დაბერების საწინააღმდეგო თერაპია, რომელიც ბებერ უჯრედებს კლავს, ადამიანებზე გამოსცადეს
დაბერების საწინააღმდეგო თერაპია, რომელიც ბებერ უჯრედებს კლავს, ადამიანებზე გამოსცადეს

ყველა დაზიანებული უჯრედი არ კვდება. დაბერების პროცესში მყოფი ზოგიერთი მათგანი გარშემო ეწყობა, აღარ შეუძლია დაყოფა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალუძს ქიმიური სიგნალების წარმოქმნა. შესაძლოა, სწორედ მათ ითამაშონ გადამწყვეტი როლი დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მიჩნეულია, რომ ეს უჯრედები და მათ მიერ წარმოქმნილი სუბსტანციები ჩართულია დაბერების პროცესში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამ უჯრედების მოსპობა შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ჯანმრთელი დაბერებისთვის და ამავე დროს, მოახდინოს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია“, — ამბობს სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვლევარი ნიკოლა მუსი ტეხასის უნივერსიტეტიდან.

ძალიან ადრეული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ჩანს, რომ ეს თეორია შეიძლება, სრულიად სწორი აღმოჩნდეს.

2019 წლის იანვარში, მუსიმ და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელშიც 14 პაციენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანი დაავადებული იყო ფილტვების იდიოპათური ფიბროზით (IPF). ჯგუფმა გამოიყენა პრეპარატთა კომბინაცია, რომელსაც უნდა მოესპო დაბერების პროცესში მყოფი უჯრედები.

სამკვირიანი კურსის პროცესში, პაციენტებს გაუკეთეს ლეიკემიის პრეპარატ „დაზატინიბისა“ და დანართ „კვერცეტინის“ ცხრა დოზა.

ცდის დასასრულს, პაციენტებს ფეხით გავლა იმაზე შორს შეეძლოთ, ვიდრე იგივე დროში ამას მანამდე ახერხებდნენ. გაუმჯობესდა სხვა რამეებიც, ყოველგვარი სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე.

„მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, ეს საპილოტე კვლევა წარმოადგენს ნამდვილ გარღვევას ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლის ველზე“, — ამბობს მკვლევარი ჯემი ჯუსტისი.

მისი თქმით, მათ თერაპიის შედეგად მიზანში ამოიღეს ასაკის ფუნდამენტური დამღა, რაც ფილტვების იდიოპათურ ფიბროზში გამოიხატება. როგორც ჯუსტისი გი აღნიშნავს, მართალია ადრეულ ეტაპზე, მაგრამ პირველად ისტორიაში, მათმა კვლევამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა ადამიან პაციენტებში.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, საბოლოოდ აღმოჩნდება თუ არა მართლაც ეს პრეპარატი ეფექტიანი დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მეცნიერები კვლევას აქტიურად განაგრძობენ.

მკურნალობის მეთოდი მათ უკვე შეამოწმეს ფილტვებით დაავადებულ 15 ადამიანზე, ასევე თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე 20 პაციენტზე.

მკვლევარ ჯეიმს კირკლენდის განცხადებით, თუკი დადასტურდება ეფექტიანი სიგნალები და არ აღმოჩნდება ნამდვილად ცუდი გვერდითი ეფექტები, მნიშვნელოვნად შემცირდება ადამიანთა სიცოცხლის წინაშე არსებული საფრთხეები.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი