მთვარე ენცელადის ყინულოვანი ქერქის სიღრმეში, წყვდიადით მოცული წყალი შეიძლება ერთ ადგილას სულაც არ იდგეს.
ენცელადის გლობალური ოკეანეების ყინულოვანი საფარის შრეების ახალი ანალიზების მიხედვით, როგორც ჩანს, იქ იქ დედამიწის ოკეანის მსგავსი დინებები მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენცელადის ოკეანეები შეიძლება სულაც არ იყოს ჰომოგენური, ანუ ერთგვაროვანი.
ენცელადი საკუთარ საიდუმლოებს ადვილად არ გვიმხელს. მეტნაკლებად კარგად ის პირველად 1981 წელს დავინახეთ, როდესაც მას მზის სისტემის კიდეებისკენ მიმავალმა ხომალდმა ვოიაჯერ-2-მა გადაუფრინა. ზონდის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა ძლიერ ამრეკლავი ყინულის პატარა ბურთი, სულ რაღაც 500 კმ სიგანის. ჩანდა ისიც, რომ სხეული კრატერებით, გრძელი ნაპრალებით და ქედებით იყო დაფარული, რაც მის გეოლოგიურ აქტივობაზე მიუთითებდა.
2010 წელს კიდევ ერთი დიდი სიურპრიზი გველოდა: სატურნის სისტემაში გაგზავნილმა ხომალდმა „კასინიმ“ დააფიქსირა, როგორ იფრქვეოდა თხევადი წყლის გეიზერები ენცელადის ყინულოვანი საფარის ნაპრალებიდან; ეს უკვე იმის მტკიცებულება გახლდათ, რომ სიღრმეში ეს მთვარე სულაც არ იყო ყინულოვანი და იქ თხევადი, მლაშე ოკეანე სუფევდა.
თხევადი წყლისა და ყინულზე ნაპრალების კომბინაცია მეცნიერებს ენცელადზე მიმდინარე პროცესების გარკვევაში დაეხმარა. ენცელადი 1,37 დღეში ერთხელ, ელიფსურ ორბიტაზე გარს უვლის სატურნს და ამ დროს, გრავიტაციული ძალების ცვლილება მას ექაჩება და ჭიმავს. ასეთი დაწოლა წიაღში სითბოს და გეოთერმულ აქტივობას წარმოქმნის; შედეგად, ზედაპირზე ჩნდება ნაპრალები.
შიდა გათბობა წიაღში არსებულ ოკეანეს თხევად მდგომარეობას უნარჩუნებს, რომელიც ნაპრალებიდან გეიზერების სახით იფრქვევა, შემდეგ კი წყალი ზედაპირზე უკან ეცემა და იყინება. ეს შიდა გათბობა უნდა წარმოქმნიდეს დედამიწაზე არსებულის მსგავს ვერტიკალურ კონვექციურ დინებებს, რომლებიც თბილ წყალს ზემოთ მიმართავენ, სადაც ის ცივდება და კვლავ დაბლა მიდის.
ვინაიდან ენცელადი დედამიწისგან ძლიერ განსხვავდება, უცნობია, მისი ოკეანეები სხვა მხრივაც ჰგავს თუ არა დედამიწისას. დედამიწის ოკეანეების საშუალო სიღრმე 3,7 კილომეტრია. ენცელადის ოკეანის სიღრმე კი სულ მცირე 30 კილომეტრია, ზემოდან კი მათ 20 კილომეტრის სისქის ყინული ახურავთ.
ვერ ვხედავთ, რა ხდება ამ ოკეანეში, მაგრამ გარკვეულ მინიშნებებს ყინული გვაძლევს. ვიცით, რომ ყინული პოლუსებთან გაცილებით თხელია, ვიდრე ეკვატორთან, სამხრეთ პოლუსთან კი კიდევ უფრო თხელი; სწორედ იქიდან იფრქვევა გეიზერები. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ანალიზების მიხედვით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იქ, ოკეანეში, რაღაც გაცილებით უფრო კომპლექსური ხდება, ვიდრე უბრალოდ ვერტიკალური კონვექცია.
ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ ყინულის სითხელე სავარაუდოდ დაკავშირებულია უფრო მეტად დნობასთან, სქელო ყინული კი მეტად გაყინვასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაც ყინული უფრო სქელია, ოკეანე უფრო მლაშეა, ვინაიდან იყინება მხოლოდ წყალი, მარილების უმეტესი ნაწილი კი კვლავ წყალში ბრუნდება. შედეგად, ქვეშ არსებული წყალი უფრო მკვრივდება და ოკეანის ფსკერისკენ მიდის.
საპირისპირო რამ ხდება დნობად რეგიონებში. წყალი მტკნარი და ნაკლებად მკვრივია, შესაბამისად, ზედა ნაწილში რჩება. აქ, დედამიწაზე, ასე წარმოიქმნება ე. წ. კონვეიერის სარტყლის“ სახის დინება. პოლუსებთან წყალი იყინება, მკვრივი, მლაშე წყალი კი ფსკერზე იძირება და დინების სახით ეკვატორისკენ მიდის; ამასობაში, ეკვატორთან არსებული თბილი წყალი პოლუსებისკენ მიემართება, სადაც ის იყინება, განაპირობებს უფრო მკვრივი, ცივი, მლაშე წყლის დაგროვებას, რომელიც ფსკერისკენ ეშვება და ასე გრძელდება დაუსრულებლად.
ჯგუფმა ენცელადის კომპიუტერული მოდელი შექმნა, ნაწილობრივ დაეყრდნო ამ კონვეიერის სატყლისებრი დინებების შესახებ ჩვენეულ წარმოდგენას. შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ასეთივე დინება უნდა განაპირობებდეს ენცელადის ყინულზე შემჩნეული სისქეების კვლავწარმოებას.
ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სიცოცხლე ენცელადზე. ის მზისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ წიაღის გეოთერმული გათბობის გამო, იქ შეიძლება არსებობდეს ქემოსინთეზური კვების ჯაჭვი, ისეთი, რომელიც დედამიწის ოკეანეთა სიღრმეში, სრულ წყვდიადში, ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო არსებობს. თუ ენცელადის ოკეანის სიღრმეში სიცოცხლე მართლაც იმალება, მკვლევართა ჯგუფის ასეთი დასკვნები შეიძლება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, სად უნდა ვეძებოთ ის.
ვიცით, რომ ენცელადის ოკეანეები მლაშეა; ეს დაადასტურა ხომალდ „კასინის“ მიერ ენცელადის გეიზერებიდან აღებულმა წყლის ნიმუშებმა. თუ ჯგუფის მიგნებები მართებულია, ამ გეიზერებში მარილიანობის დონე შეიძლება დაბალი იყოს, რადგან ისინი დნობადი რეგიონებიდან იფრქვევა, ეკვატორის გარშემო კი წყალო უფრო მლაშე იყოს.
ასევე ცნობილია, რომ აქ, დედამიწაზე, ოკეანის დინებები დიდ როლს თამაშობს საკვებ ნივთიერებათა დისტრიბუციაში. მარილიანობის დონისა და საკვებ ნივთიერებათა გადანაწილების უკეთესად ცოდნა, ენცელადის იმ რეგიონთა გამორკვევაში დაგვეხმარება, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო ხელსაყრელი იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის არსებობისთვის.
ამ ეტაპზე, ენცელადიზე რაიმე მისია დაგეგმილი არ არის. თუმცა, სატურნის მთვარე ტიტანზე გაიგზავნება მისია „დრაგონფლაი“, იუპიტერის ყინულოვან მთვარე ევროპაზე (რომელსაც ასევე აქვს წყლის გეიზერები) კი „ევროპა კლიპერი“; იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრთა საკვლევად ასევე დაგეგმილია ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია JUICE.
ეჭვგარეშეა, რომ წინ საოცარი წლები გველოდება, რომლებიც იუპიტერისა და სატურნის სისტემებში მრავალ გასაოცარ აღმოჩენას გვპირდება.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.