლული ჩვენი მშვენიერი ლურჯი პლანეტის თვალწარმტაცი ხედებით.

დედამიწაზე დაბრუნებისას, ჩვენი ტურფა პლანეტის საკუთარი თვალით დანახვის შემდეგ, ყველა ასტრონავტი ყვება ძლიერი ემოციისა და ყველაფრის აღქმის ცვლილებაზე. მათ უკვე სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი, რომ ზემოდან ქვეყანათა საზღვრები არ ჩანს, ყველა ადამიანი ამ პლანეტაზე ერთად ვცხოვრობთ მთელი ჩვენი ტანჯვითა და სიხარულით. ხედავენ, რომ ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული.

ამას გადმოხედვის ეფექტს უწოდებენ და მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების თვალიერებისას მას მთლიანად ვერ შევიგრძნობთ, მაინც სასწაული სიმშვიდე გვიპყრობს, როცა ჩვენს პლანეტას ასე უჩვეულო გადმოსახედიდან ვუყურებთ.

ზემოთ მოცემული ვიდეო წარმოადგენს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწის გარშემო შემოფრენისას გადაღებული კადრების კოლექციას.

408 კმ სიმაღლიდან გადაღებულ კადრებში ხედავთ ადამიანთა ქალაქების მოელვარე სინათლეს, ელვის ნათებებს ოკეანეთა თავზე. ჰორიზონტის თავზე, შენიშნავთ მწვანე ნათების გარსს. ეს გახლავთ ფენომენი, სახელად ატმოსფერული ნათება, რომელიც წარმოქმნილია მზის მიერ სინათლის სახით გამოტყორცნილი ატომებითა და მოლეკულებით, ატმოსფეროს ზედა ნაწილში.

მსგავსი, მაგრამ არა იგივე ფენომენია პოლარული ციალი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზის ქარი დედამიწის მაგნიტოსფეროში არსებულ დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს, რაც შემდეგ დაბლა, იონსფეროში ჩამოდის, ეჯახება აირებს და გადასცემს ენერგიას. ეს ენერგიაც სინათლის სახით გამოიყოფა.

აქ, დედამიწაზე, ვხედავთ, თუ როგორ ამოდის მრავალი ციური სხეული. ყოველ დილით აისი; მთვარის ამოსვლა; მთვარეზე რომ მოხვდეთ, დაინახავთ რაღაც ისეთს, რაც ჩვენს ცაში არასოდეს მოხდება — დედამიწის ამოსვლას.

ზემოთ მოცემულ ამ ვიდეოში სწორედ ამ საოცარ ფენომენს ხედავთ. კადრები გადაღებულია 2007 წლის ნოემბერში, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მთვარის გარშემო მოძრავი თანამგზავრის მიერ. ხომალდი მთვარის ზედაპირიდან 100 კმ სიმაღლეზე მოძრაობს და აგროვებს მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც უკეთესად ვსწავლობთ ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს.

ამ ვიდეოში კი აღბეჭდილია რაღაც სიურეალისტური. ეს გახლავთ ნასას ღრმა კოსმოსის კლიმატური ობსერვატორიის (DSCOVR) თანამგზავრის მიერ 2015 წელს ჩვენგან 1,6 მლნ კილომეტრის მანძილიდან გადაღებული კადრები.

მზით განათებული ჩვენი თვალწარმტაცი პლანეტის წინ ხედავთ მთვარის იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ მიწიდან ვერასოდეს ვხედავთ. იმის გამო, რომ მთვარე დედამიწასთან გრავიტაციულად არის ჩაკეტილი, ჩვენგან ყოველთვის მხოლოდ მისი ერთი მხარე ჩანს.

უკანა მხარე, რომელსაც ხშირად მთვარის „ბნელ მხარესაც“ უწოდებენ, ძალიან განსხვავებულად გამოიყურება. იქ ნაკლებად არის ბაზალტის მუქი, ვულკანური ველები, რომელსაც დედამიწიდან კარგად ვხედავთ ჩვენკენ მოქცეულ მხარეზე. გარდა ამისა, უკანა მხარე უფრო „დახვრეტილია“, გამოირჩევა ბევრი კრატერით.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ არის მთვარის ორი მხარე ერთმანეთისგან ასე განსხვავებული. შეიძლება, ამის მიზეზი დედამიწის გრავიტაციაც იყოს, მაგრამ მეცნიერებს ეს საკითხი ბოლომდე ამოხსნილი არ აქვთ.

ამ ფოტოზე დაუცველები და უსუსურები ვჩანვართ, არა? — დიახ, ეს ვარსკვლავი არაა. ეს დედამიწა და მთვარეა. ასეთები დაგვაფიქსირა 2013 წლის 19 ივლისს ხომალდმა „კასინიმ“ 1,5 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან, სატურნის მისადგომებიდან.

კიდევ უფრო მეტად სახელგანთქმულ ფოტოს კი ქვემოთ ხედავთ, სატურნის გიგანტური რგოლების ფონზე წერტილივით მოციმციმე დედამიწას, მარსსა და ვენერას. ამ განსაცვიფრებელი ფოტოთი კიდევ უფრო გვიმძაფრდება ჩვენი პლანეტის ციცქნა ზომების აღქმა მზის სისტემის ცარიელ სივრცეში.

დატოვე კომენტარი