საქართველოს პირველი არხის განცხადება
საქართველოს პირველი არხის განცხადება

პირველი არხი ეხმაურება საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევას, რომელიც ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ორი ქართული ორგანიზაციის – „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა“ და „ინტერნიუს საქართველოს“ მიერ შესრულდა.

გამოქვეყნებული ანგარიშების მიმართ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მთელი რიგი შენიშვნები, რომელთა ძირითადი ადრესატი არის ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.

აღნიშნული ორგანიზაციის საბოლოო ანგარიშები, მანამდე გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშების მსგავსად, ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას, ხელს უწყობს პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ მცდარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და გამოირჩევა მაუწყებლისადმი განსაკუთრებულად არაობიექტური მიდგომებით.

საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებლად მიმდინარე საარჩევნო მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც სისტემატურად ქვეყნდებოდა პირველი არხის ვებგვერდზე, მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, მიმოვიხილავთ ქარტიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მცდარ, არალოგიკურ და გაუმართლებელ ასპექტებს.

ქარტიის მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ღირსებად წარმოგვიდგენენ მათი მონიტორინგის თვისებრივ ნაწილს და ხაზგასმულია, რომ დასკვნითი შეფასებისთვის ეს ძირითად საფუძველს წარმოადგენს. საარჩევნო ეთერის თვისებრივი ანალიზი, მისი შემდგომი პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივით, ცხადია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ არა პირველი არხის შეფასებისას ქარტიის მიერ გამოყენებული სრულიად მიუღებელი მიდგომები.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი საარჩევნო პროცესების გაშუქებისას პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, მათი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე. ქარტიის მიერ სწორედ იმ გადაცემების მონიტორინგი ხორციელდებოდა, რომლებშიც საანგარიშო პერიოდში არაერთხელ გაშუქდა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები. მათ შორის, 4 ოქტომბერს, გადაცემაში „ახალი კვირა“ მომზადდა 15-წუთიანი საპასუხო სიუჟეტი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ პირველი არხის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. საუბარია მარნეულში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე, სადაც სხვა მედიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალდა პირველი არხის ოპერატორი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე დაუმსხვრიეს კამერა. აღნიშნული სიუჟეტი, სხვა არაერთ სიუჟეტთან ერთად, ქარტიის ყურადღების მიღმა დარჩა. სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ იწვევდა პირველი არხის მიმართ სოლიდარობის განცდას და ვერაფრით შეფასდებოდა სამთავრობო სტრუქტურების და მმართველი პარტიის მიმართ არხის ლოიალურ განწყობად, რასაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ყოველ ანგარიშში მუდმივად და უაპელაციოდ უსვამს ხაზს.

პირველი არხის მიმართ ნეგატიური წინასწარგანწყობის და სუბიექტური მიდგომის გამოვლინებად, ასევე, მივიჩნევთ ფაქტს, რომ ერთსა და იმავე ფორმატს, საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბრად დათმობილ დროს, ქარტია სხვადასხვაგვარ შეფასებას აძლევს. „მოამბის“ მისამართით აღნიშნავს, რომ „ეს ფორმატიც ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის ამომწურავ ინფორმირებას“ (გვ. 7, სატელევიზიო ახალი ამბები), მაშინ როდესაც სხვა მედიასთან მიმართებაში „ეს ფორმატი ხელს უწყობდა ამომრჩევლის უკეთ ინფორმირებას“ (გვ. 14, სატელევიზიო ახალი ამბები).

ასევე, არათანმიმდევრული და მიკერძოებულია, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის აქციების გაშუქებას ერთ-ერთი მედიაორგანიზაციის შემთხვევაში საგანგებოდ გამოყოფს და ამგვარად აფასებს: „…აქტიურად აშუქებდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ყველა საპროტესტო გამოსვლას და აქციას – ის ყოველთვის არის მოვლენების შუაგულში და ყველა ოპოზიციურ პარტიას აძლევს საკუთარი მოსაზრების და პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობას“ (გვ. 47, სატელევიზიო ახალი ამბები), მაშინ როცა პირველ არხთან დაკავშირებით იმავე აქციების გაშუქების ფაქტების სრული იგნორირება მოხდა. ანგარიშში არ აისახა „მოამბესა“ და „ახალ კვირაში“ გაერთიანებული ოპოზიციის აქციების პირდაპირი, უწყვეტი ეთერით და გაყოფილი კადრის პრინციპით გაშუქებული აქციები. ნოემბერში მიმდინარე აქციების გაშუქებას პირველმა არხმა მიუძღვნა სპეციალური და არასტანდარტული ქრონომეტრაჟის არაერთი გადაცემა (ჯამში გაერთიანებული ოპოზიციის აქციების პირდაპირი გაშუქების დრო – 20:50:16).

ქარტია, რომელიც მედიაორგანიზაციებს სიღრმისეული გაშუქების ნაკლებობაზე მიუთითებს, თავად გვთავაზობს ზედაპირულ, არაკომპეტენტურ ანგარიშებს, რომელშიც არხის სარედაქციო პოლიტიკისა და სიუჟეტების ანალიზი ამავე სიუჟეტების პერიფრაზს ვერ სცდება, ხოლო მსჯელობა ხშირად არათანმიმდევრულია და წინააღმდეგობაში მოდის მისსავე ლოგიკასთან. მაგალითად, ქარტიის ნარატივის შინაარსობრივ შედეგებად წოდებულ ნაწილში აღნიშნულია, რომ „მოამბის“ სიუჟეტებში საბოლოო, დასკვნითი სიტყვა ეკუთვნის სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს“ (გვ.7, სატელევიზიო ახალი ამბები), რასაც ეწინააღმდეგება მათ მიერ განხილული პირველივე სიუჟეტი დავით გარეჯის საქმეზე. ქარტიის ტექსტში ნათქვამია, რომ „სიუჟეტის ბოლოსკენ წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიციის წევრების წამიანი შეფასებები“ (გვ.8, სატელევიზიო ახალი ამბები). აღსანიშნავია, რომ ქარტია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რადგან რეალურად 16 ოქტომბერს „მოამბის“ სიუჟეტში ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს – სერგი კაპანაძის, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძის კომენტარებს ერთი წუთი დაეთმო, ხოლო სიუჟეტი მთავრდება დაკავებული პირების ადვოკატების არგუმენტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობის შესახებ (1 წუთი და 35 წამი). გამომდინარე აქედან, ქარტიის მიერ ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნა, რომ „პირველი არხის მაყურებელს არ მიეწოდა დაზუსტებული ინფორმაცია დავით გარეჯის საქმის შესახებ და, მათ შორის, არ გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ ეს საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა“ (გვ.9, სატელევიზიო ახალი ამბები), არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამოვლინება.

ანგარიშში ნეგატიურად შეფასდა „მოამბის“ მიერ ორგანიზაციის – „დავასრულოთ“ განცხადების და აქტივობის გაშუქების ფაქტი: „წინასაარჩევნოდ მსგავსი ორგანიზაციის მოწოდებებისა და აქციების ამ ფორმით გაშუქება ცალსახად ქმნის ნეგატიურ ფონს ოპოზიციის საზიანოდ“ (გვ.9, სატელევიზიო ახალი ამბები). სამწუხაროდ, მონიტორინგის პროცესში, ქარტიას ამ შემთხვევაშიც ყურადღების მიღმა დარჩა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ „მოამბე“ სისტემატურად და თანაბრად აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერი ორგანიზაციების აქტივობებს, რითაც ხელს უწყობდა ამომრჩევლის მაქსიმალურ ინფორმირებას. 17 ნოემბერს გაშუქდა ორგანიზაციის – „არ დათმოს“ აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან, სხვადასხვა გამოშვებაში დრო დაეთმო მოძრაობების – „სირცხვილია“ და „შეცვალე“ – აქტივობის გაშუქებას.

არადამაჯერებელია მკვლევარი ორგანიზაციის მცდელობა, პირველი არხის ჟურნალისტების ნეიტრალურ ტექსტში იპოვოს ხელისუფლებისადმი მიკერძოების ნიშნები, ანგარიშში ამის არც ერთი საფუძვლიანი მტკიცებულება არ არის აღნიშნული. ამასთან, ქარტიის მიერ „ქართული ოცნების“ პოზიციის გამეორებად შეფასებული ჟურნალისტის კითხვა – „ეთანხმებით თუ არა ფორმულირებას, რომ გულწრფელი პროტესტი გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ინტერესებისთვის?“ (გვ.12 სატელევიზიო ახალი ამბები) – რეალურად საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

მაუწყებლის გაშუქების ნეიტრალური ტონი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშშიც აღინიშნა. ეუთო/ოდირთან ერთად, მაუწყებლის მიერ საარჩევნო პროცესების გაშუქება დადებითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „წინასაარჩევნო პერიოდი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა“.

