ტუბერკულოზის ახალი ვაქცინა, რომელმაც შეიძლება, მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინოს
ტუბერკულოზის ახალი ვაქცინა, რომელმაც შეიძლება, მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინოს

მსოფლიოში ყველაზე ლეტალური ინფექციური დაავადების, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში სავარაუდოდ გადამწყვეტი მომენტი დადგა. მეცნიერთა განცხადებით, ახალმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ სრულიად დაიცვა იმ ადამიანთა ნახევარი, რომელსაც ის გაუკეთეს.

მართალია, 50 პროცენტი სულაც არ არის იდეალური მაშინ, როცა თუნდაც წითელას ვაქცინა დაავადებისგან 98 პროცენტით იცავს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ტუბერკულოზით ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი ავადდება, მათგან 1,6 მილიონი კვდება. ნაწილობრივ ეფექტიან ვაქცინასაც კი, მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ერთი წლის წინ, როდესაც ახალი ვაქცინის ადრეული ცდების შედეგები გამოქვეყნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევა“ უწოდა.

მეცნიერები, რომლებიც ვაქცინის შექმნაში ჩართული არ ყოფილან, უახლეს შედეგებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო მისი შესწავლა უფრო ბევრ ადამიანში და სხვადასხვა პოპულაციებში.

„ვაქცინა იმედისმომცემი ჩანს, სავარაუდოდ უკეთესიც, ვიდრე ამჟამინდელი, საუკუნის წინანდელი BCG ვაქცინა“, — აღნიშნა დოქტორმა მარიო რავილიონემ, მილანის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა, რომელიც 2003-2017 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის პროგრამას ხელმძღვანელობდა.

BCG ვაქცინა, რომელიც აშშ-ში არ გამოიყენება, ჩვილ ბავშვებს გარკვეული ტიპის ტუბერკოლოზებისგან იცავს, მაგრამ ვერ იცავს მოზარდებსა და ზრდასრულებს ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ტიპისგან, რომელიც ფილტვებს ესხმის თავს.

ტუბერკულოზით დაავადებულებს სიცხე, ღამის ოფლიანობა, წონის კლება და სისხლიანი ნახველი სტანჯავთ; მკურნალობის გარეშე ადამიანი კვდება. ხუთი წლის წინ, ტუბერკულოზის შემთხვევებმა გადააჭარბა შიდსისას და მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება გახდა.

ახალი ვაქცინა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია GSK-მ (GlaxoSmithKline) შექმნა და M72/AS01E ეწოდება; გატესტეს დაახლოებით 3300 ზრდასრულ ადამიანზე კენიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზამბიაში. ყველა მათგანს უკვე ჰქონდა ლატენტური ტუბერკულოზი — ჩუმი ინფექცია, რომელიც შეიძლება აქტიურ ტუბერკულოზად პროგრესირდეს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ იმ პაციენტთაგან, რომლებსაც GSK ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, მხოლოდ 13-ს განუვითარდა აქტიური ტუბერკულოზი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მათგან კი, ვისაც პლაცებო გაუკეთეს, აქტიური ტუბერკულოზი 26-ს განუვითარდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი ნაზირ ისმაილი ვაქცინის 50-პროცენტიან ეფექტიანობას „უდავოდ კარგს“ უწოდებს.

მისი თქმით, ერთთვიანი შუალედებით ორი ნემსის გაკეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე პრევენციის ამჟამინდელი ფორმა, რომელიც პაციენტებისგან ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მოითხოვს დამცავი ანტიბიოტიკების სმას.

გარდა ამისა, პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკების სმა ზრდის რისკს, რომ ტუბერკულოზი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდეს.

ორგანიზაცია Gavi, the Vaccine Alliance-ის ხელმძღვანელი, დოქტორი სეთ ბერკლი, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს ყიდულობს, ამბობს, რომ ტუბერკულოზით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მისი სააგენტო ამ ვაქცინას უდავოდ სერიოზულად უყურებს.

მისი თქმით, Gavi მხარს უკვე უჭერს ნაწილობრივ ეფექტიან გარკვეულ ვაქცინებს. მათ შორის არის ადამიანის პაპილომავირუსის, იგივე HPV-ის ვაქცინა, რომელიც კიბოს გამომწვევი ამ ვირუსის შტამებს მხოლოდ 70 პროცენტს აჩერებს. მათ შორის არის ასევე მალარიის ახალი ვაქცინა, რომელიც აფრიკაში იტესტება და მხოლოდ 39 პროცენტით არის ეფექტიანი.

