კოსმოსურმა ხომალდმა მზის ატმოსფეროს ერთი უცნაური, ამოუხსნელი ფენომენის შესახებ დიდი მინიშნება დააფიქსირა — #1tvმეცნიერება
კოსმოსურმა ხომალდმა მზის ატმოსფეროს ერთი უცნაური, ამოუხსნელი ფენომენის შესახებ დიდი მინიშნება დააფიქსირა — #1tvმეცნიერება

მზის შესახებ ჯერ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ სულ ახლახან, ახალმა კოსმოსურმა ზონდმა მოგვაწოდა მინიშნება, რომელიც შეიძლება, ჩვენი ვარსკვლავის ბევრი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ Solar Orbiter-ის ახალი დაკვირვებები მიუთითებს, რომ მაგნიტური ველის ხაზების გამუდმებული ხელახლა შეერთებები სულ მცირე ნაწილობრივ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ არის მზის ზოგიერთი ნაწილი დანარჩენზე გაცილებით ცხელი.

მზე ვარსკვლავია და რა თქმა უნდა, ძალიან ცხელია.

პრობლემა ის არის, რომ მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5500 გრადუსი ცელსიუსია, რაც ნორმალური მაჩვენებელია მზის მსგავსი ვარსკვლავებისთვის. თუმცა, მის ატმოსფეროში, ზედაპირიდან დაშორებასთან ერთად, მატერია სულ უფრო ცხელდება და ყველაზე ზედა ნაწილში, რომელსაც გვირგვინს (კორონა) უწოდებენ, ტემპერატურა ორ მილიონ გრადუს ცელსიუსს აღწევს.

კორონალური ტემპერატურის ამ ინვერსიის შესახებ ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან არის ცნობილი და მიიჩნევა, რომ ეს ვარსკვლავთა საერთო მახასიათებელია. თუმცა, მეცნიერებმა ვერაფრით დაადგინეს ამის მიზეზი.

ამ ფენომენის ახსნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მუდმივი, მცირემასშტაბიანი მაგნიტური ხელახლა შეერთება.

სულ მცირე ფართო მასშტაბზე, მაგნიტური ხელახლა შეერთება, მზის კარგად დოკუმენტირებული ქცევაა. ვარსკვლავთა უმეტესობა წარმოუდგენლად ცხელი პლაზმის ბზრიალა, ტურბულენტური ბურთია; დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარი ნაკადი, რომელიც ძლიერ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტურ ძალებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მზის მსგავს ობიექტებს აწეწილი, უკიდურესად რთული მაგნიტური ველები აქვთ.

მზის ატმოსფეროს ყველაზე შიდა შრის, სახელად ფოტოსფეროს მიღმა, ეს მაგნიტური ველის ხაზები იხლართებიან, იჭიმებიან, წყდებიან და შემდეგ ხელახლა ერთდებიან. ამის შედეგად წარმოიქმნება ენერგიის უზარმაზარი ტალღა — ერთგვარი „ძრავა“, რომელიც კვებავს მზის ანთებებს და კორონული მასის ამოფრქვევებს, რომლებიც ნაწილაკებს მთელ მზის სისტემაში ტყორცნიან.

უფრო მცირე მასშტაბებზე, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხელახლა შეერთების ამ მოვლენებს ენერგია უნდა შეჰქონდეთ გვირგვინში და შესაბამისად, მას სითბოს წყაროდ ამარაგებდნენ. თუმცა, მზე ძალიან ცხელი და კაშკაშაა, რაც დაკვირვებებს ართულებს. უბრალოდ არ გაგვაჩნია სათანადო რეზოლუცია, რათა ის მცირე მასშტაბები დავინახოთ, რომლებზეც ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.

სწორედ აქ ერთვება საქმეში ზონდი Solar Orbiter-ი. ეს ხომალდი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 2020 წელს გაუშვა, ჩვენს დედავარსკვლავსთან ახლო გადაფრენათა სერიებს ახორციელებს და მის აქტივობას საოცარ დეტალებში სწავლობს.

როდესაც ხომალდმა პირველი ახლო მისვლა განახორციელა, რაღაც საოცარი დააფიქსირა. 2022 წლის 3 მარტს, უკიდურეს ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეებში გადაღებულმა ულტრამაღალი რეზოლუციის სურათებმა გამოავლინა, რომ მაგნიტური ხელახლა შეერთებები აბსოლუტურად ციცქნა მასშტაბებზე ხდება (მზისთვის) — სულ რაღაც 390 კილომეტრის სიგანეზე.

წარმოუდგენელი ამბავია. მეცნიერებმა ამ ფენომენის ამოხსნა და შესწავლა იმაზე მცირე მასშტაბზე შეძლეს, ვიდრე დიდი კანიონის სიგრძე იქნებოდა მზის ზედაპირზე.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხომალდმა ჩაიწერა წერტილი, რომელსაც ნულ წერტილს უწოდებენ და სადაც, მაგნიტური ველის სიმძლავრე ნულამდე ეცემა. ეს გახლავთ მაგნიტური ხელახლა შეერთების წერტილი. დროის ამ მონაკვეთში, ნული წერტილის ტემპერატურა დაახლოებით 10 მილიონი გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში შენარჩუნდა. წერტილმა ნულმა ასევე წარმოქმნა უწყევეტად გამდინარე ნაკადი, რომელიც წამში დაახლოებით 80 კმ სიჩქარით გამოედინებოდა და პლაზმის „ბურთულების“ სახით ჩანდა.

ეს ის არის, რასაც „ნაზ“ ხელახლა შეერთებას უწოდებენ, მაგრამ წერტილმა ნულმა ასევე აჩვენა უფრო ძალისმიერი ხელახლა შეერთების ფაზა. ეს ფეთქებადი ხელახლა შეერთება მხოლოდ დაახლოებით ოთხ წუთს გაგრძელდა, მაგრამ აჩვენა, რომ ერთდროულად მიმდინარეობს ორი სახის ხელახლა შეერთება, თანაც იმაზე მცირე მასშტაბებზე, ვიდრე აქამდე იყო დადგენილი.

ხელახლა შეერთების ეს ორი ტიპი მასას და ენერგიას ზემოთ მდებარე გვირგვინს უნდა გადასცემდეს და უზრუნველყოფდეს სიცხის წყაროთი, რომელზეც შეიძლება მოდიოდეს სულ მცირე გარკვეული ნაწილი ასე ცუდად შესწავლილი ტემპერატურული ინვერსიისა.

შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ხელახლა შეერთება შეიძლება იმდენად პატარა მასშტაბებზეც მიმდინარეობდეს, რომ Solar Orbiter-მა მისი დაფიქსირება ვერ შეძლოს, სულ მცირე, ამ მიახლოებისას. ბოლოს ახლო მისვლა მან 10 აპრილს განახორციელა და შესაძლოა, ფენომენის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალი ჩაიწერა.

ამასობაში კი, ხელთ გვაქვს პირველი, დაკვირვებებით გამყარებული მტკიცებულება იმისა, რომ მზის ზედაპირზე ხდება მუდმივი, მცირე მასშტაბის მაგნიტური ხელახლა შეერთებები, რაც დიდი ხნის ჰიპოთეზას მეტ დამაჯერებლობას სძენს და ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მივყავართ იმის საბოლოოდ დადგენასთან, თუ რა აცხელებს მზის გვირგვინს ასე ძლიერ.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.