აღსანიშნავია, რომ ტოქშოუების შეფასებისას, იგივე ორგანიზაცია – „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, ძირითადად დადებით დასკვნებს აკეთებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „წამყვანი თანაბრად კრიტიკული იყო როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლებლო წარმომადგენლების მიმართ. ტოქშოუ მაყურებელს აძლევდა ამომწურავ ინფორმაციას…“ (გვ.6, სატელევიზიო ტოკ-შოუები) ან „საერთო ჯამში, გადაცემა საზოგადოებისთვის ინფორმაციული იყო“ (გვ.8, სატელევიზიო ტოკ-შოუები), ასევე „საშუალოდ 30 წუთის ხანგრძლივობის პირისპირი ინტერვიუები საკმაოდ დინამიკური იყო. წამყვანი კარგად იყო მომზადებული, ინარჩუნებდა მშვიდი საუბრის ტონს, დელიკატურად აწყვეტინებდა სტუმარს საუბარს და კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უსვამდა მნიშვნელოვან და დროულ კითხვებს“ (გვ.8, სატელევიზიო ტოკ-შოუები). ციტატები მოგვყავს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ განსხვავება ერთსა და იმავე ორგანიზაციაში მომზადებულ ანგარიშებს შორის. მაშინ როცა მკვლევარ ორგანიზაციას აქვს ტოქშოუების მონიტორინგის მსგავსი შედეგები, სატელევიზიო ახალი ამბების შემაჯამებელ ანგარიშში, მთლიანად არხთან მიმართებაში გაკეთებული უაპელაციო დასკვნა „მრავალთვიანი დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არხი ამჟღავნებს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას“ (გვ.7, სატელევიზიო ახალი ამბები) წარმოადგენს არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ და მეტიც, შესაძლოა პოლიტიკური კონტექსტებით მოტივირებული მიდგომების გამოვლინებას, რაც თავისთავად დაუშვებელი და მიუღებელია მედიის მკვლევარი ორგანიზაციისაგან.

თვისებრივ კომპონენტებთან ერთად, სადავოა ანგარიშის რაოდენობრივი მონაცემების სიზუსტეც. ქარტიის მტკიცებით, პირველი არხის ეთერში „ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი დრო დაეთმო, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, აღნიშნული დასკვნა აბსოლუტურად აცდენილია მაუწყებლის შიდა მონიტორინგის შედეგებს და აჩენს მრავალ კითხვას. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, სრულიად გაუგებარია საარჩევნო სუბიექტი – „ნაციონალური მოძრაობა“ დათვლილია, როგორც საარჩევნო ბლოკი თუ როგორც ცალკეული პარტია, ან მიხეილ სააკაშვილისთვის დათმობილი დრო რატომ არ ითვლება „ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებად. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ შიდა მონიტორინგის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დათმობილი დრო, ქარტიის მიერ შერჩეულ, საანგარიშო გადაცემებში, 15 ივლისიდან 21 ნოემბრამდე, არის 49 წუთი და 16 წამი (პირდაპირი 00:10:58, ირიბი 00:38:18) და არა 1 საათი, 21 წუთი და 34 წამი, როგორც ეს ქარტიის ანგარიშშია წარმოდგენილი. გვიჩნდება ეჭვი, რომ ქარტიის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარკვეული ასპექტები მანიპულაციური მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს და არ ემსახურება მედიაში არსებული რეალური სურათის წარმოჩენას.

მანიპულაციის კიდევ ერთ, ცხად დადასტურებას წარმოადგენს ფაქტი, რომ სოციალური მედიის კვლევაში წარმოდგენილი სლაიდი „სუბიექტების გაშუქება პირველი არხის ეთერში“ არ ემთხვევა სატელევიზიო ახალი ამბების ანგარიშის იმავე სლაიდს. სოციალური მედიის ანგარიშის სლაიდზე გამქრალია სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი. განსხვავებულია სხვა სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლებიც (გვ.19 სოციალური მედია).

მანიპულაციურია ანგარიშში ტონის დათვლის შედეგად გაკეთებული დასკვნებიც. ქარტია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არხმა ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი გააშუქა. ქარტიის მსჯელობა გამომდინარეობს მონიტორინგის თითოეული სუბიექტისთვის დათმობილი დროიდან (რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაზუსტია) და უგულვებელყოფს სუბიექტებისთვის დათმობილი დროის თანაფარდობას. სუბიექტების გაშუქების ტონის ანალიზისას, ქარტიის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ნეგატიური გაშუქების ქრონომეტრაჟი (1:21:34 საათის 47%) მეტია „ქართული ოცნების“ გაშუქების ნეგატიურ ქრონომეტრაჟზე (8:52:29 საათის 13%), რაც, ვფიქრობთ, აბსურდული დასკვნაა. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, პირველმა არხმა ყველაზე პოზიტიურად საარჩევნო სუბიექტებს შორის, ნოემბერში გააშუქა პარტია „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (იხ. პირველი არხის ვებგვერდზე 21 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიში). ვფიქრობთ, ჩვენს მიერ განხილული ეს ერთი მაგალითიც კი საკმარისია ქარტიის მიერ ჩატარებული კვლევის არაკვალიფიციურობისა და უპასუხისმგებლობის სადემონსტრაციოდ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, ორგანიზაცია, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრებას, თავად ახდენს პოლარიზებული მედიაგარემოს წახალისებას. ასევე, აძლიერებს ისეთ სტერეოტიპებს, რომელიც საზიანოა მაუწყებლის რეპუტაციისთვის და საფრთხის შემცველი პირველი არხის ჟურნალისტებისთვის.

სამწუხაროდ, ეს ანგარიშები წარმოადგენს მხოლოდ მედიის სუბიექტურ შეფასებას და გვარწმუნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობა, უპასუხონ მედიაში არსებულ გამოწვევებს, განუხორციელებელი რჩება.

დატოვე კომენტარი