ახალმა ტელესკოპმა დეტალებში გადაიღო გიგანტური მზის ლაქა, რომელიც თითქმის დედამიწის ზომისაა — #1tvმეცნიერება
ახალმა ტელესკოპმა დეტალებში გადაიღო გიგანტური მზის ლაქა, რომელიც თითქმის დედამიწის ზომისაა — #1tvმეცნიერება

ახალმა ტელესკოპმა, რომლის მთავარი დანიშნულებაც მზეზე დაკვირვებაა, მზის აქტივობის საოცარი ფოტოები გადაიღო.

აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპმა სამეცნიერო ოპერაციები პირველად 2022 წლის 23 თებერვალს დაიწყო. ის მსოფლიოში უდიდესი მზის ტელესკოპია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისი მაღალი რეზოლუციის დაკვირვებები მზის გვირგვინზე (კორონა) დიდად წინ წასწევს ჩვენს ცოდნას ჩვენი მშობლიური ვარსკვლავის შესახებ.

ტელესკოპს შეუძლია მზეზე გადაიღოს სულ რაღაც 20 კმ სიგანის წარმონაქმნებიც კი.

განთავსებულია ჰავაიზე, ვულკან ჰალეაკალას მწვერვალზე; ფართო ტესტირებისა და კალიბრაციის შემდეგ, ამ ინსტრუმენტმა მზის მეცნიერებაში სრულიად ახალი ერა დაიწყო.

ახლად გამოქვეყნებული ფოტოები პირველი არ არის, რომლებიც ინოუესგან ვიხილეთ. ტელესკოპის ტესტირებისას, საოცარი ფოტოები გამოქვეყნდა ორი წლის წინაც. ამჟამად ტელესკოპმა ახლო ხედები მზის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ წარმონაქმნებს გადაუღო — მზის ლაქებს.

„ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ამ ფოტოზე, მზის ლაქა საოცარ დეტალებში ჩანს. ბნელი რეგიონი, რომელსაც უმბრას უწოდებენ, დაახლოებით დედამიწის დიამეტრის ზომის არის.

ფოტო 25 თებერვალს გადაიღეს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მზეს პარკერის მზის ზონდიც მიუახლოვდა. უკეთესი ცნობების მისაღებად შესაძლებელია პარკერისა და ინოუეს მონაცემთა კომბინირება.

გასული წლის მაისში ინოუეს მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე ჩანს მზის ლაქების მთელი კომპლექსი.

ინოუეს ძირითადი დანიშნულება მზის ისეთი ფენომენების შესწავლაა, როგორებიც არის მზის ლაქები, მზის ანთებები, კორონული მასის ამოფრქვევები, მზის რთული მაგნიტური ველის შესწავლა. ახლა კი ამისათვის საუკეთესო დროა.

უკვე რამდენიმე თვეა, მზე ძლიერ აქტიურია, რადგან ის მაქსიმუმს უახლოვდება — 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ პერიოდს. ეს ციკლი მზის მაგნიტურ ველს ეფუძნება, რომელიც ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ტრიალდება, ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან.

მზის მინიმუმი — ანთებებისა და მზის ლაქების მინიმალური დონე, ერთი ციკლის დასასრულს და ახლის დასაწყისს აღნიშნავს. დგება მაშინ, როცა მზის მაგნიტური ველი ყველაზე სუსტია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მზის აქტივობას მისი მაგნიტური ველი აკონტროლებს: მზის ლაქები ძლიერი მაგნიტური ველის მქონე დროებითი რეგიონებია, მზის ანთებებიდან ამოფრქვეულ კორონული მასის ამოტყორცნებს კი წარმოქმნის მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება. მზის ბოლო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში დადგა, შემდეგი მაქსიმუმი კი 2025 წლის ივლისისთვის არის ნავარაუდევი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.