კიბოს ახალი ვაქცინა თაგვებში აგრესიული მელანომის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა - ახალი კვლევა
კიბოს ახალი ვაქცინა თაგვებში აგრესიული მელანომის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა - ახალი კვლევა

იმუნოთერეპიულ პრეპარატსა და ეფექტიანობის გამაძლიერებელ ქიმიურ ნაერთზე დაფუძნებული კიბოს ახალი ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა თაგვებში, აგრესიული მელანომის სამკურნალოდ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

განსაკუთრებით იმედისმომცემი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მათი თერაპიის ახალ მეთოდს შეუძლია ებრძოლოს კიბოს განმეორების რისკებსაც.

„ეს თანათერაპია უზრუნველყოფს სრულ სამკურნალო პასუხს მელანომის წინააღმდეგ. ზუსტად ისე, როგორც ვაქცინას შეუძლია გაწვრთნას სხეული გარე პათოგენებთან საბრძოლველად, ეს კონკრეტული ვაქცინა იმუნურ სისტემას წვრთნის სიმსივნესთან საბრძოლველად“, — ამბობს ჯგუფის წევრი, კალიფორნიის სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი დეილ ბოგერი.

სკრპისისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა პირველ ეტაპზე 100 000 სხვადასხვა ქიმიური ნაერთი მოსინჯეს, რათა ეპოვათ ის კონკრეტული, რომელიც კიბოს იმუნოთერაპიის პრეპარატის ეფექტიანობას გაზრდიდა.

თანდათან მათ მიაგნეს ნაერთს სახელად დიპროვოციმს, რომელიც თაგვებისა და ადამიანების იმუნურ რეცეპტორებს ე. წ. Toll-ის მსგავს რეცეპტორებად აქცევს. შემდეგ ეტაპზე, მკვლევრებმა იმის ტესტირება დაიწყეს, რამდენად დაეხმარებოდა ეს ნაერთი თაგვებში კიბოს მკურნალობას.

მეცნიერები იყენებდნენ გენეტიკური ინჟინერიის გზით მელანომის აგრესიული ფორმით დაავადებული თაგვების ჯგუფს, რომლებიც ასევე შეიცავდნენ ოვალბუმინის, ზოგად მარკერს, რომელსაც მეცნიერები კიბოსთან იმუნური სისტემის შეპასუხების შესასწავლად გამოიყენებენ. ოვალბუმინი ანტიგენის სახით მოქმედებს — მასპინძელში ის იმუნურ შეპასუხებას იწვევს.

თითოეულ თაგვს მისცეს კიბოს იმუნოთერაპიის პრეპარატი anti-PD-L1, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები მასპინძლის იმუნურ სისტემას თავს ვეღარ დააღწევდნენ. ამის შემდეგ, თაგვები რვასულიან სამ ჯგუფად დაყვეს.

ერთ ჯგუფს მხოლოდ anti-PD-L1 მისცეს და გაუკეთეს ოვალბუმინის ინექცია. ამ უკანასკნელს იმუნური სისტემა უნდა გაეწვრთნა, რათა სიმსივნე შემოჭრილ სხეულად აღექვა.

მეორე ჯგუფს ორივე პრეპარატი მისცეს, მაგრამ ოვალბუმინის ინექციას დაუმატეს ქიმიური ნაერთი დიპროვოციმი, რომელსაც იმუნური სისტემის მოქმედების სტიმულირება უნდა მოეხდინა.

მესამე ჯგუფს მისცეს როგორც anti-PD-L1, ისე ოვალბუმინი, მაგრამ დიპროვოციმის ნაცვლად დაუმატეს ნივთიერება შაბი. იმუნურ სისტემას შაბიც ააქტიურებს, მაგრამ დიპროვოციმისგან განსხვავებული გზით.

შვიდი დღის შემდეგ, თითოეულ ცხოველს ზემოთ ხსენებული კოქტეილი მეორედ მისცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ინექცია არ მომხდარა პირდაპირ სიმსივნეში — მკვლევრებმა თაგვებს ნემსი მისგან მოშორებით გაუკეთეს , რათა ენახათ, გადაიტანდა თუ არა იმუნური უჯრედები პრეპარატს სიმსივნეში.

ექსპერიმენტიდან 54 დღის შემდეგ, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ თაგვების პირველ ჯგუფს გადარჩენის 0-პროცენტიანი შანსი ჰქონდა, შაბით დამუშავებულ თაგვებს 25 პროცენტიანი, მაგრამ 100 პროცენტი იყო იმ თაგვების გადარჩენის შანსი, რომლებსაც დიპროვოციმი მისცეს.

„ამაღელვებელი აღმოჩნდა იმის ხილვა, რომ ეს ვაქცინა მოქმედებს კიბოს იმუნოთერაპიის ისეთ პრეპარატთან ერთად, როგორიც არის anti-PD-L1“, — ამბობს ბოგერი.

როგორც ჯგუფი განმარტავს, ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რათა წარმოქმნას კიბოსთან მებრძოლი სპეციალური უჯრედები, რომლებსაც სიმსივნის ინფილტრირების ლეოკოციტებს უწოდებენ.

გაირკვა, რომ მისი ეფექტები მას შემდეგაც შენარჩუნდა, რაც კიბო სრულად გაქრა.

როდესაც მკვლევრებმა ცდაში მონაწილე თაგვების სიმსივნეებით დაავადება ხელახლა სცადეს, „ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ცხოველი მის წინააღმდეგ უკვე აცრილი იყო“, — ამბობს ბოგერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ კიბოს იმუნოთერაპიისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ამაღელვებელი ნაბიჯი და ცდა ჯერჯერობით მხოლოდ გენური ინჟინერიის გზით კიბოთი დაავადებულ თაგვებზე ჩატარდა. ალბათ ჯერ საკმაოდ გრძელი გზაა იქამდე, ვიდრე ამ ტიპის ვაქცინის მოქმედების შედეგებს ადამიანებშიც ვიხილავთ.

საბედნიეროდ, მკვლევართა ჯგუფი სათანამშრომლოდ უკვე ეძებს კომპანიებს, რათა დამატებითი ტესტები ჩაუტაროს დიპროვოციმით გაძლიერებულ ვაქცინას და ამავე დროს, შეამოწმოს მისი მოქმედება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scripps.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.