მეცნიერთა განცხადებით, ახალი კვლევის შემდეგ გაჩენილი ყველაზე დიდი კითხვაა, თუ ვინ უნდა მიიღოს ეს ვაქცინა.

ტუბერკულოზის მაჩვენებლები წარმოუდგენლად იცვლება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ ერთი ქალაქის უბნებს შორისაც კი. დაავადება იფურჩქნება იმ ადამიანებში, რომლებიც ხალხმრავალ გარემოში ცხოვრობენ, სუნთქავენ ერთმანეთის მიკრობებს; თუმცა, ბაქტერია სწრაფად კვდება მზის სინათლეზე.

ტუბერკულოზის გადადება უმარტივესია და შეიძლება მოხდეს ხალხით სავსე ავტობუსში დახველების შედეგადაც კი. თუმცა, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტის ოჯახის წევრები, მათი მკურნალი ექიმები და მედდები. იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის მაჩვენებელი მაღალია, რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება და მუშაობა ხალხმრავალ გარემოში უწევთ, მათ შორის არიან თუნდაც პატიმრები და მაღაროელები.

თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, ინფექციის რისკის ქვეშ ასევე იმყოფებიან აივ-ით დაავადებულები, ცუდად გამოკვებილები, ადამიანები, რომლებიც იმუნიტეტის დამწევ კიბოს ქიმიოთერაპიას გადიან, იღებენ ორგანოთა ტრანსპლანტირების შემდგომ პრეპარატებს, აქვთ დიაბეტი ან იმყოფებიან დიალიზზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი ვაქცინა შემოწმდა მხოლოდ აივ-უარყოფით ადამიანებზე, რომელთა სისხლის ანალიზიც აჩვენებდა, რომ მათ ლატენტური ტუბერკულოზი ჰქონდათ.

თუმცა, სისხლის ან კანის ანალიზის შემთხვევაში, მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედს ლატენტური ტუბერკულოზის დადებითი შედეგი ამოუვა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ წარსულში მათ მიღებული აქვთ ტუბერკულოზის მიკრობები.

თუმცა, შეუძლებელია იმის დადგენა, ადამიანი წინა თვეში დაინფიცირდა თუ 20 წლის წინ. ადამიანთა უმეტესობას, აქტიური ტუბერკულოზი პირველი ინფექციის მიღებიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უვითარდება. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ მოწინავე მკვლევარს მიაჩნია, რომ ლატენტურობის ტესტები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანთა ოდენობის დიდად გადაჭარბებას ახდენს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ტუბერკულოზის ექსპერტის, პროფესორ ლალიტა რამაკრიშნანის განცხადებით, ვაქცინის კვლევაში მონაწილეებს აქტიური ტუბერკულოზი უფრო მეორე წელს განუვითარდებოდათ, ვიდრე პირველში.

მისი თქმით, იმ ადამიანთა დასადგენად, რომლებმაც ნორმალურ მდგომარეობაში ამ ვაქცინისგან ყველაზე მეტი სარგებელი უნდა მიიღოს, საჭიროა შეიქმნას უფრო ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების შექმნა.

ალტერნატივის სახით, ვაქცინის გამოყენება შეიძლება შემოიფარგლოს ნამდვილად მაღალი რისკის ადამიანებით, მაგალითად, ტუბერკულოზის სანატორიუმების პერსონალით. თუმცა, ამ შემთხვევაში სარგებლის გარეშე რჩება მრავალი პოტენციური ბენეფიციარი.

ექსპერტთა განცხადებით, მომავალში აუცილებლად უნდა მოხდეს GSK ვაქცინის ტესტირება აივ-ის მქონე ადამიანებსა და სხვა ქვეყნების მოსახლეობაზეც, რადგან ტუბერკულოზისადმი მიდრეკილება ფართოდ ცვალებადია.

კვლევის ავტორები თანხმდებიან, რომ შედეგები საჭიროებს დადასტურებას უფრო დიდი და ხანგრძლივი კვლევებით მოსახლეობის უფრო ფართო დიაპაზონში.

ამ ჯგუფებს შორის უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ლატენტური ტუბერკულოზი არ აღენიშნებათ, ასევე სხვადასხვა ასაკისა და რასის ხალხი.

უცნობია, ხდის თუ არა გენეტიკური განსხვავებები ზოგიერთ ადამიანს ტუბერკულოზისადმი უფრო მიდრეკილს. ასევე არ არის ცნობილი, იცვლება თუ არა ბაქტერიის ინფექციურობა სხვადასხვა ქვეყნებში ცირკულირების მიხედვით.

კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი